ეგვიპტეში აღმოაჩინეს მოზარდი გოგონას მუმია მზითვით

სამარხების მძარცველებმა რატომღაც აკლდამა არ გახსნეს.

ესპანელი და ეგვიპტელი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი მუმია ხის სარკოფაგში იმყოფებოდა დრა-აბუ-ელ-ნაგას ნეკროპოლში, თანამედროვე ლუქსორთან ახლოს. ძველ დროში ეს იყო ქალაქი თებე – შუა და ახალი სამეფოს დროინდელი ეგვიპტის დედაქალაქი.

სამარხი აღმოაჩინეს მისიის მე-19 სეზონის დროს. ნეკროპოლში დაკრძალული იყო XVII დინასტიის (ძვ.წ. XVII-XVI) სამი ფარაონი. სარკოფაგი მდებარეობდა გამოუწვავი თიხის აგურებისგან აგებული დასაკრძალავი სამლოცველოს გვერდით, სადაც დაკრძალული იყო ჯეხუტი. ის მაღალი რანგის მოხელე იყო, რომელიც მეთვალყურეობდა ხაზინას და ხატშეფსუტის (ძვ.წ. 1508-1458 წწ.) დროს საზოგადოებრივ სამუშაოებს. ხატშეფსუტი სახელგანთქმული ქალი-ფარაონი და ახალი სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მმართველი იყო.

სარკოფაგი დათარიღებულია XVII დინასტიით (ძვ.წ. 1580-1550 წწ.). ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქვემო ეგვიპტის დიდი ნაწილი იდუმალი ჰიქსოსების მმართველობის ქვეშ იყო, ფარაონები კი მხოლოდ თებეს მიდამოებს მართავდნენ.

სარკოფაგი კარგად არის შემონახული: მასზე აღმოჩენილია ბათქაშის და წითელი საღებავის კვალი. გოგონას სიმაღლე 1,59 სანტიმეტრი იყო, ასაკი 15-16 წელი. მუმია ცუდად არის შემონახული იმ სამკაულებისგან განსხვავებით, რომლებიც მასზე არის შემონახული. მუმიას ყურებზე სპილენძის საყურეები უკეთია, თითებზე ორი ბეჭედი, ხოლო ყელზე ოთხი დახვეწილი ყელსაბამი აქვს შებმული. ორი მათგანი მოჭიქული თიხის მძივებისგან შედგება, რომლებზეც ლურჯი ჭიქურია. მესამე – ლურჯი კერამიკული მძივებისგან, მეოთხე კი – მწვანე მინის მძივებისგან არის აწყობილი.

მეოთხე, ყველაზე მდიდრული ყელსაბამი 75 ნახევრადძვირფასი ქვების ნაწილებისგან შედგება (ამეთვისტო, კვარცი, ქარვა), ასევე სკარაბის ამულეტი და ძველეგვიპტური ღმერთის, ჰორის გამოსახულებიანი ამულეტი ამშვენებს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სამკაულები გოგონას საკმაოდ მდიდრული მზითვი იყო, რაც გასაკვირია მოკრძალებული ხის სარკოფაგისთვის. ამას გარდა, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სარკოფაგი ადგილზე დატოვეს უძველესმა მძარცველებმა ისე, რომ იგი არ გაუხსნიათ.

ნეკროპოლის ამ ნაწილში კიდევ 12 მიტოვებული სარკოფაგი აღმოაჩინეს, რაც ძალიან უჩვეულოა. მათი უმეტესობა ქალებს და ბავშვებს ეკუთვნის. არქეოლოგები ფიქრობენ, რომ მძარცველებს ნეკროპოლის სასწრაფოდ მიტოვება მოუხდათ რაღაც მიზეზის გამო.

c786ac1d2a5746869af67d4663de64d6.max-2000x1000

4f78a32901ee40cdb287be46c736a53d.max-2000x1000

5eb52e014f294ecbac0929bbcf38434c.max-2000x1000

9c53c03c71c345649d8faf47dcd1bf1c.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*