თეიმურაზ II–ის 1960 წლის ელჩობა რუსეთში

ქართლის ტახტის დაკავების საჭირბოროტო საკითხი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც, 1752 წლის ელჩობის ჩაშლის გამო, ღია დარჩა.

Teimuraz_II

თეიმურაზ II

ორი ტახტის მემკვიდრეობის საკითხს ქართველი მეფეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ (უფრო გვიან საბოლოო ჯამში ძირითადად ამ საკითხმა გადაწყვიტა ქართლ–კახეთის ბედი). მანამდე კი მისი მოგვარება მეფეებმა იმით სცადეს, რომ ორივე (ქართლისა და კახეთის) ტახტის მემკვიდრედ ერეკლეს უფროსი ვაჟი, ყოველ მხრივ შემკული, 16 წლის ვახტანგ ბატონიშვილი გამოაცხადეს, მაგრამ მოხდა უბედურება და მეფეების იმედი, შესანიშნავი ყმაწვილი ყვავილით გარდაიცვალა.

ამის გამო, პირველი ჩაშლილი ელჩობიდან ექვსი წლის გასვლის შემდეგ, ქართლ–კახეთის მმართველ წრეებში რუსეთში ახალი ელჩობის გაგზავნის საკითხი დაისვა, რომელიც თვით თეიმურაზ II–ის მეთაურობით უნდა განხორციელებულიყო. ელჩობის მომზადების ხანებში ასეთი აზრიც გავრცელდა, თითქოს თეიმურაზი რუსეთში სამუდამოდ აპირებდა დარჩენას. ამ ინფორმაციის დადასტურება შესაბამისი საბუთებით არ ხერხდება, თუმცა არაფერი გამორიცხული არ არის. თავისთავად თეიმურაზის პეტერბურგში საიმპერატორო კართან დარჩენა უკვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქციის შემსრულებელი იქნებოდა. იგი გაანეიტრალებდა დედაქალაქში ვახტანგის სახლისშვილთა ყოფნას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ერეკლეს მიერ ქართლ–კახეთის ტახტის იურიდიულ გადაფორმებაში.დაულაგებელი იყო სხვა საკითხებიც, რომლებიც ხსენებულ ელჩობას უნდა მოეგვარებინა. კერძოდ, სპარსეთის ტახტზე (რომელიც ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი იყო) სასურველი კანდიდატურის აყვანის, ლეკთა შემოსევების აღკვეთის საკითხი და ა. შ.

1760 წლის აპრილის შუა რიცხვებში ელჩობა საქართველოდან გაემგზავრა ისე, რომ მასპინძელთათვის არ შეუთანხმებია. ეს შემთხვევით არ მომხდარა, რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა იმ დროს მეტად რთული იყო და ასეთი წარმომადგენლობითი ელჩობის მიღებას შეიძლებოდა კიდევ უფრო გაერთულებინა. ქართველებმა ეს კარგად იცოდნენ, მაგრამ ისინი იძულებულნი იყვნენ, ელჩობა დაეჩქარებინათ, რადგან ეს მათი სასწრაფო და გარდაუვალი პრობლემებით იყო განპირობებული. ამასთან, მეფეები იმასც ითვალისწინებდნენ, რომ შეიძლებოდა ეს ელჩობაც უშედეგოდ დამთავრებულიყო. ამიტომ ისე გააფორმეს, თითქოს იგი თეიმურაზის პირადი ინიციატივით ეწყობოდა და ერეკლეს მასთან კავშირი არ ჰქონდა. ამგვარი ახსნა იმისთვის იყო საჭირო, რომ საქართველოს აგრესორ მეზობლებს რუსეთთან კავშირისა და ერანთან გამიზნული გეგმებისათვის პასუხი ერეკლესთვის ვერ მოეთხოვათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა გამგებელმა, მართალია, ქართული ელჩობის პეტერბურგში მიღების საკითხი გააჭიანურეს და თეიმურაზმა მხოლოდ საქართველოდან წამოსვლის წლისთავზე მოახერხა იმპერატორ ელისაბედ პეტრეს ასულთან შეხვედრა, მაგრამ სამაგიეროდ საბოლოოდ იგი მეტად მაღალ დონეზე მიიღეს.

თეიმურაზმა, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფალთ საფუძვლიანად გააცნო თავისი გეგმები და ისე დაუსაბუთა, რომ ისინი სერიოზულად დააინტერესა. ცხადია, მათთვის მთავარი ერანის საკითხის გადაწყვეტის ქართული გეგმა იყო. საგანგებო შეხვედრისას კანცლერმა ვორონცოვმა თეიმურაზს ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა. იგი აზუსტებდა რა ძალები ჰყავდა შაჰ როჰს (ქართველების კანდიდატს სპარსეთში გასამეფებლად), რას წარმოადგენდა მისი მომხრეთა პარტია, რა ძალები იქნებოდა საჭირო საქართველოს დასაცავად, თუ მეფეები ერანში ლაშქრობას წამოიწყებდნენ და ა. შ. თეიმურაზმა ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხი გასცა კანცლერის შეკითხვებს და, ჩანს, მისმა პასუხებმა გარკვეული ზემოქმედება იქონია. მაგრამ ქართველთა შემოთავაზებული გეგმის განხორციელება მხოლოდ შესაფერის საერთაშორისო სიტუაციაში მოხერხდებოდა. 7 წლიანი ომის პირობებში, სადაც რუსეთი ღრმად იყო ჩაბმული, ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ომი დასასრულს უახლოვდებოდა. როგორც ჩანს, რუსმა დიპლომატებმა ქართველი მეფე საქმის კურსში ჩააყენეს და ისიც 8 თვის განმავლობაში უდრტვინველად ელოდა პასუხს. თუმცა, ეტყობა, ამ ლოდინს ჭარმაგ გვირგვინოსანს რუსი მზეთუნახავი ბარბარე ალექსანდროვნა უადვილებდა, რომლის მიმართაც ქართველ კავალერს ამურული გრძნობები გასჩენია და უნდა ვიფიქროთ, რომ ეს გრძნობები ცალმხრივი არ ყოფილა.

ამავე დროს, თეიმურაზი თავისი სამშობლოს პოლიტიკურ საკითხებსაც ახმაურებდა: რომ იგი კანონიერი მფლობელია ქართლის ტახტისა და ა. შ.

თითქმის ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდებოდა, ელჩობის წარმატების დაეჭვების საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი ფაქტი, რომელიც მოულოდნელი არასოდეს არ არის.

st-petersburg_winter_palace

ზამთრის სასახლე პეტერბურგში

ახალი იმპერატორი, პეტრე III, მეტად ახირებული ხასიათის და უგუნური პოლიტიკის გამტარებელი აღმოჩნდა.1761 წლის 25 დეკემბერს იმპერატორი ელისაბედ პეტრეს ასული გარდაიცვალა და საბოლოოდ გააქარწყლა ქართველი მეფეების იმედები მოსალოდნელი დახმარების თაობაზე.

დედოფლის გარდაცვალების მესამე დღეს, 1761 წლის 27 დეკემბერს, საიმპერატორო კარმა ქართული ელჩობის სამშობლოში ფაქტობრივად ხელცარიელი გამოსტუმრების გადაწყვეტილება მიიღო. დახმარებაზე იმედგაცრუებული ხანდაზმული გვირგვინოსნისთვის ეს აუტანელი დარტყმა გამოდგა რამდენიმე დღის შემდეგ, 1762 წლის 8 იანვარს, იგი გარდაიცვალა. სათანადო მომზადების შემდეგ ელჩობამ სამშობლოსკენ აიღო გეზი. გვირგვინოსანი მეფის ცხედარი დიდი სიცხეების გამო საქართველომდე ვერ ატარეს და ასტრახანის მიძინების ტაძარში, მისი სიმამრის, ვახტანგ VI-ის გვერდით მიაბარეს მიწას. არსებობს არაუსაფუძვლო მოსაზრება, რომ სიცხემ და გზის სირთულემ ამ გადაწყვეტილებაში მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა. ასტრახანში დასაფლავების გადაწყვეტილება ელჩობის წევრებმა ერეკლე მეფის მითითებით მიიღეს, რათა კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ თეიმურაზის ვახტანგ VI-ის მემკვიდრეობა და მის მიერ ქართლის ტახტის ფლობის ლეგიტიმურობა.

1762 წლის 20 აგვისტოს ელჩობის წევრები თბილისში ჩამოვიდნენ. საერთო წარუმატებლობის მიუხედავად, ღონისძიებას ერთი მეტად მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი მაინც ჰქონდა: კანცლერმა ვორონცოვმა წერილში ერეკლე II-ს იმპერატორის წყალობა და მფარველობა დაუდასტურა და, რაც მთავარია, იგი ქართლ–კახეთის მეფედ მოიხსენია.

ასევე შეაფასა იგი იმ დროს რუსეთში ექსორიაში მყოფმა ერეკლეს თანამებრძოლმა, კათალიკოსყოფილმა ანტონმა. მან ერეკლეს მის მიერ თარგმნილი კვინტუს კურციუსის “ალექსანდრე მაკედონელის ისტორია” უძღვნა, რომლის მთარგმნელისეულ წინასიტყვაობაში, გვირგვინოსან მეგობარს მხურვალედ მიულოცა ეს წარმატება: “გილოცავ ახალსა წინაპართა ჩუენთა ადრით განჭრილისა საყდრისა შეერთებულად მიღებასა, შენ გონიერსა მხნესა მეფესა, ვითა კვიროსს და მემკვიდრეს, ვითა ქსერქსეს”.

ქართლ–კახეთის სამეფოს მდგომარეობა მნიშვნელოვნად განმტკიცდა და დასტაბილურდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*