ერანელთა შემოსევები

 

1536 წელს სულთან სულეიმან I სტამბოლში დაბრუნდა და მთავარი ყურადღება კვლავ ევროპას და აფრიკაში დაპყრობებს მიაქცია. ამით ისარგებლეს ერანელებმა: ჯერ 1536 წელს საათაბაგოში სარდალი დივ–სულთან რუმელუ გააგზავნეს. ბრძოლა თმოგვის ციხესთან მოხდა, სადაც ერანელებმა გაიმარჯვეს და ათაბაგობა ყვარყვარეს დაუმტკიცეს, 1538 წელს კი შირვანი დაიპყრეს, 1540 წელს ყარაბაღში შეიჭრნენ, შემდეგ კი შაჰ თამაზი (1524–1576 წწ.) საქართველოსკენ დაიძრა, თბილისს შემოადგა და გამცემლების საშუალებით ქალაქს დაეუფლა. იმავე საშუალებით ბირთვისის ციხე აიღო და იქ თავშეფარებულ ქართველთა უმრავლესობა, ვინც გამაჰმადიანებაზე უარი განაცხადა, ამოჟლიტა.

ლუარსაბ მეფე პარტიზანულ მოქმედებაზე გადავიდა და მტრის მცირერიცხოვან რაზმებს მუსრს ავლებდა.

ეს იყო შაჰ თამაზის პირველი შემოსევა, რომელსაც ორი უარყოფითი შედეგი მოჰყვა. პირველი ის, რომ თბილისი ყიზილბაშებმა დაიკავეს, მეორე კი კახეთის მეფის ლევანის საქციელი, რომელმაც მტერს ნებაყოფლობითი მორჩილება გამოუცხადა და ქართლს დახმარება არ გაუწია.

ქართლში შაჰ თამაზის შემოსევის შემდეგოსმალებმა მას ტოლი არ დაუდეს და იმერეთ–საათაბაგოს წინააღმდეგ ზარბაზნებით და სხვა თანამედროვე იარაღით აღჭურვილი 20 000–იანი ლაშქარი გამოგზავნეს. ბაგრატისთვის ნათელი იყო, რომ ოსმალთა ლაშქარს იგი ვერ აჯობებდა; მან თავი მოიკატუნა, მუსა ფაშას მორჩილება გამოუცხადა და უამრავი საჩუქარი გაუგზავნა, ხოლო როცა მის გულწრფელობაში დარწმუნებული ოსმალები უკან გამობრუნდნენ, დაედევნა, სასტკად დაამარცხა და უამრავი ნადავლიც იგდო ხელთ. მათ შორის უახლესი ზარბაზნები. ეს ბრძოლა 1543 წელს მოხდა.

ამ დამარცხებამ ვერ გააგრილა ოსმალთა აგრესია. 1544 წელს ისინი დიდძალი ჯარით შემოესივნენ საათაბაგოს. ბაგრატმა ქართლის მეფეს ლუარსაბს სთხოვა დახმარება, რომელმაც გაითვალისწინა ოსმალთა ბატონობის სიმძიმე და მის წინააღმდეგ ქართველთა ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობა და დაუყოვნებლივ წამოვიდა ლაშქრით.

ულმობელი ბრძოლა სოხოისტასთან 1545 წელს გაიმართა. სამცხე–საათაბაგოს ჯარის უთანხმოებამ და მესხთა მიერ ბრძოლის ველის მიტოვებამ ოსმალთა გამარჯვება განაპირობა. ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ, ვიდრე ყველა იარაღი არ შემოემტვრათ. ოსმალებმა სამცხე–საათაბაგოს ციხესიმაგრეები დაიჭირეს და ათაბაგობა ქაიხოსრო III–ს (1545–1573 წწ.) მისცეს. ეს იყო სამცხე–საათაბაგოს საბოლოო დაპყრობის დასაწყისი.

სოხოისტას ომის შემდეგ ლუარსაბი ჯავახეთში ძალაუფლებას მაინც ინარჩუნებდა. ამგვარი დამოკიდებულება მას ქაიხოსრო ათაბაგს უპირისპირებდა. ქაიხოსრო ათაბაგი იმასაც მიხვდა, რომ ოსმალები მის სამფლობელოს ასე არ დატოვებდნენ. ერთი მხრივ, ლუარსაბ I–ის, ხოლო მეორე მხრივ, ოსმალტა ძალების საწინააღმდეგოდ მან შაჰ თამაზს დახმარება სთხოვა. უკანასკნელმა ლუარსაბ I–ის საპირისპიროდ ქაიხოსროს სახით მნიშვნელოვანი დასაყრდენი იშოვა, 1547 წელს დიდძალი ჯარით საქართველოში შემოვიდა და ახალქალაქში დაბანაკდა. შაჰის ჯარმა ჯავახეთი დაარბია, შემდეგ კი ქვემო ქართლს შეესია, იქაურობა მოაოხრა და უამრავი ნადავლი და ტყვე იშოვა, მაგრამ ძალაგამოცლილი უკან გამობრუნდა. გზაზე კახეთის მეფე ლევანი და იმერეთის მეფე ბაგრატი დაეწივნენ და მორჩილება გამოუცხადეს.

ქართლის მეფე ლუარსაბ I კვლავ მოუდრეკელი და დაუმორჩილებელი რჩებოდა.

ამასობაში ბაგრატ III განმდგარი ფეოდალების და მთავრების დამორჩილებას ცდილობდა, რაშიც შესამჩნევ წარმატებას ვერ მიაღწია.

შაჰ-თამაზ_I

შაჰ თამაზი (თამაზ I)

1547 წელს ერან–თურქეთის ომი განახლდა. ამით გულმოცემული სამცხე–საათაბაგოს ქართველები აჯანყდნენ და მტერს თავგამოდებული ბრძოლა აჩვენეს, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდნენ და აურაცხელი ზარალი განიცადეს.

ერან–ოსმალეთის პირველი ომის დროს ლუარსაბ I დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. რადგან იცოდა, რომ ქვეყნის ერთიანობას მთავარი საფრთხე სამცხე–საათაბაგოდან ელოდა, მან ერთგული ძალების დახმარებით დაიპყრო მესხეთი, ჯავახეთი, კოლა, არტაანი და ამით ოსმალთა აგრესია შეანელა.

ქაიხოსრო ათაბაგი ერთობ დააფრთხო, ერთი მხრივ, ლუარსაბის გამაერთიანებელმა ღონისძიებებმა, მეორე მხრივ კი ოსმალთა დაპყრობითმა განზრახვებმა და შველისთვის 1551 წელს შაქში მყოფ ერანის შაჰს მიმართა. თამაზსაც ეს უნდოდა, მისი ლაშქარი დაუყოვნებლივ მოედო სამცხე–საათაბაგოს და ჩვეული ულმობლობით დიდი ცოდვა–მადლი დაატრიალა.

ლუარსაბის მომხრე მესხებმა ვარძიას შეაფარეს თავი, მაგრამ სველა არსაიდან იყო. მტერი ხოცავდა და ანადგურებდა ყველაფერს, მათ შორის კულტის მსახურებსაც.

Leave a comment

Your email address will not be published.


*