ვენეციაში მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხმალი აღმოაჩინეს

იარაღის ასაკი 5000 წელია.

უჩვეულო ნივთი ფილოსოფიის დოქტორმა და კაფოსკარის უნივერსიტეტის ასპირანტმა, ვიტორია დელ არმელიანომ აღმოაჩინა. ის სან-ლაზარო-დელი-არმენის მონასტრის მუზეუმის ექსპონატებს ათვალიერებდა. და შუასაუკუნეების არტეფაქტებს შორის ხმალი დაინახა. მას ასეთი იარაღი ადრეც ჰქონდა ნანახი და ის შუა საუკუნეებზე გაცილებით დიდი ხნის იყო.

სამეცნიერო ანალიზმა მისი ეჭვი დაადასტურა: ხმალი ჩვ. წ. აღ-მდე 3000 წლის წინ იყო დამზადებული. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხმალია. მღვდელმა სერაფინო ჯამურლიანიმ მუზეუმის არქივები შეისწავლა და გაარკვია, რომ ხმალი თურქეთის პროვინცია სამსუნში იპოვეს და ვენეციაში ტრაბზონიდან XIX საუკუნის შუახანებში მოხვდა. ის მონასტერს ერთმა კოლექციონერმა შესწირა.

ხმალი დამზადებულია დარიშხანიანი ბრინჯაოსგან – შენადნობისგან, რომელიც ბრინჯაოს ხანამდე გამოიყენებოდა. ეს არის სპილენძის და დარიშხანის შენადნობი, მაშინ, როცა მოგვიანებით, ბრინჯაოს ხანაში დაიწყეს სპილენძის და კალის შენადნობის გამოყენება.

ამ ტიპის ხმალი გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ანატოლიის, ევფრატის ზემო დინებისა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო რეგიონებში.

მსგავსი იარაღი აღმოჩენილი იყო ხეთების მნიშვნელოვანი დასახლების, არსლანტეპეს სამეფო სასახლეში. ეს დასახლება ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში დაარსდა.

ხეთური ხმლისგან განსხვავებით, ვენეციური ხმალი არ არის გაფორმებული და არანაირ წარწერას არ შეიცავს.

არქეოლოგები ფიქრობენ, რომ არტეფაქტი შესაძლოა ნამდვილი საბრძოლო იარაღი ან ცერემონიალური ხმალი იყოს რომელიმე სამარხიდან.

ხმლის რეალური ისტორია ამ დრომდე უცნობია, მაგრამ მეცნიერები იმედს არ კარგავენ, რომ არტეფაქტის წარსულს ნათელს მოჰფენენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*