ეგვიპტეში დაკარგული საგანძური და უმაღლესი ქურუმის მუმია იპოვეს

არქეოლოგებმა ქაიროს სამხრეთით, ელ–მინაის პროვინციაში ხელუხლებელი ძველეგვიპტური ნეკროპოლისი აღმოაჩინეს, რომელშიც რამდენიმე სამარხი და ათეულობით სარკოფაგია. ამას გარდა, სამარხში აღმოჩნდა ძვირფასი ქვები და ეგვიპტელთა წმინდა სიმბოლოები.

კომპლექსი აერთიანებს რამდენიმე შახტსა და საოჯახო სამარხებს. ამ ეტაპზე გათხრების შედეგად უკვე მიაკვლიეს 40 სარკოფაგსა და 8 სამარხს. ასე რომ, მეცნიერებს ბევრი რამ აქვთ ისეთი, რომლის გამოსაკვლევადაც მრავალი წელიწადი დასჭირდებათ.

კალედ ელ–ენანი, ეგვიპტის სიძველეთა მინისტრი: “სულ ცოტა 5 წელიწადი დაგვჭირდება ნეკროპოლისზე სამუშაოდ. ეს ახალი აღმოჩენების მხოლოდ დასაწყისია”.

ერთ–ერთ საფლავში დაკრძალულია ჯეჰუთ–ირდი–ესი – სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაების, თოტის უმაღლესი ქურუმი. ვის ეკუთვნოდა სარკოფაგი, მეცნიერებმა ეს იეროგლიფების გაშიფვრის შემდეგ დაადგინეს. მასზე ასევე ეწერა, რომ ქურუმი “ხუთთაგან ერთ–ერთი დიდებულის” სახელს ატარებდა. ჯეჰუთ–ირდი–ესის მუმიას ბრინჯაოს ყელსაბამი აქვს, რომელიც ლურჯი და წითელი ძვირფასი ქვებით არის შემკული.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ნეკროპოლისში განთავსებული სამარხები და სარკოფაგები ძველი ეგვიპტის გვიანდელ და პტოლემეს პერიოდს განეკუთვნება – ალექსანდრე დიდის გარდაცვალებიდან კლეოპატრას მმართველობამდე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*