ეგვიპტეში აღმოაჩინეს კედლის მხატვრობით მორთული სამარხი

ათასწლეულების განმავლობაში სამარხ–კომპლექსში კაშკაშა ფერები არ გახუნებულა.

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ორი ფენომენალური აღმოჩენის შესახებ, რაც ბოლო დროს გაკეთებულა. გასული წლის ბოლოს ქალაქ სოხაგთან ახლოს აღმოაჩინეს 2 ათასი წლის წინანდელი სამარხი. ამ კომპლექსამდე მეცნიერები ძველ არტეფაქტებზე “მონადირეებმა” მიიყვანეს, რომლებიც უკანონო გათხრებს ატარებენ. ბოროტმოქმედები დააკავეს, სპეციალისტებმა კი სამარხი კომპლექსის შესწავლა დაიწყეს.

სამარხი ეკუთვნოდა პტოლემაიოსების პერიოდის, მაღალი რანგის მოხელეს ტუტუს და მის ცოლს. აღმოაჩინეს მხოლოდ მამაკაცის მუმია. ქალის მუმიის ადგილმდებარეობა უცნობია. ეგვიპტის სიძველეთა საქმეთა უმაღლესი საბჭოს მეთაურმა, მუსტაფა ვაზირიმ სამარხს ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა უწოდა: აქ არის უნიკალური კედლის მხატვრობა და ამასთან ნაპოვნის კატების და ფრინველების 50–ზე მეტი მუმია. ეს არის იბისების, არწივების და ქორების მუმიები. ასევე ნაპოვნია თხუნელას მუმია, რომელიც ძველ ეგვიპტეში კაშკაშა დამაბრმავებელი მზის სიმბოლო იყო.

მეორე სამარხი საკარაშია და ის გაცილებით ძველია. მისი ასაკი 4000 წელზე მეტია. იგი აგებულია ფარაონ ჯედკარა ისესის დროს. აქ ქვიშაქვის სარკოფაგში მოხელე ხუვის მუმია იპოვეს. სამარხში უამრავი არტეფაქტია, ხოლო კედლები აქაც კაშკაშა ფერებით ბრწყინავენ.

სამარხში პატარა ზომის დერეფანია, რომლის კედლები მოხატულია “სამეფო” ყვავილებით და ნახატებით. ეს მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრების ან მათთან დაახლოებული პირების სამარხებში გვხვდება. ფარაონ ჯედკარა ისესის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი და მისი გარემოცვის წევრის სამარხის აღმოჩენა იმ ეპოქის შესწავლას უფრო შეუწყობს ხელს.

ნახატების გაშიფვრა გრძელდება, მაგრამ მეცნიერებმა უკვე აღმოაჩინეს თვითონ ხუვის გამოსახულება. ის მაგიდასთან ზის, შემოწირულობების ჩამონათვალი კი აღმოსავლეთის კედელზეა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*