ვაჟა–ფშაველას წერილებიდან: ანასტასია თუმანიშვილი–წერეთლისადმი

e18395e18390e1839fe18390-e183a4e183a8e18390e18395e18394e1839ae18390-2

1894 წ. 2 აპრილი

ქალბატონო ანასტასია!

14 მარტს მოწერილი თქვენი ბარათი დღეს, ორს აპრილს მივიღე და პასუხსაც ეხლავე გწერთ. სამდურავსა მითვლით, არ ვიცი, რად და რისთვის? „სხვას კაი მასალას აძლევთ და ჩვენ კი უხეიროსაო. ახლად დაბრუნებულმა რედაქციის წევრმა აკაკიმ დაიწუნა თქვენი მასალაო“ და სხვ. და სხვ.
მე თვითონ დიდად პატივსა ვსცემ აკაკის ნიჭს და მოღვაწეობას, მაგრამ ისე კი არა, არც აკაკის, არც სხვას, რომ საკუთარის თავის პატივისცემაზე ხელი ავიღო, ან საკუთარს მსჯელობაზე, საკუთარს შეხედულებაზე ამა თუ იმ საგანზე. თქვენ კი ნურას უკაცრავად, ბატონო ჩემო, ამ სიმართლის თქმისათვის, სულ სხვაგვარად მოგსვლიათ საქმე. რაც მე მასალა წარმოგიდგინეთ, თქვენ ხომ მიიღეთ ის მასალა და კიდევაც უნდა დაგებეჭდათ, თუ საკუთარს თავს და საკუთარს აზრს რაიმე ფასსა სდებთ. ერთიც ვნახოთ, ხვალმე აკაკიმ ამ „რედაქციის წევრობას“ თავი დაანებოს, მერე მე და თქვენ რაღა გვეშველება? ხომ უნდა ვირბინოთ კარი-კარ და სხვა დამფასებლები ვეძიოთ ამ ლიტერატურულ მასალისა. მაშ რედაქტორობა რადღა გაუჩენია ღმერთსა?..
ეს კი არა, იცით საქმე რაშია? ერთი კარგი ქართული ანდაზა მაგონდება. აი ეს ანდაზა: „იმ მთამ დამაზრო ფეხები, რომელსაც არ მოველოდიო“. მე მეწადა კარგი განწყობილება მქონოდა თქვენს რედაქციასთან, მეშრომა ისე, როგორც ვშრომობდი „ივერია“-ში და, ვხედავ, რომ თქვენთვის უცხო ვყოფილვარ, დიაღ, უცხო და გამოუსადეგარი. თქვენ გიფიქრიათ, ვაჟა-ფშაველამ „ივერიას“ თავი დაანება და ეხლა ჩვენს ხელთ არის, როგორც გვინდა ისე ვათამაშებთო, უკაცრავად! მე სათამაშო ბურთი არ გახლავართ… თუ ჩემი პატივისცემა გაქვსთ ცოტაოდენი მაინც, ეგ მასალა, სუსტიც რომ იყოს, უნდა დამიბეჭდოთ, რადაო? – რომ მკითხოთ, პასუხს არ მოგცემთ. მხოლოდ თქვენ თვითონ იფიქრეთ, რადაც უნდა დაიბეჭდოს, თუნდა „სუსტიც იყოს“. ნუთუ იმდენი აღარაფერი გამიკეთებია ქართულს მწერლობაში, რომ მსაჯულად ჩემის ნაწერებისა და მოპასუხედ მკითხველების წინაშე მე თითონ ვიყო?..
ამიტომ, ბატონო ჩემო, მე ეხლა ჩემს გულისპასუხს გწერთ: მანამ მაგ „სუსტ მასალას“ არ დამიბეჭდავთ, მე თქვენ ვეღარაფერს მასალას ვერ მოგაწვდით. ფული რაც მიმიღია, იმას ისევ მოგართმევთ. ხოლო გთხოვთ, ვინიცობაა-და, არ დაბეჭდოთ, თუ ჩემი ცოტაოდენი პატივისცემა მაინც გაქვსთ, მაგ „უვარგის მასალას“ ნუ დამიკარგავთ მაინც.

თქვენი უმორჩილესი მონა ვ ა ჟ ა – ფ შ ა ვ ე ლ ა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*