ეგვიპტეში აღმოჩენილია ხელუხლებელი სამარხი

კაიროს სამხრეთით არქეოლოგებმა V დინასტიის დროინდელი სამარხი აღმოაჩინეს. ამ დინასტიის ფარაონები ეგვიპტეს ძვ. წ. III ათასწლეულში მართავდნენ.

ეგვიპტის სიძველეთა საქმეთა სამინისტრომ 15 დეკემბერს საკარის სამარხის კვლევების შედეგებზე ისაუბრა. საკარა ძველი სამეფოს დედაქალაქის, მემფისის ნეკროპოლისთან მდებარე დასახლებაა. ეს ადგილი კარგად არის შესწავლილი, ამასთან, საუკუნეების განმავლობაში აქ მძარცველებიც მუშაობდნენ. მაგრამ იგი სიურპრიზებს ახლაც უწყობს მეცნიერებს. სულ ცოტა ხნის წინ აქ აღმოაჩინეს 7 ახალი სამარხი. ერთ–ერთში აღმოჩნდა უნიკალური მუმიები.

სამარხი, რომელზეც ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, ამავე კომპლექსს მიეკუთვნება, მაგრამ მასში მოხვედრა ახლახანს მოხდა.

იგი განსაკუთრებულად კარგად არის შემონახული და მეცნიერებმა დიდი ინფორმაციის მიღება შეძლეს. კედლის მხატვრობის საშუალებით დადგინდა, რომ სამარხი ეკუთვნის ძველეგვიპტელ უზენაეს ქურუმს, სახელად ვახტიეს (Wahtye), მის დედას ცოლს და ოჯახის სხვა წევრებს. იგი V დინასტიის ფარაონ ნეფერიკარას სამეფო კარზე მსახურობდა. ეს ფარაონი ეგვიპტეს ძვ. წ. 2415–2405 წლებში მართავდა.

ქურუმის ერთ–ერთ მოვალეობაში ფარაონის წმინდა ფლოტილიის ზედამხედველობა შედიოდა.

04a07af515759655253124caa9e612ef

ფერადი ნახატები ქურუმის ცხოვრების სცენებს ასახავენ. ასევე გამოსახულია ყოფითი სიუჟეტები, მექოთნეების საქმიანობა, ნადირობა და მუსიკოსების გამოსვლა.

სამარხი სიგრძით 10 მეტრია, სიგანით კი 3 მეტრი. აქვს 50 ნიშა ქანდაკებებით, მათ შორის ქურუმისაც.

ისტორიის უნიკალური ძეგლის კვლევა გრძელდება. მეცნიერები არ გამორიცხავენ ახალ აღმოჩენასაც.

Leave a comment

Your email address will not be published.


*