“ვოიაჯერმა” მზის სისტემის განაპირას წნევა გაზომა. მონაცემები 14 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან გამოიგზავნა

1977 წელს გაშვებული კოსმოსური აპარატი მონაცემებს კვლავ გამართულად გადმოსცემს მშობლიურ პლანეტაზე.

მეცნიერებმა მზის სისტემის გარე უბანზე – ჰელიო გარსზე ნაწილაკების საერთო წნევა გაზომეს. ამ უბნის შესწავლის სირთულეს მანძილი იწვევს – ჰელიო გარსი დედამიწიდან 14 მილიარდ კილომეტრზეა დაშორებული. მაგრამ “ვოიაჯერის” უნიკალურმა მდებარეობამ ამის საშუალებაც მოგვცა.

დედამიწის ატმოსფერული წნევა ჰაერის მოლეკულებით წარმოიქმნება, რომლებსაც გრავიტაცია იზიდავს.კოსმოსში არსებობს ასევე წნევა, რომელსაც იონები და ელექტრონები წარმოქმნიან.

მზისგან გამთბარი და აჩქარებული ეს ნაწილაკები ჰელიოსფეროს გიგანტურ ბურთს ქმნიან, რომელიც მილიონობით კილომეტრზეა გადაჭიმული.

წნევა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტები მოელოდნენ. მზის სისტემის საზღვარზე ბგერის, წნევისა და სიჩქარის შესწავლა მეცნიერებს დაეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ მოქმედებს მზე ვარსკვლავთშორის სივრცეზე. ეს მხოლოდ ჩვენი სისტემის შესწავლას კი არ შეუწყობს ხელს, არამედ სხვა ვარსკვლავებისა და პლანეტარული სისტემების შიგნით მიმდინარე ცვლილებებისა და ახალი პროცესების შესწავლის საშუალებას მისცემს მეცნიერებს.

“ვოიაჯერ 1” 1977 წელს გაუშვეს. ის ისტორიაში პირველი კოსმოსური აპარატია, რომელმაც მზის სიტემის საზღვრებს მიაღწია და გასცდა კიდეც მას. მან ასევე პირველმა გადაიღო იუპიტერისა და სატურნის ხარისხიანი ფოტოები და ისინი დედამიწაზე გამოაგზავნა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*