ვახტანგ VI და პეტრე I

საქართველოს გაერთიანება განსაკუთრებით იმით იყო გართულებული, რომ იგი ოფიციალური საზავო ხელშეკრულებით (1555 წ. ამასიის ზავი) ორ დამპყრობს შორის იყო გაყოფილი: აღმოსავლეთი ნაწილი ერანის ხელდებულად, ითვლებოდა, სამხრეთ–დასავლეთი – ოსმალეთის. ორი აგრესორისადმი დაპირისპირება საქართველოს არ შეეძლო. საჭირო იყო, საქმეში ჩართულიყო მესამე დაინტერესებული ძალა.

Peter_der-Grosse_1838_PR

პეტრე I

ასეთად ქართველები ახალგაზრდა, ქრისტიანულ, აღმოსავლეთით თავისი სახელმწიფო საზღვრების გაფართოებით დაინტერესებულ რუსეთს მიიჩნევდნენ, რომლის სათავეში იმ დროს ჭკვიანი და ენერგიული პეტრე I იდგა.

რუსეთის იმპერატორმა ურთიერთობა გააბა ქართლის მეფესთან და მას ერანის წინააღმდეგ ერთობლივი ლაშქრობისკენ მოუწოდა. ვახტანგ VI–მ ამ მოწოდებაში თავისი გამაერთიანებელი გეგმების გადაწყვეტის შესაძლებლობა დაინახა და დათანხმდა.

1722 წლის 15 ივნისს პეტრე I–მა ერანის ლასქრობის შესახებ მანიფესტი გამოაქვეყნა.

1721 წლის ნოემბერში ვახტანგ VI–ის მიერ პეტრე I–სადმი მიწერილი ბარათიდან ირკვევა, რომ რუსებსა და ქართველებს შორის ერთობლივი მოქმედების შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო. ქართლის მეფე ენერგიულად ირჯებოდა თანამზრახველთა ძიებისადმი. ამ თვალსაზრისით ყველაზე დაინტერესებული და საიმედო მოკავშირეები სომხები იყვნენ. ვახტანგი მოელაპარაკა სომეხ მელიქებს და ფრთხილად, მაგრამ ენერგიულად შეუდგა სომხური ჯარის ორგანიზებას.

1722 წელს რუსეთის იმპერატორმა ქართველებს კასპიისპირეთში ოპერაციის დაწყება აცნობა.

როგორც კი პეტრე თერგიდან დარუბანდისკენ წამოვიდა, ქართლის ჯარი (რომელიც 40 000 მეომარს ითვლიდა) განჯას ჩავიდა და შირვანს დადგა, სადაც, შეთანხმების თანახმად, ქართული და რუსული ჯარები უნდა შეერთებულიყვნენ.

სამი თვე იდგა ქართული ლაშქარი განჯასთან მოკავშირეთა მოლოდინში, ვიდრე ნოემბერში რუსეთის ელჩი არ გამოცხადდა, რომელმაც პეტრეს მიერ ლაშქრობის მოშლა და მისი მომავალ წელს გადატანა აცნობა.

ქართლის მეფეს სხვა გზა არ ჰქონდა და უკან გამობრუნდა. მისი ოპტიმისტური იმედები რუსთა დახმარებით საქართველოს გაერთიანების შესახებ ერთბაშად ჩაიფუშა. ერანის შაჰი ორგულობისა და ღალატისთვის  ვახტანგის წინააღმდეგ იყო განწყობილი, არრენილი იყო ოსმალეთის სულთანიც იმის გამო, რომ ვახტანგმა მას კავშირზე უარი უთხრა და რუსეთთან ურთიერთობა არჩია.

უკან გაბრუნებულმა პეტრემ შაჰთან მოლაპარაკება ვახტანგს დაავალა. ამ უკანასკნელს უნდა დაერწმუნებინა ერანის გამგებელი, რომ რუსეთის ლაშქრონა ერანის გადარჩენისთვის ეწყობოდა, რომ საქმე ჩაშლილი არ იყო და მომავალ წელს გაგრძელდებოდა და სხვა.

მაგრამ ერანის შაჰის დაყოლიება ადვილი არ აღმოჩნდა.

ახალგაზრდა შაჰ თამაზმა ჯერ კიდევ შაჰ სულთან ჰუსეინის სიცოცხლეში, ქართლის მეფე დახმარებაზე უარის თქმასა და ზოგ სხვა ცოდვაში დაადანაშაულა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება დაიწყო. დავით მეფის გარდაცვალების შემდეგ მან კახეთის ტახტი კონსტანტინეს ჩააბარა, რომელიც, დავითისგან განსხვავებით, სავარაუდოა, შაჰის მითითებით, ვახტანგისადმი მტრულად იყო განწყობილი. ქართლში ურთიერთობა აირია. შინა ფეოდალური ბრძოლა გაჩაღდა, რაც ვახტანგის მდგომარეობას ასუსტებდა. ცოტა ხანში კახეთის გამგებელმა კონსტანტინემ შაჰს ქართლის ტახტიც გამოსთხოვა და მისი პოლიტიკის გატარებას დაჰპირდა.

შაჰის დასტურით თბილისში გამოლაშქრებულ კონსტანტინეს ქალაქის სპარსულმა გარნიზონმაც დაუჭირა მხარი. ვახტანგის წინააღმდეგ ამხედრდნენ განჯისა და ერევნის ხანებიც. მხოლოდ დასავლეთ საქართველო ინარჩუნებდა ქართლის მეფის ერთგულებას. ამავე დროს, არზრუმის ფაშა მას კატეგორიულად, სთხოვდა სულტანის უზენაესობა ეცნო და ტახტის შენარჩუნებას ჰპირდებოდა. რუსეთიდან შეპირებული დამხმარე რაზმის იმედით, ქართლის მეფეყოფილი სამი თვის განმავლობაში ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას, რის შემდეგაც თბილისი დატოვა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*