დიდ ბრიტანეთში ქვის ხანის პოლიგამური ოჯახის სამარხი აღმოაჩინეს

საოჯახო სასაფლაოზე 35 ადამიანია დაკრძალული.

ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ინგლისის დასავლეთში, ჩელტენემთან და გლოსტერთან ახლოს, კოტსუოლდის ბორცვებზე არქეოლოგებმა ყორღანი გათხარეს. სამარხში 35 ჩონჩხი აღმოჩნდა. ახლა კი, დნმ-ის ანალიზით ახალი კვლევები ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ მათგან 27 ერთი ოჯახის წევრი იყო. ისინი ბრიტანეთში ძვ.წ. 3700-3600 წლებში ცხოვრობდნენ. დაახლოებით 100 წლით ადრე აქ უძველესი მიწათმოქმედები დამკვიდრდნენ.

უფრო მეტიც, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოჯახის წევრები 5 თაობას წარმოადგენდნენ და ერთი მამაკაცის და ოთხი ქალის შთამომავლები იყვნენ. მიღებული მონაცემების მიხედვით, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ნეოლითის საზოგადოების ზედა ფენებში პოლიგამიური ქორწინება იყო მიღებული.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ბილბაოს უნივერსიტეტის მკვლევარის, ოლადიეს თქმით, ეს ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი გენეალოგიური შტოა. კვლევაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ნიუკასლის, ჰარვარდის და ვენის უნივერსიტეტების მეცნიერები.

საოჯახო სასაფლაოზე მამაკაცებს მამების და ძმების გვერდით კრძალავდნენ. ჰეზლტონ-ნორტის ყორღანს ორი სხვადასხვა უბანი აქვს L-ფორმის კამერებით. ერთ-ერთში შესასვლელი ჩრდილოეთიდან არის, მეორეში – სამხრეთიდან.

მკვლევარებმა მოახერხეს 4 მამაკაცის იდენტიფიცირება, რომელთა დედები ერთ გენეალოგიას მიეკუთვნებოდნენ, მამები კი არა. ოლადიეს თქმით, ისინი შესაძლოა ოჯახში დედებთან ერთად მოვიდნენ, თუმცა, შესაძლოა, ისინი ოჯახის არაწევრი მამაკაცებისგან გაჩდნენ.

ამავე სამარხში აღმოჩნდა სამი ქალის და ხუთი მამაკაცის ნეშტი, რომლებსაც ოჯახთან გენეტიკური კავშირი არ ჰქონდათ. მეცნიერების თქმით, ამ ქალებს ან შვილები არ ჰყავდათ, ან მათი შვილები სხვა ადგილას არიან დაკრძალული.

უცნობია, ვინ არის 5 მამაკაცი, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვთ. ისინი შესაძლოა, ოჯახმა მიიღო ან რაღაც ტიპის ურთიერთობა აკავშირებდათ მათთან, რაც გენეტიკური კავშირით არ აიხსნება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*