დიდ ბრიტანეთში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც ღრუიანი ძვლები ჰქონდა

ცხოველი ტეროპოდების ქვერიგს მიეკუთვნება.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგების ახალი კვლევების თანახმად, ლა-მანშის სრუტესთან ახლახანს აღმოჩენილი 4 ძვალი დინოზავრების ახალ სახეობას მიეკუთვნება. ეს არის ტეროპოდების ჯგუფი, რომელსაც ტირანოზავრი და თანამედროვე ჩიტები მიეკუთვნებიან.

დინოზავრი ცარცულ პერიოდში, 115 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ის 4 მეტრამდე სიგრძის იყო. ნაპოვნი ძვლები დინოზავრის კისერს, ზურგს და კუდს მიეკუთვნებიან. მას სახელი Vectaerovenator inopinatus უწოდეს.

დინოზავრის სახელს კავშირი აქვს ძვლებში არსებულ საჰაერო ღრუებთან. სწორედ ამ ნიშნით მიაკუთვნეს ახალი სახეობა ტეროპოდებს. ეს საჰაერო ტომსიკები ფილტვების გაგრძელებას წარმოადგენდნენ. ისინი სასუნთქი სისტემის ეფექტურობას უწყობდნენ ხელს და ჩონჩხს უფრო მსუბუქს ხდიდნენ. ზუსტად ასე აქვთ თანამედროვე ფრინველებს.

ევროპაში ცარცული პერიოდის ტეროპოდებზე ძალიან ცოტა მონაცემი არსებობს. ამიტომ, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

ცარცული პერიოდი გიგანტური ხვლიკების აყვავების დრო იყო – ზოგიერთი დინოზავრი სიმაღლეში 5-8 მეტრს აღწევდა, სიგრძეში კი – 20 მეტრს.

db85d13dfc1345f7a712506050706e7d.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*