ერაყში წყალსაცავის ფსკერზე 3500 წლოვანი ციხესიმაგრე იმალებოდა

გვალვამ ძველი ნანგრევები გააშიშვლა.

ერაყის ქალაქ მოსულიდან 40 კილომეტრში მდინარე ტიგრისი, ქვეყანაში ყველაზე დიდი კაშხლით არის გადაღობილი.

გვალვის პერიოდში, წყალსატევში წყლის დონე ყოველთვის კლებულობს. ჯერ კიდევ 2010 წელს ზედაპირზე ძველი ციხე–ქალაქის, კემუნის ნარჩენები გამოჩნდა. ის 1980–იან წლებში დაიტბორა. გასულ შემოდგომას და ზაფხულში წყალმა იმდენად დაიკლო, რომ არქეოლოგებმა გათხრების ჩატარება შეძლეს.

დღეს ეს ტერიტორია ქურთების ავტონომიურ რეგიონს ეკუთვნის. ბრინჯაოს ხანის ბოლოს კი ის მითანიას ეკუთვნოდა. ეს ნაკლებად შესწავლილი სახელმწიფო 3500 წლის წინ ჩრდილოეთ შუამდინარეთს და სირიას აკონტროლებდა.

ძველი ლურსმნული ფირფიტების მიხედვით, კემუნი უძველესი დასახლების მაჰიკუს მეორე სახელწოდებაა. ეს სახელი სხვა, 3800 წლის წინანდელ ტექსტშია მოხსენიებული. მეცნიერები ასკვნიან, რომ კემუნი დასახლებული იყო, სულ ცოტა, 400 წლის მანძილზე. ზუსტი თარიღები გათხრების შემდეგ დადგინდება.

ციხესიმაგრე ტიგროსის სანაპიროზე 20 მეტრის სიმაღლის გორაკზე იდგა და საკმაოდ მძლავრი იყო: თიხის აგურების მასიური კედლების სისქე, ზოგან 2 მეტრია, ხოლო სასახლის კედლების სიმაღლე – 7 მეტრია. ციხესიმაგრის შიგნით მრავალი ნაგებობა იდგა. მათგან 8 ნაწილობრივ გათხრილი და შესწავლილია. ზოგან არქეოლოგებმა კედლის მხატვრობის კვალიც აღმოაჩინეს: ორნამენტის ლურჯი და წითელი ფრაგმენტები.

“ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში ფრესკები ძალიან გავრცელებული იყოსასახლეებში, მაგრამ ძალიან ცოტა შემორჩა” – აღნიშნავს გერმანელი მეცნიერი, დოქტორი ივანა პულიზი.

ყველაზე ფასეული აღმოჩენები 10 თიხის ფირფიტაა ლურსმნული ტექსტებით. მათ თარგმანზე ფილოლოგი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან, ბეტინა ფაისტი მუშაობს – ეს მეცნიერებს დაეხმარება, მეტი შეიტყონ ეკონომიკის, გეოგრაფიის და მითანიის სოციალური წყობის შესახებ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*