ვახტანგ VI ქართლის სამეფოს სათავეში

1703 წელს სპარსეთში შაჰის სამსახურში გაწვეული ქართლის მეფის, გიორგი XI–ის ნაცვლად ჯანიშინად (რაც მოადგილეს ნიშნავს) მისი ძმისწული, ვახტანგ VI დაინიშნა.

Vakhtang_VI_(1709_print)

ვახტანგ VI-ის პორტრეტი 1709 წელს ქართულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნიდან.

ამ ხანებს დაემთხვა საქართველოს, განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთი ნაწილის, სოციალურ–ეკონომიკური გამოცოცხლება, რაც კავკასიის ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას უკავშირდებოდა და ეს პროცესი უკვე XVII საუკუნეში, მიუხედავად არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, თვალსაჩინო იყო. ვითარების შემდგომ გაღრმავებას კი არსებითად შეუწყო ხელი ახალგაზრდა ჯანიშინის მრავალმხრივმა და მრავლისმომცველმა მოღვაწეობამ. ბევრ სხვა წარმატებასთან ერთად, მის სახელთანაა დაკავშირებული ქვეყნის აშკარა და თვალსაჩინო ეკონომიკური დაწიანაურება: მისი ხელმძღვანელობით და ენერგიული ზომებით ივსებოდა დიდი ხნის წინ დაცლილი სოფლები თუ მხარეები, იგებოდა სასახლეები და ქარვასლები, უმჯობესდებოდა და მრავლდებოდა გზები და ხიდები, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მორწყვის სისტემას. გაჰყავდათ ახალი არხები და ხდებოდა მოძველებულთა აღდგენა. ყურადღება ექცეოდა ფულის მოჭრის საქმის გაუმჯობესებას.

გაცხოველდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საერთო კავკასიის ხალხების ეკონომიკური დაკავშირებისთვის.

საქართველოს ქალაქები კვლავ ინარჩუნებდნენ წამყვან მნიშვნელობას კავკასიის როგორც საგარეო, ისე საშინაო ვაჭრობაში. უკანასკნელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ერთიანი ქართული ბაზრის ფორმირებისთვის.

საქართველოს საერთო სამეურნეო ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს, მათ შორის მტრის ხელთ მოქცეული, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორებული პუნქტები.

ამრიგად, ქართული სავაჭრო–სახელოსნო კაპიტალის ეგიდით ერთიან სამეურნეო ცხოვრებაში ებმეოდა მთელი კავკასია, რომლის ცენტრი და წარმმართველი საქართველო და საკუთრივ თბილისი იყო.

საქართველოს სათავეში მოქცეულმა 28 წლის ვახტანგმა პირველ რიგში თავისი წინამორბედის, ერეკლე I–ის (დავითის ძე, ანუ ნაზარ ალი ხანი) მიერ სპარსულად გარდაქმნილი ქართლის სამეფოს მართვა–გამგეობა ისევ ქართულ ნიადაგზე მოაქცია.

ახალმა მმართველმა მოღვაწეობა მწარმოებელი მოსახლეობის ბედზე დაფიქრებით და მათი ინტერესების გათვალისწინებით დაიწყო. იგი სოციალური საკითხის გადაწყვეტას უპირველესად ბატონსა და გლეხს შორის ურთიერთობის მოგვარებით შეეცადა.

მან შეზღუდა ფეოდალთა თვითნებობა და კანონმდებლობით მოაწესრიგა ბატონისა და ყმის ურთიერთდამოკიდებულება, პირველ რიგში კი სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა “ტყვის სყიდვის” ბარბაროსულ სენს.

განსაკუთრებით დიდი და ნაყოფიერი ღვაწლი ახალგაზრდა მმართველმა ქართული სამართლის გამართვაზე გასწია და დაუღალავი შრომის შედეგად შეადგინა საკუთარი სამართლის კოდექსი, რომელიც, სპეციალისტების აზრით, არათუ უტოლდებოდა თანადროული ევროპის იურიდიული მეცნიერების განვითარების დონეს, არამედ ზოგჯერ წინაც უსწრებდა მას.

ვახტანგის მრავალფეროვან და ნაყოფიერ საქმიანობაში გამორჩეულ მნიშვნელობას სამართლის წიგნის შექმნას ანიჭებდნენ და ხალხმა მას ამიტომ უწოდა “რჯულმდებელი”. ეს სახელი მან ღირსეულად დაიმსახურა, რადგან ვახტანგის კანონთა წიგნი თითქმის ორი საუკუნის მანძილზე მთავარი იურიდიული კოდექსის ფუნქციას ასრულებდა მთელ საქართველოში.

კულტურის დარგში ვახტანგის მოღვაწეობიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი სტამბის დაარსება, რომელიც თბილისში, 1704 წელს მოეწყო, რამაც წიგნის დამზადების და გავრცელების საქმე მნიშვნელოვნად გაზარდა. აქ, საეკლესიოს გარდა, საერო წიგნების ბეჭდვაც დაიწყეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველი იყო უკვდავი “ვეფხისტყაოსანი”. სტამბის გამართვა იყო ეპოქის უდიდესი მონაპოვარი, რომელიც ხელს უწყობდა ქართული სიტყვიერების, განათლების, კულტურის მასობრივ გავრცელებას.

ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე ხელისუფალთ კარგად ესმოდათ ისტორიის აღმზრდელობითი და სამაგალითო როლი მასების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში, ეროვნული თვითშეგნებისა და სიამაყის გრძნობის ჩამოყალიბებაში. ამიტომ ქართული ისტორიის თანადროული მეცნიერების მიღწევების დონეზე გამართვა დროის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა იყო.

XVIII საუკუნის I მეოთხედი გარდატეხის ხანაა ისტორიის, ისევე როგორც სხვა მეცნიერებათა განვითარებაში. ვახტანგის ინიციატივით შედგენილი იქნა ე. წ. “სწავლულ კაცთა კომისია”, ბერი ეგნატიშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც უნდა გაემართა ისტორიის არსებული ტექსტი და გაეგრძელებინა იგი XVIII საუკუნემდე. ამასთან, სეევსო ქართულ და უცხოურ წყაროებში დაცული ცნობებით.

ასე შეიქმნა ქართველთათვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ნაშრომი, რომელიც “ახალი ქართლის ცხოვრების” სახელიტაა ცნობილი.

თუ დიდ დავით აღმაშენებელს არ ჩავთვლით, უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ მეფე ვახტანგ VI–ს საქართველოს ვერც ერთი მეთაური ვერ შეედრება.

ვახტანგის და მისი თანამებრძოლების მჩქეფარე და დაუღალავმა მოღვაწეობამ ქართლი და საქართველოს სხვა პროვინციებიც, სოციალურ–ეკონომიკური და კულტურულ–პოლიტიკური თვალსაზრისით, თანამედროვე ეპოქის შესაბამის პროგრესის გზაზე დააყენა. ამ მხრივ მათ ჩამოიტოვეს მის გარშემო შემოჯარული მტრული სახელმწიფოები თუ პროვინციები და დასავლეთის მოწინავე ქვეყნების მსგავს განვითარების მიმართულებას ეზიარნენ.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*