ესპანეთში აღმოაჩინეს ის ბრძოლის ველი, სადაც ჰანიბალმა ერთ-ერთი პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა

ამ ბრძოლამ მისი კართაგენული არმიის საუკეთესო სტრატეგის რეპუტაციის გამტკიცებას შეუწყო ხელი.

ლეგენდარული ჰანიბალი ყველაზე მეტად რომაულ მიწებზე თავისი თავხედური და გამარჯვებული ლაშქრობით არის ცნობილი. მაგრამ, მანამდე ორი წლით ადრე, 27 წლის მხედართმთავარი პირენეებზე აწარმოებდა ბრძოლებს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ბრძოლის ველი აღმოჩენილი იქნა ისტორიული და გეოგრაფიული ჩანაწერების წყალობით. ამას არქეოლოგიური გათხრებიც დაერთო თან. ეს ველი მდინარე ტაგის (ესპანურად ტახო) ნაპირზე, თანამედროვე გვადალახარას პროვინციაში მდებარეობს.

ძვ. წ. 220 წელს ჰანიბალმა მნიშვნელოვანი ქალაქები სალამანტიკა და არბოკალა დაიპყრო. უკანა გზაზე მას თავს კარპეტანები – კელტური ტომი დესხა თავს, რომელიც ტახოს აუზის ნაწილში ბინადრობდა. ისტორიული ცნობებით, 25 ათასიანი კართაგენული არმია, რომელსაც 40 სპილო ჰყავდა, მოწინააღმდეგის 100 000-იან არმიას შეეჯახა.

ბრძოლის ადგილს რამდენიმე საკვანძო თავისებურება ჰქონდა, რომელიც ჰანიბალმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მხედართმთავარმა თავიდან აიცილა პირდაპირი შეტაკება და კარპეტანები და მათთან შეერთებული ვაკეები და ოლკადები შეიტყუა მდინარის იმ ერთადერთ უბანში, სადაც შესაძლებელი იყო ფონით გადასვლა.

კარპეტანებმა ჩათვალეს, რომ რიცხობრივ უპირატესობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა და პირდაპირ თავთხელს მიაშურეს, სადაც მათ კართაგენელების ცხენოსნები დახვდნენ.

კავალერიის ფონთან განლაგების გარდა, ჰანიბალმა ბრძანება გასცა, მდინარის გასწვრივ სწრაფად აეგოთ ხის ჯებირი. ამ მოვლენას ძველი რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი აღწერს: “მრავალი მეომარი მდინარემ შთანთქა, სხვები დინებამ წაიყვანა მოწინააღმდეგისკენ, სადაც ისინი სპილოებმა გათელეს. ისინი, ვინც წყალში ბოლოები შევიდნენ, უკან ადვილად მიბრუნდნენ. მაგრამ, სანამ ისინი შეშინებულები ერთად გროვდებოდნენ, ჰანიბალმა მათ გონზე მოსვლა არ აცადა და თავისი ქვეითი ჯარით მოიგერია მდინარის ნაპირიდან”.

გამარჯვებით, შემდეგ კი კარპეტანების დამორჩილებით ჰანიბალმა იბერიის სამხრეთით დაპყრობითი ლაშქრობა დაასრულა. ამიერიდან, ყველა ეს ტერიტორია კართაგენის ბატონობის ქვეშ მოექცა.

ddf9f195ef8648be8537e9a71cada3da.width-630

6ce3a5b3b8cf44c6ae9ccb895de39bcb.width-630

e9d76efac93249b2aaf9425899acd404.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*