ვითარება XVI საუკუნის დასავლეთ საქართველოში

XVI საუკუნის დასავლეთ საქართველოში მომწიფდა დეგრადაციის ის ძირითადი ნიშნები, რომლებმაც არსებითად განსაზღვრეს XVII საუკუნის დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ–კულტურული და სამეურნეო დონე და ხასიათი. უმნიშვნელოვანესი ქართული რეგიონი ოსმალო აგრესორების თავდასხმებისა და ჩაგვრის ობიექტი იყო და ეს მოვლენა ერთგვარ ლეგიტიმურობასაც იძენდა ერანსა და ოსმალეთს შორის 1555 წელს გაფორმებული ზავის საფუძველზე, რომელმაც დასავლეთ საქართველო ერთგვარად ოსმალეთის წილხვედრ ქვეყნად აღიარა ისე, რომ ქართველებისთვის აზრი არ უკითხავთ.

ამას ერთვოდა მწვავე ფეოდალური შუღლი, სადაც ფაქტობრივად არ იყვნენ მოკავშირეები და ყველა ყველას ებრძოდა: იმერეთის მეფე, გურიის, სამეგრელოს მთავრები. მართალია, იმერეთის მეფე დასავლეთ საქართველოზე ფორმალურ პრეროგატივას (მეფობას) ხელიდან არ უშვებდა და ყველა მთავარს თავის ქვეშევრდომად თვლიდა, მაგრამ ფაქტობრივად მისი უზენაესობა უმეტესად ილუზორული იყო და ზოგჯერ ისეთი სიტუაციებიც კი იქმნებოდა, როცა არათუ მთავარი, ცალკეული თავადიც იმერეთის მეფეზე ძლიერი იყო და სამეფოს მართვაშიც კი ცდილობდა ჩარევას.

ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაწყებული “ტყვეთა სყიდვის” ბარბაროსული პროცესი XVII საუკუნეში აყვავდა. მასში მონაწილეობდა ყველა, ვისაც კი ხელი მიუწვდებოდა: თავადი, აზნაური, გლეხი, ერი თუ ბერი. დამღუპველმა საქმიანობამ ოსმალეთის წაქეზებით და ხელშეწყობით ამ დამპყრობლებთან ურთიერთობის ფორმა მიიღო და ერთგავარად კანონის, ზევითად იძულების სახითაც კი მოგვევლინა. ურთიერთ ხოცვას, ძარცვას, მამულების, ციხეების და თვით ცოლების მოტაცებას ხომ საზღვარი არ ჰქონდა.

ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, გაღრმავდა სამეფოს დაშლა, სამთავროების გამოყოფა და ურთიერთდაპირისპირება. ოდიშმა და გურიამ იმერეთის სამეფოსგან დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ XVI საუკუნეში მოიპოვეს, რაც შეეხება აფხაზეთს, აქ გამორჩეულად დაძაბული ვითარება შეიქმნა. ჯიქ–აფხაზთა (აფსუათა) ჩამოსახლების XV საუკუნეში დაწყებულმა პროცესმა XVII საუკუნეში მასობრივი, ჩამოყალიბებული სახე მიიღო. სამეფოს დაშლის მიმდინარეობამ და ამ პროცესში საკუთარი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვამ აფხაზეთის გამგებლობას უბიძგა, აქტიურად შეეწყო ხელი ამ ანტისახელმწიფოებრივი, პარტიკულარისტული მოძრაობისათვის. მთის დაბალგანვითარებული მოსახლეობის ჩამოწოლამ ერთი მხრივ, გააძლიერა კუთხის (საერისთაოს) სამხედრო ფიზიკური შესაძლებლობები, მეორე მხრივ, გამოკვეთა მისი ცენტრთან კულტურულ–პოლიტიკური და დაშორიშორება. ანუ აფხაზეთის ახალი არაერთგვაროვანი (კულტურული თვალსაზრისით) მოსახლეობა ვერ შეერწყაცენტრის კულტურული, პოლიტიკური, რელიგიური და სხვა თვალსაზრისით.

მოსახლეობით გამრავლებულ და ფიზიკურად გაძლიერებულ კუთხეს აღარ სურდა ჩატეულიყო კულტურულ დაწინაურებული ოდიშ–სამეგრელოს ფარგლებში (ჩარჩოებში).

Levan_II_Dadiani

ლევან II დადიანი (კასტელი)

ქართული სამთავროების ერთობლივი ცდა, წინ აღდგომოდნენ აფხაზთა დაპირისპირების პროცესს, მარცხით დამთავრდა.

XVII საუკუნეს დასაწყისში შერვაშიძის სახლმა წარმატებული ბრძოლა გააჩაღა დადიანთა დამთრგუნველი მმართველობის წინააღმდეგ და შეძლო დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბებულიყო, რომლის ცენტრი ზუფუ იყო, ოდიშთან საზღვარი კი კოდორზე გადიოდა.

მიუხედავად გარკვეული მარცხისა, სამეგრელომ რეგიონში მაინც შეინარჩუნა წამყვანი პოზიცია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დადიანთა პოლიტიკური დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების პარალელურად ეს გვარი მაინც რჩებოდა ქართული კულტურის მატარებლად ენით, სარწმუნოებით, რელიგიით და სხვა.

მიუხედავად ცალკე სამთავროდ გაფორმებისა, ლევან დადიანმა მაინც შეინარჩუნა აფხაზეთისადმი ერთგვარი ზემდგომი მდგომარეობა (ხარკის შეწერა და სხვა).

მისი გონებამახვილი, ენერგიული, თვითნება, დაუნდობელი, გულღვარძლიანი, მომხვეჭელი და ულმობელი მთავრის, ლევან დადიანის პოლიტიკა ფაქტობრივად განსაზღვრავდა მთელი რეგიონის ცხოვრებას. იგი იმდენად აღზევდა, რომ მთელ ქვეყანაში ბატონობას და თვით მეფობასაც კი უმიზნებდა.

ქართველების ურთიერთდაპირისპირებისა და ბრძოლის ვითარებაში სამეფო სამთავროები გაჭირვებისას საშველად ისევ ოსმალეთს მიმართავდნენ. ისიც უშუალოდ ერეოდა მათ ურთიერთობაში და, შესაბამისად, თავის გავლენასაც აძლიერებდა. ამის საფუძველზე XVII საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს მთავრებმა, ხოლო შემდეგ იმერეთის მეფემაც, ოსმალეთის სასარგებლოდ ხარკის გადახდა იკისრეს. ხარკის რაოდენობა ცალკეულ მათგანთან განსხვავებული იყო. საერთო იყო ის, რომ მისი რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*