ვითარება კავკასიაში თემურ ლენგის სიკვდილის შემდეგ

Featured image

შავბატკნიანთა ირანი

1405 წლის 18 თებერვალს გარდაცვლილ თემურ ლენგს ამდენი სისხლითა და ნგრევით შეკოწიწებული იმპერია თან გადაყვა. თემურის დასუსტებულ მემკვიდრეთა წინააღმდეგ გიორგიმ განმათავისუფლებელი ბრძოლა გააჩაღა. მან საქართველოს ციხეებიდან განდევნა იქ ჩაყენებული თათრული გარნიზონები და ქვეყნის გარეთაც კი გაიწია.

თემურის გარდაცვალებისთანავე მის იმპერიაში ტახტისთვის ცხარე ბრძოლა გაჩაღდა, რამაც ეს იმპერია დაშლამდე მიიყვანა. ამ ბრძოლაში ჰულაგუინთა ერანში გაბატონებისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უფლისწული მერან–შაჰი და მისი ვაჟები, ომარი და აბუბექრი.

ამ ბრძოლით ისარგებლეს ამიერკავკასიის ხალხებმა და თემურიანთა ბატონობის გადაგდება განიზრახეს. ამ მოძრაობის მეთაური გიორგი VII იყო.

თავდაპირველად იმერეთიდან გადმოსული მეფე თავისი გაპარტახებული ქვეყნის მოწესრიგებას შეუდგა. შემდეგ ქვეყნის გარეთ პოზიციების განმტკიცებაც დაიწყო. 1405 წელს ქართველებმა ნახიჭევანსა და განჯაში ილაშქრეს. მათ წინააღმდეგ მერან–შაჰის ვაჟმა ომარმა ჯარები გაგზავნა. არსებობს ცნობა, რომ ომარის ლაშქარი თავდაპირველად 5000 კაცს ითვლიდა, მაგრამ გზადაგზა მას მომხრეები შეუერთდნენ და მისმა რიცხვმა 15 000 მიაღწია. გიორგი VII–მ არმიას 5000–იანი შენაერთი დაუპირისპირა, მტერი სასტიკად დაამარცხა და თავრიზისკენ გადარეკა.

გიორგის მეფობის ბოლო ხანებში საქართველოს მდგომარეობა კვლავ გართულდა: ამ დროს ამიერკავკასიაში შავბატკნიან თურქმანთა ჯარები შემოიჭრნენ თემურ ლენგის იმპერიის დაკავების განზრახვით. მათ გიორგი VII გადაეღობა და ამ ბრძოლაში იგი დაიღუპა.

1407 წელს გამეფდა გიორგის ძმა კონსტანტინე. მისი ხანმოკლე მეფობა ბედნიერი არ ყოფილა (1407–1412 წწ.).

თემურ ლენგის ბატონობის დროს შავბატკნიანთა მეთაური ყარა იუსუფი, ეგვიპტეში იყო თავშეფარებული. მრისხანე მტრის სიკვდილის შემდეგ იგი აზერბაიჯანში დაბრუნდა. დაამარცხა თემურიანი სულთნები, 1410 წელს საფუძველი ჩაუყარა შავბატკნიან თურქმანთა სახელმწიფოს და საფრთხე შეუქმნა საქართველოს. მანამდე მან მორჩილება მოსთხოვა შარვან შაჰ შეიხ იბრეიმს, რომელიც თვითონ ცდილობდა, აზერბაიჯანი დაეკავებინა. უკანასკნელმა დახმარება საქართველოს მეფეს სთხოვა, რომელმაც თანხმობა განუცხადა.

შეერთებული ლაშქარი, რომელშიც 2000 ქართველი მონაწილეობდა, მტკვრის ნაპირას გამაგრდა. ყარა იუსუფმა დამცველთა სტრატეგიული შეცდომით ისარგებლა, გადალახა მტკვარი, სეიჭრა დამცველთა განლაგებაში და სასტიკად დაამარცხა ისინი. კონსტანტინე მეფე 300 მეომართან ერთად ტყვედ ჩავარდა, ყარა იუსუფის ბრძანებით, ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის კონსტანტინე მეფეც, რომელსაც თავი მოკვეთეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*