ეგეოსური კულტურა

უკვე ვიცით, რომ ევროპულმა კულტურებმა, როგორც ყველა სხვამ, განვითარების სამი საფეხური, სამი ხანა გაიარა: ქვის, სპილენძ–ბრინჯაოსი და რკინისა.

ანტიკურ ცივილიზაციაში ბრინჯაოს ხანიდან (ჩვ. წ–მდე III-II ათასწლეულები) მოყოლებული, გამოიყოფა მინოსური, ანუ კრეტის, ელადური (კონტინენტური საბერძნეთის), თესალიური, დასავლეთანატოლიური (მცირე აზია) და კიკლადური (ეგეოსის ზღვის კუნძულების) კულტურები. ისინი, ჩვენამდე მოღწეულ სხვა ევროპულ კულტურებთან შედარებით, შეიძლება ითქვას, ყველაზე სრულყოფილი სახითაა შემორჩენილი.

ეგეოსურ კულტურას თავისად მიიჩნევდნენ ძველი ბერძნები, თუმცა თავიანთ წვლილს მის ჩამოყალიბებაში მოკრძალებულად იხსენიებდნენ. ბერძნებისათვის ცნობილი ყოფილან ამ კულტურის შემქმნელი ხალხები – პელასგები, კარიელები, კავკონები, ლელეგები…

კრეტამიკენი

1280px-Gortys_R02

კუნძული კრეტა

ეგეოსური კულტურის კუთვნილება იყო მინოსის მაღალგანვითარებული კულტურა, რომელსაც სახელი კნოსოსის ლეგენდარული მეფის მინოსის სახელის მიხედვით ეწოდა. იგი გავრცელებული იყო ბრინჯაოს ხანაში (ჩვ. წ–მდე III-II ათასწლეულები) კუნძულ კრეტაზე. კრეტის კულტურას მკვლევარები მინოსურ კულტურადაც იხსენიებენ.

ბერძნული ლეგენდები და მითები არაერთ გასაოცარ ამბავს უკავშირებენ კრეტას – ეგეოსის ზღვის ამ ულამაზეს კუნძულს. ეთნიკურად ჭრელ, “ასქალაქა კრეტას” თვით ლეგენდარული ჰომეროსიც იხსენიებს.

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ეგეოსური კულტურის წარმოქმნას წინ უსწრებდა ადრეული სესკლოს (ჩვ. წ–მდე  V-IV ათასწლეულები) და შედარებით გვიანი სუბნეოლითური ხანის დიმინის კულტურები (ჩვ. წ–მდე IV-III ათასწლეულები).

კრეტის ლეგენდარული მეფე 

RhadamanthysMinosAiakos

მინოსი

ბერძნული მითოლოგიით მინოსი ზევსისა და ევროპეს ერთ–ერთი ვაჟიშვილი იყო. დაიბადა კუნძულ კრეტაზე. იშვილა კრეტის მეფემ ასტერიონმა. მამობილის სიკვდილის შემდეგ თავად დაიკავა კრეტის სამეფო ტახტი და ცოლად შეირთო მზის ღმერთის, ჰელიოსის ქალიშვილი პასიფაე. მინოსსა და პასიფაეს ჰყავდათ ვაჟი, ანდროგეოსი. ათენის შეჯიბრებებში გამარჯვებული ანდროგეოსი მარათონულმა ხარმა მოკლა. პასიფაემ პოსეიდონისგან (თუ მისგან მიგზავნილი ხარისგან) შვა საშინელი ურჩხული მინოტავროსი, რომელიც მინოსმა დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში დაამწყვდია.

მინოტავროსი ათენელმა გმირმა თეზევსმა განგმირა მინოსის ქალიშვილის, არიადნეს დახმარებით და მის მიერ მიცემული ძაფის გორგლით ლაბირინთიდან გამოაღწია.

ლეგენდარული არქიტექტორი

დედალოსის შესახებ ცნობები შემონახულია გვიანკლასიკურ მითოლოგიასა და ძველ ბერძენ ავტორთა ნაწარმოებებში. სადურგლო იარაღების გამომგონებელი და ხელოსნური ოსტატობის დამამკვიდრებელი ათენელი დედალოსი დახელოვნებული არქიტექტორი და მოქანდაკეც ყოფილა. მას შემდეგ, რაც თავისი მოწაფე და ნათესავი შურის გამო აკროპოლისის მაღალი კედლიდან გადააგდო, დედალოსი აეროპაგში (უხუცესთა საბჭო) დამნაშავედ ცნეს. მან თავს გაქცევით უშველა.

აპოლოდორე გვაუწყებს, რომ ათენიდან გამოქცეულმა დედალოსმა კრეტას მიაშურა და მინოსს სთხოვა მფარველობა. კრეტაში ააგო მან თავისი სწორუპოვარი ძეგლი – ლაბირინთი – და საცეკვაო მოედანი არიადნესთვის.

კნოსოსს სერ ართური ეწვია

დაუდგრომელი შლიმანის გარდაცვალებიდან მესამე წელს გერმანელი არქეოლოგისთვის მიუწვდომელ ამ წაგრძელებულ კლდოვან კუნძულს მდიდარი ინგლისელი მეცნიერი და ნუმიზმატი სერ ართურ ევანსი ეწვია.

2_0_Image2

სერ ართურ ევანსი

ნუმიზმატი კრეტაზე მიწაში ჩამარხული ქონების საძებნელად არ ჩასულა, მას ევროპის კონტინენტზე “სურათოვანი დამწერლობის” სისტემის არსებობის დადასტურება და მისი ნიმუშების აღმოჩენა ეწადა. სერ ართურმა კნოსოსში ადგილ–მამული შეისყიდა და 1900 წელს გათხრები დაიწყო. ვიწრო და გრძელ ქვის საწყობებში მან მალე აღმოაჩინა ასობით დაფა. მეტიც, იგი მიხვდა, რომ ეს საწყობები მხოლოდ ნაწილი იყო რაღაც გრანდიოზული კომპლექსისა.

ცოტაც და… მიწიდან ერთიმეორის მიყოლებით ამოიზიდა უშორესი წარსულის დიდებული აჩრდილები – შენობების, სრა–სახლების, დარბაზების, დერეფნების, კიბეების და სვეტებიანი გალერეების – მთელი ლაბირინთის ნანგრევი.

ეს იყო მსოფლიო მნიშვნელობის ხუროთმოძღვრული კომპლექსის რამდენიმე ნაწილი, რომელთაგან ზოგი 5000 წელს, ზოგი კი მეტსაც ითვლიდა.

კნოსოსის სასახლე

როგორც ცნობილია, ჩვ. წ–მდე XVI საუკუნისთვის ქალაქი კნოსოსი მდებარეობდა კრეტის ჩრდილო სანაპიროებსა და სამხრეთით მდებარე ბორცვებს შორის, იქ, სადაც მდინარე კატსაბა მიედინება. კნოსოსის სასახლე სანაპიროდან 11 კმ–ით დაშორებულ ერთ მომრგვალო ბორცვზე იყო აღმართული.

კნოსოსის, ანუ მინოსის სასახლის ნანგრევები დღესაც გვაოცებენ გრანდიოზულობითა და დიდებულებით. ამ მრავალსართულიან ნაგებობას 16 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი ეკავა. ეგვიპტურ სასახლეთა და ტაძართა მსგავსად, მას მკაცრი სიმეტრიული დაგეგმარება ჰქონდა და ორგანულად ერწყმოდა ბუნებრივ ლანდშაფტს.

Palazzo_Minosse7

მინოსის სასახლე

ქალაქ–სასახლეს მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთით ჰქონდა. დასავლეთით დიდი თეატრონი იდგა. შესასვლელშივე, აღმოსავლეთით, სვეტებიანი დიდი დარბაზი იწყებოდა. მარცხნივ საკუჭნაოები იყო განლაგებული. აქ იდგა უზარმაზარი ტერაკოტული ქოთნები – პითოსები, რომლებშიც პროდუქტებს, ღვინოს, ზეითუნის ზეთსა და წყალს ინახავდნენ. არქეოლოგ ართურ ევანსს, სხვათა შორის, არც ამ ჭურჭლების ტევადობის გამოთვლა დაზარებია – პითოსების საერთო ტევადობა 75 ათას ლიტრს უდრიდა. აღმოსავლეთით, საკუჭნაოტა მოპირდაპირე მხრიდან, სეფე–დარბაზი გადმოჰყურებდა ვრცელ ცენტრალურ ეზოს, რომლის კიდევ უფრო აღმოსავლეთით დიდი კიბე და სამეფო მეგარონი აღემართათ. დიდი ეზოს სამხრეთ–დასავლეთ მხარეზე სამხრეთის პორტიკი – კოლონადებიანი დახურული გალერეა იყო, სულ ბოლოს სამხრეთ–აღმოსავლეთის სახლი იდგა, დასავლეთით კი – დიდი ქურუმისა (სამხრეთის სახლი).

კნოსოსის სასახლის ორივე ნაწილში ასეულობით სათავსი აღმოჩნდა. მათ შორის იყო სააღლუმო–საზეიმო დარბაზები, საცხოვრებელი ოთახები, სამლოცველოები, აუზები, ამფითეატრის – ევროპის კონტინენტზე პირველი თეატრის – ტიპის ნაგებობა, რომელშიც სულ ცოტა 500 მაყურებელი მაინც დაეტეოდა. როგორც ჩანს, აქ იმართებოდა რიტუალური და სპორტულ–საცირკო სახის სანახაობები.

ლაბირინთი

ბერძნულ მითოლოგიაში ლაბირინთი (ბერძ. Labyrinthos) არის ძნელად გასაგნები შენობა, რომელსაც რთული და დახლართული გეგმა აქვს. ასეთ შენობაში ურიცხვი ოთახი და მრავალი შესასვლელ–გამოსასვლელი ყოფილა. ამგვარი ნაგებობა ჰქონიათ ძველ ეგვიპტეშიც (სინამდვილეში ეს იყო ამენემჰეტ III–ის პირამიდას მიერთებული სააკლდამო ტაძარი), რომელსაც დიდი ისტორიკოსი ჰეროდოტე პირამიდაზე მეტად საამაყო და განმაცვიფრებელ ქმნილებას უწოდებდა. როგორც ჩანს, მინოსური ლაბირინთი ტოლს არ უდებდა ეგვიპტურს, თუმცა ჰეროდოტემ მის შესახებ არაფერი იცოდა.

კნოსოსის სასახლე, ისევე როგორც ფესტოს, ზაკროსის, მალიის სასახლეები, პირველად დაახლოებით ჩვ. წ–მდე 1700 წელს დანგრეულა. მას შემდეგ იგი აღუდგენიათ და უფრო გაუმრავალფეროვნებიათ (ე. წ. გვიანი სასახლის პერიოდი).

სახვითი და დეკორატიული ხელოვნება

მინოსურ ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მხატვრულ კერამიკას. მეცნიერული და გეომეტრიული ორნამენტის საოცარი შეხამების შედეგად წარმოიქმნა სრულიად განსაკუთრებული კამარესის სტილი (იმ ადგილის მიხედვით, სადაც ამგვარი კერამიკული ნიმუშები პირველად აღმოაჩინეს).

XVII-XVI საუკუნეებში იცვლება კამარესის მხატვრული მანერა. მეთუნეობის ახალი სტილის მთავარი მახასიათებელია მცენარეული და ზღვის არსებების დეკორი. საყურადღებოა, რომ კრეტულ კერამიკაზე არ ჩანს ადამიანი. სამაგიეროდ, მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფრესკულ ფერწერაში. ერთ–ერთ ასეთ ფრესკაზე გამოსახულ ქალს „პარიზელი ქალიც“ კი შეარქვეს, რადგან „პარიზელი ქალი“ მოდის მომდევნო და კეკლუცი ქალის ერთგვარი სიმბოლო იKnossos_bullყო.

მინოსურმა სკულპტურამ ჩვენამდე მხოლოს მცირე სტატუეტების სახით მოაღწია: ბავშვების, ქურუმი ქალების, ცხოველების, ფრინველების… საინტერესოა სპილოს ძვლისგან დამზადებული 30 სმ სიმაღლის ფიგურა, რომელიც განასახიერებს აკრობატს იმ მომენტში, როცა ის ხარის ზურგს უნდა გადაევლოს. ცნობილია, რომ მინოსელებში დიდად პოპულარული იყო ამგვარი ასპარეზობა. „ხარების სპორტი“ გამოსახულია ჰაგია–ტრიადაში აღმოჩენილ ერთ–ერთ ვაზაზეც.

დამწერლობა

1024px-0726_La_Canée_musée_linéaire_A

ხაზოვანი დამწერლობა A

კრეტაზე დადასტურებული დამწერლობის სხვადასხვა სისტემას შორის უძველესია იეროგლიფურ–პიქტოგრაფიული დამწერლობა (გავრცელდა სავარაუდოდ ჩვ. წ–მდე 1900–1700 წლებში). დამწერლობის ეს სისტემა ძირითადად ქვის, სპილოს ძვლისა და ლითონის ბეჭდებზე შემოგვრჩა.

1280px-NAMA_Tablette_7671

ხაზოვანი დამწერლობა B

არქეოლოგების მიერ კნოსოსის სასახლეში აღმოჩენილი თიხის ფირფიტები კრეტაზე სხვადასხვა დროის დამწერლობის ორგვარი სისტემის არსებობას ადასტურებენ. უფრო ძველი, ჩვ. წ–მდე III ათასწლეულის მიწურულს არსებული დამწერლობის სისტემას „ხაზოვანი დამწერლობა A“ უწოდეს, მეორეს, ჩვ. წ–მდე XV საუკუნით დათარიღებულს კი – „ხაზოვანი დამწერლობა B”. ეს უკანასკნელი 1952 წელს გაშიფრა მაიკლ ვენტრისმა, „ხაზოვანი დამწერლობა A” კი დღემდე ვერავინ ამოიკითხა.

ბევრი მეცნიერის აზრით, ადრეული მინოსური A ხაზოვანი დამწერლობის გასაღები კავკასიურ ენებშია საძიებელი და მისი გაშიფვრა მხოლოდ ამ ენების დახმარებით შეიძლება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*