თეიმურაზ II–ისა და ერეკლე II–ის საგარეო პოლიტიკა

რუსეთიდან დახმარებაზე უარის მიღების შემდეგ ყიზილბაშთა ჯარის სარდალმა სეთი ხანმა აჯანყების მოთავეებს პატიება, ყაენთან შუამდგომლობა და ხარკის შემცირება აღუთქვა და მოსალაპარაკებლად თავისთან მიიწვია. შემდეგ სიტყვა გატეხა, მისულები დააპატიმრა და ისპაანში ნადირ შაჰთან გააგზავნა. მათ შორის მოხვდა თეიმურაზ II–ც.

ნადირ შაჰმა თეიმურაზი ისპაანში წყალობით მიიღო. საფიქრებელია, რომ მისთვის ცნობილი იყო კახეთის მესვეურთა იმდროინდელი სკეპტიციზმი რუსეთის მიერ საქართველოს სპარსთაგან განთავისუფლების ხელშეწყობაზე, რაც ასე პოპულარული იყო სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებში. ამასთან, ქართველთა გაუთავებელმა აჯანყებებმა ერანის მბრძანებელს ერთგვარი დათმობის განწყობა გაუღვიძა. მან თეიმურაზს კახეთის ტახტზე დამტკიცება შესთავაზა, ამასთან, ვაჟის, ერეკლეს, და ქალიშვილის ერანში გაგზავნა მოსთხოვა.

კახელი პოლიტიკოსები 15 წლის ერეკლეს გაგზავნას არ გაუპირდნენ, რადგან ამის შემდეგ ქვეყანა უმეთაუროდ რჩებოდა. მაგრამ საკითხი თვით ახალგაზრდა ბატონიშვილის პრინციპულმა პოზიციამ გადაწყვიტა: “მამაჩემი იქ უნდა ჰყვანდესთ და ჩემის იქ მისვლით გამოუტოვებდნენ და მე ამაზე დავბრკოლდე… ჩემგან სეუძლებელი არისო”, განუცხადებია მას.

1737 წლის თებერვალში ბატონიშვილები ერანს გაემგზავრნენ, მარტში კი შაჰთან გამოცხადდნენ. ნადირმა ქალიშვილი თავის ძმისშვილს მისცა ცოლად. ერეკლე თავისთან დაიტოვა, რათა ინდოეთის ლაშქრობაში ხლებოდა, თეიმურაზს კი კახეთის მეფობა დაუმტკიცა და საქართველოში გამოისტუმრა.

თითქმის ორნახევარი წელიწადი დაჰყო “პატარა კახმა”, როგორც მას ახალგაზრდობის გამო საქართველოში სიყვარულით ეძახდნენ, ნადირთან. 1739 წლის 28 მაისს შაჰმა სახელოვნადნამსახური ბატონიშვილი დიდი ქებით და საჩუქრებით სამშობლოში გამოისტუმრა.

ქართლში კახ პოლიტიკოსთა პოზიციების განმტკიცება.

Heraclius_II_of_Eastern_Georgia

ერეკლე II

XVIII საუკუნის 40–იან წლებში ქართლში ფეოდალთა დიდი დაპირისპირება შეიმჩნეოდა. ვერაგი ნადირი ამ გარემოებით მოხერხებულად სარგებლობდა. 1741 წელს მისი დავალებით გივი ამილახვარმა ურჩ ქსნის ერისთავს შეუტია, დაამარცხა და ახალციხეში გააქცია. ქსნის საერისთავო კი შეიერთა, რითაც თავისი ძალაუფლება დიდად განავრცო.

თეიმურაზი ამ დროს დაღესტნელთა წინააღმდეგ იბრძოდა.

1741–1742 წლებში გაზრდილი გადასახადების გამო ქართლში სპარსელტა წინააღმდეგ დიდი აჯანყება მზადდებოდა. მასში მონაწილეობა თეიმურაზსაც შესთავაზეს, მაგრამ მან თავი შორს დაიჭირა. ნადირ შაჰთან დაპირისპირება იმ დროს მას არავითარ სიკეთეს არ ჰპირდებოდა.

XVIII საუკუნის 40–იან წლებში სამხრეთ კავკასიაში სპარსელთაბატონობის დასაყრდენი ფუნქცია კახეთმა იკისრა. ეს თეიმურაზის და თამარის მოფიქრებული საქართველოს გაერთიანების გეგმის ნაწილი იყო. სპარსელთათვის განსაკუთრებით მძიმე ვითარება ქართლში შეიქმნა, რის მოწესრიგებასაც ერანის მმართველი კახეთის ენერგიული მეფე–დედოფლის ძალისხმევით ვარაუდობდა. გამოცენილ ერთგულებას კი ცალკეული შემომტკიცებული საფეოდალოების სამართავად გადაცემით უნაზღაურებდა.

1742 წელს არაგვის ხეობაში დაწყებული აჯანყება ბეჟან ერისთავმა გივი ამილახვრის დახმარებით ჩააქრო. ამას მოჰყვა ნადირ შაჰისა და ქართლის ხელისუფალთა თათბირი, ქართლში სპარსელთა ბატონობის ერთგვარი შერბილება, შემდეგ კი არაგვის ხეობელთა მეორე აჯანყება, რომელმაც თეიმურაზ კახთა მეფის მხარდაჭერით გაიმარჯვა. შემდეგ ეს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ხეობა კახეთის ბატონებმა დაიკავეს.

ამის შემდეგ მათ ქსნის ხეობაც დაიმორჩილეს და თავის ქვეშევრდომობაში მოაქციეს. ქართლში სპარსეთის ბატონობის მთავარი მტერი, გივი ამილახვარი, მარტო დარჩა. იგი პროთურქულ პოლიტიკას ატარებდა და კავკასიის რეგიონში ანტიერანული აჯანყებებით შეწუხებულ ნადირს დიდ ხიფათს უქმნიდა. გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო: საამილახვროს საკითხის მოგვარებაც რეგიონში ფრიად ავტორიტეტული და ერანის ინტერესების გამტარებელ კახეთის ხელისუფალთ უნდა გადაეწყვიტათ. კახეთის მესვეურთა ერანის სასარგებლო პოლიტიკა იმას კი არ ნიშნავდა, რომ ისინი ვერ აფასებდნენ ამ აგრესორის მიზნებსა და მის მნიშვნელობას, მაგრამ ისინი საქართველოს გაერთიანების პროგრამას ახორციელებდნენ და მათ პროერანული პოლიტიკა ამ პროგრამის ნაწილი იყო.

ქსნის და არაგვის ხეობის დაკავებიშ შემდეგ 1743 წელს კახელებს ასპარეზი გაეხსნათ. გივი ამილახვარი უკანასკნელ მოკავშირეთა ჩამოცილების შემდეგ, ოსმალეთის საზღვარზე გამაგრდა, იქიდან დახმარებას იღებდა და რთული დასამორჩილებელი იყო. მაგრამ კახელი მხედრობის თავდადებულმა შემართებამ, ქვემეხების გამოყენებამ ეს ფეოდალი აიძულა, წინააღმდეგობა შეეწყვიტა და სურამის ციხეში ჩაკეტილიყო.

თეიმურაზ II ქართლის ტახტზე.

Teimuraz_II

თეიმურაზ II

ენერგიული, გააზრებული ბრძოლით კახეთის მესვეურებმა ქართლის ყველა ძირითადი და სტრატეგიული პუნქტი დაიკავეს. ამის შემდეგ ქართლის შეერთების საკითხი ოფიციალურად დააყენეს. თეიმურაზისა და ერეკლეს ერთგული სამსახურით მადლიერი ნადირი მზად იყო, ქართლის სამეფო მათთვის მემკვიდრეობით მფლობელობაში დაემტკიცებინა, მაგრამ ამ საკითხის წარმატებით გადაწყვეტას არაერთი, მათ შორის საერთაშორისო ხასიათის, დაბრკოლება ეღობებოდა: რუსეთსა და ერანს შორის 1735 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ როდესაც ერანი კავკასიაზე თავის უფლებას დაიბრუნებდა (იმ დროს ეს რეგიონი ჯერ კიდევ ოსმალთა ხელში იყო), იგი ვალდებულებას კისრულობდა, ქართლის ტახტი ვახტანგ VI–ის, ან მისი შთამომავლობისათვის დაებრუნებინა. შესაბამისად, ქართლის ტახტის თეიმურაზისათვის გადაცემა ამ ხელშეკრულების დარღვევა იქნებოდა. მაგრამ საკითხის გადაწყვეტა საქმეში თამარ დედოფლის ჩარევით მოხერხდა. მან, როგორც ვახტანგ VI-ის ქალიშვილმა, თავის ძმებთან შეთანხმებით, მიიღო ქართლის ტახტი და იგი თავის მეუღლეს გადასცა. ეს საკითხის საბოლოო გადაწყვეტა არ იყო, მაგრამ საამისოდ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა.

ამრიგად, 1744 წელს ნადირ შაჰმა ქართლის ბატონობა თეიმურაზს უბოძა, ხოლო კახეთისა – ერეკლეს. ამ ცნობამ ქართლ–კახეთის მოსახლეობის არნახული აღფრთოვანება გამოიწვია. თანამემამულეებმა ღირსეული პატივი მიაგეს დიდი ისტორიული მოვლენის ინიციატორს და შემოქმედს – თამარ დედოფალს, ვახტანგ VI-ის ასულს. ქვეყანა ზეიმობდა. მიღებული გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს გაერთიანების გზაზე. აქ მთავარი ის არის, რომ ორივე პრეტენდენტმა მამა–შვილმა აღნიშნული სტატუსი ქრისტიანობის შენარჩუნებით მიიღო, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის საბოლოო გაერთიანებისათვის.

ქართლ–კახეთის ფაქტობრივი გაერთიანების დასრულება.

ერან–თურქეთის ომი გრძელდებოდა. საქართველო თურქეთის წინააღმდეგ ორ ფრონტზე იბრძოდა: პირველი ბორჯომის ყელთან გადიოდა, სადაც გივი ამილახვარიიყო გამაგრებული, მეორე–ქვემო ქართლში, სადაც ოსმალებს დმანისის ციხე ეჭირათ. საქმეს ის ართულებდა ,რომ თურქთაგან წაქეზებული ლეკების შემოსევები  გახშირდა. ენერგიული მოქმედებით თეიმურაზმა დმანისის ციხის აღება შეძლო, შემდეგ ქვემო ქართლი გაწმინდა მტრისაგან და საბრძოლო მოქმედება ჯავახეთში გადაიტანა. ერთდროულად კი ლეკთა შემოსევების აღკვეთასაც ცდილობდა.

(c) British Library; Supplied by The Public Catalogue Foundation

ნადირ შაჰი

იმ ხანებში ერანის ლაშქარი ყარსის არღებას გეგმავდა, მაგრამ ზამთრია სიცივის გამო, ნადირმა ალყა მოხსნა და უკან გამობრუნდა. გზად მიმავალმა თეიმურაზი, თამარ დედოფალი და ერეკლე თავისთან დაიბარა აღჯაყალას, სადაც იგი გაჩერებული იყო.  შაჰმა სტუმრები არაჩვეულებრივი პატივით მიიღო და მააათთან მნიშვნელოვანი თათბირი გამართა. კონკრეტულად რა საკითხები გადაწყტა ამ თათბირზე, უცნობია. მაგრამ ვიცი, რომ სამხრეთ კავკასიაში მოქმედი ჯარების ხელმძღვანელობა შაჰმა თეიმურაზს მიანდო. ამასთან მრავალმნიშვნელოვნად დააიმედა:,,ვითა შვილი ჩემი, ეგრე გიყურებო. მარტო ქართლში შენი საკადრისი არ არისო , სხვის ქვეყნისაც მოიმედე იყავიო”.

ქართ–კახეთის პოლიტიკოსთა ქვეყნის ქვეყნის გამაერთიანებელი პროგრამა ცნობილია. ეჭვი არ არის, მათი მისწრაფება ნადირისთვისაც აშკარა იყო. ამიტომ “სხვა ქვეყნების” გადაცემით რომ აიმედებდა, რომლებიც ჯერ კიდევ ქართლ–კახეთის სამეფოს გარეთ რჩებოდნენ, ოსმალეთთან ომის წარმატების შემთხვევაში, შაჰი გულისხმობდა, ისინი ქართლ–კახეთის სამეფოსთვის შეერთებინა.

ალჯაყალის თათბირიდან შაჰის დაპირებებით გულმოცემული და ყიზილბაშური ჯარის ნაწილებით გაძლიერებული მეფეები პირდაპირ განმდგარი გივი ამილახვარის წინააღმდეგ ილაშქრებენ. რამდენიმე გავლენიან თავადს თავისკენ იბარებენ, შემდეგ საერთო ენას ნახულობენ ამილახვრის ვაჟთან, დემეტრესთან, რომელიც ახალდაბის ციხეში იდგა. მას ამილახვრობას (სახელოს) ჰპირდებოდნენ და ციხეს ხელთ იგდებენ. მალე მათ ხელში სტრატეგიული კეხვის ციხეც გადავიდა.

ამ მარცხის შემდეგ აჯანყებულთა მდგომარეობა მეტად გართულდა. მათ ახალციხესთან კავშირი და დახმარების შანსი მოესპოთ. თეიმურაზმა და ერეკლემ სურამის ციხეს, სადაც ამილახვარი იყო გამაგრებული, ღრმა თხრილი შემოავლეს და მოალყეები დაუყენეს. საბოლოოდ აჯანყებული თავადი იძულებული გახადეს, დანებებულიყო.

ქართლის და კახეთის ფაქტობრივი შეერთებით ეს ქართული პოლიტიკური ერთეული კავკასიაში უმნიშვნელოვანეს ძალად იქცა, რომელსაც შეეძლო ქვეყნის გაერთიანების მიმართულებით შემდგომ წინსვლაზე ეზრუნა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*