ეგვიპტეში 5000 წლის ლუდსახარში აღმოაჩინეს

მას ერთი ციკლის განმავლობაში, დაახლოებით 22 400 ლიტრი ლუდის წარმოება შეეძლო.

ამერიკელმა და ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ძველ ეგვიპტეში ყველაზე ძველი ლუდსახარში აღმოაჩინეს. ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მუსტაფა ვაზირიმ აღნიშნა, რომ აღმოჩენა გაკეთდა აბიდოსში, უძველეს სამარხში, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე უდაბნოში, კაიროდან 450 კილომეტრში.

არქეოლოგების მტკიცებით, ლუდსახარში ფარაონ ნარმერის მმართველობის პერიოდს განეკუთვნება. ფარაონი ნარმერი ცნობილია, როგორც ზემო და ქვემო ეგვიპტის გამაერთიანებელი. სწორედ ის გახდა გაერთიანებული ეგვიპტის პირველი ფარაონი და მან საფუძველი ჩაუყარა I დინასტიას (ძვ.წ. 3150-2613 წწ.).

არქეოლოგებმა 8 დიდი ნაგებობა აღმოაჩინეს. თითოეული მათგანის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე კი – 2,5 მეტრი. თითოეულ ამ ბლოკში ორ რიგად 40 კერამიკული ჭურჭელია განლაგებული. ისინი წყლის და მარცვლეულის მასის გასათბობად გამოიყენებოდა ლუდის წარმოების დროს.

ბრიტანელმა არქეოლოგებმა ასეთი ლუდსახარშის არსებობა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში იწინასწარმეტყველეს, მაგრამ მისი ადგილმდებარეობის აღმოჩენა ვერ მოახერხეს. მკვლევარი მეთიუ ადამსის სიტყვით, ლუდი ძველი ეგვიპტელების სამსხვერპლო წესების დროს გამოიყენებოდა, ამიტომ, სავარაუდოდ, ეს ლუდსახარში რიტუალების ჩატარებასთან იყო დაკავშირებული.

ძველ ეგვიპტეში ლუდის წარმოების დასაბუთების აღმოჩენები ახალი არ არის და ადრინდელმა აღმოჩენებმა ლუდის ხარშვის უძველეს წესს ნათელი მოჰფინეს. ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ჯერჯერობით უძველესია ძველი ეგვიპტის ტერიტორიაზე.

2015 წელს ისრაელის სიძველეთა სამმართველომ განაცხადა, რომ თელ-ავივში მშენებლობის დროს აღმოაჩინეს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომელსაც ძველი ეგვიპტელები ლუდის დამზადების დროს იყენებდნენ. ამ არტეფაქტების ასაკიც დაახლოებით 5000 წელია.

https://www.facebook.com/moantiquities/posts/3821072334605055

Leave a comment

Your email address will not be published.


*