ვახტანგ VI და საქართველოს გაერთიანების იდეოლოგიური მომზადება

Vakhtang_VI_(European_clothes)

ვახტანგ VI

 

საქართველოს დაშლის დღიდან ცოცხლობდა ქვეყნის გაერთიანების იდეა. ამ იდეის მატარებლად XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ვახტანგ V, შემდეგ კი გამოჩენილი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი გიორგი XI მოჩანს. მთელი თავისი მოღვაწეობით იგი საქართველოს გაერთიანებას ამზადებდა: დამოკიდებულება დასავლეთ საქართველოსადმი, კახეთის შემოერთების ღონისძიებები და სხვა. ამგვარი დასკვნის საშუალებას იძლევა.

მის წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ საქმეს საფუძველს უყრიდნენ, ვახტანგ VI საქართველოს გაერთიანებას ენერგიულად გეგმავდა.

Vakhtang_VI_signature.svg

ვახტანგ VI–ის ხელმოწერა

ქვეყნის გაერთიანების საქმეში ყველაზე რთული უბანი დასავლეთ საქართველო იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პოლიტიკურად იგი სხვა (ოსმალეთის) გავლენის სფეროდ ითვლებოდა. მეორე ის გარემოება იყო, რომ რეგიონში ერთი (იმერეთის) სამეფო არსებობდა, რომელიც ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი, დასავლეთ საქართველოს ხელისუფლის პრეტენზიას არ თმობდა. ამიტომ გაერთიანებისათვის აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკოსთა მეცადინეობა იმერეთის ტახტზე სასურველი კანდიდატის გაყვანისა და აქ ქართლის მფლობელთა გავლენის თანდათანობით გაძლიერებისაკენ იყო მიმართული.

ვახტანგის მოღვაწეობის ე. წ. ჯანიშინობის პერიოდი საქართველოს გაერთიანების იდეოლოგიური და პრაქტიკული მომზადების ხანა იყო. ქვეყნის გაერთიანების იდეოლოგიური საფუძველი ქრისტიანული ეკლესია უნდა ყოფილიყო. საამისოდ შემზადება წინასწარ, საგულდაგულოდ იყო საჭირო, ამიტომ ქრისტიანული ეკლესიის სიწმინდისა და სიმტკიცის საკითხებს ქართველი პროგრესისტები განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდებოდნენ. სამღვდელოების დიდი ნაწილი უკმაყოფილო იყო, როგორც ნიკოლოზ კათალიკოსისა, რომელიც გიორგი XI–ის მხარდამჭერად ითვლებოდა, ისე ნაზარ ალი ხანის ინიციატივით უმაღლეს მღვდელმთავრად აყვანილი ევდემოსისა. პირველს მეტისმეტ სოფლიერებას (საერო ტენდენციებს) უწუნებდნენ, მეორეს კი – რელიგიურ საკითხებში არასაკმაო მომზადებას და ასეთი მაღალი პოსტისთვის შეუფერებლობას.

სულხან-საბა_ორბელიანი

სულხან–საბა ორბელიანი

ამიტომ, ვახტანგის ენერგიული მცდელობით, საეკლესიო კრებამ კათალიკოსად რუსეთიდან ახლად დაბრუნებული თუ ჯანიშინის ინიციატივით ჩამოყვანილი მისი ძმა – დომენტი აირჩიეს (1705 წ.).

ვახტანგის მჩქეფარე მოღვაწეობას, ისევე როგორც მის პატრიოტულ გეგმებს, დიდი დაბრკოლება გადაეღობა. 1711 წელს ჯანიშინი ქართლის ტახტზე ოფიციალურად დასამტკიცებლად ერანში გაიწვიეს, იქ კი მეფობის მიღების პირობად გამაჰმადიანება წაუყენეს. ვახტანგმა კატეგორიული უარი განაცხადა.

 

არის ცნობა, რომ ვახტანგის დიდი ავტორიტეტის გამო შაჰი მზად იყო, იგი ქრისტიანიც დაემტკიცებინა ქართლის მეფედ (ანუ ვალად, როგორც სპარსელები უწოდებდნენ), მაგრამ ამას წინ სპარსეთის უმაღლესი სასულიერო პირები აღუდგნენ.

როგორც აღინიშნა, ვახტანგის მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი საქართველოს გაერთიანება იყო. ეს კი ქრისტიანობის საფუძველზე შეიძლებოდა განხორციელებულიყო, რადგან იმ დროს ქრისტიანობა იყო ის ერთადერთი დუღაბი, რომელიც სხვადასხვა სამეფო სამთავროებად დაშლილ, დანაწილებულა ქართველობას კარგავდა და აერთიანებდა. საქართველოს გაერთიანების დიდი ეროვნული საქმის მეთაურად გამაჰმადიანებული მეფე ვერ გამოდგებოდა, ამიტომ ვახტანგი უკან არ იხევდა, საქართველოში კი მისი დაწყებული დიდი ეროვნული საქმეები იშლებოდა.

Louis_XIV_of_France

ლუი XIV

ამის გამო ქართველმა პროგრესისტებმა მიიჩნიეს, რომ დახმარებისათვის ევროპის ქრისტიანული ქვეყნებისათვის მიემართათ. ამ მიზნით გადაწყდა, იქ მეტად ღირსეული ელჩობა გაეგზავნათ დიდი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და მოღვაწის სულხან–საბა ორბელიანის მეთაურობით. 1714 წელს საბა უკვე ევროპაში იყო. იგი ეწვია რომის პაპს, საფრანგეთის მეფე ლუი XIV–ეს და ზოგადად ერთობლივი ანტიმაჰმადიანური კოალიციის შექმნა შესთავაზა. კონკრეტულად კი იგი 20 ათას თუმანს ითხოვდა, რათა ყაენის კარი მოექრთამა და ვახტანგის ქრისტიანული წესით ტახტზე აყვანა მოეგვარებინა.

ქართველი დიპლომატი ევროპაში დიდი პატივით მიიღეს და რა შედეგს გამოიღებდა მისი ელჩობა, პრაქტიკულად უცნობია, რადგან ამასობაში მისი მთავარი დამხმარე ლუი XIV გარდაიცვალა და ელჩობა იძულებული იყო, ხელცარიელი გამობრუნებულიყო.

ვახტანგი ამ დროს კვლავ ერანში, ნახევრად ტყვეობაში, იმყოფებოდა. თანამებრძოლები მას გამაჰმადიანებას ურჩევდნენ. მაგრამ იგი უარობდა, ვიდრე ამის შესახებ თვით დომენტი კათალიკოსისაგან არ მიიღო ნებართვა. ამის შემდეგ ფორმალურად გამაჰმადიანებულმა ვახტანგმა მეფობა დაიმტკიცა, 1719 წელს სამშობლოში დაბრუნდა, მაჰმადიანობა დაუყოვნებლივ უარყო და შეწყვეტილი სახელმწიფო მოღვაწეობა განაახლა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*