თემურ ლენგის შემოსევები

Featured image

თემურ ლენგი

გიორგი ბრწყინვალეს გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა დავით IX–მ დაიკავა (1346–1360 წწ.). მას მეფობა რთულ პირობებში მოუხდა: 1349–1350 წლებში ქვეყნის ერანის ილხანის ჯარები შემოესია და დიდი ზარალი მიაყენა. ამას შავი ჭირის გავრცელებაც დაერთო, რამაც დიდი მსხვერპლი მოიტანა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მეფე ენერგიულად უძღვებოდა ქვეყნის მართვას და სამშენებლო საქმიანობის გაწევასაც კი ახერხებდა. მაგრამ იგი 1360 წელს გარდაიცვალა და მეფედ დავით IX–ის ვაჟი ბაგრატ V (1360–1393 წწ.) აკურთხეს.

სხვადასხვა წყაროების დახასიათებით, იგი ძლიერი პიროვნება და პროგრესული მოღვაწე გამოდგა, თუმცა მეფობის დასაწყისიდანვე მის ქვეყანას არაერთი სირთულის გადატანა მოუხდა, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო.

XIV საუკუნის 80–იანი წლებიდან საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს თავს დაატყდა სასტიკი დამპყრობლის, თემურ ლენგის შემოსევები. ახალგაზრდობაში ეს ყაჩაღი შუა აზიაში მოთარეშე რაზმს მეთაურობდა და ძარცვებში მონაწილეობდა. ერთი ასეთი ოპერაციის დროს იგი დაიჭრა და დაკოჭლდა, რისთვისაც “ლენგი” (კოჭლი) შეარქვეს.

ამ ხანებში ჩინგიზ ხანის სახელმწიფო უკიდურესად დასუსტებული იყო, რითაც ისარგებლა თემურ ლენგმა და იმპერიის აღდგენა დაისახა მიზნად. მან მთელი შუა აზია გააერთიანა, სატახტო ქალაქად სამარყანდი დაადგინა და ერანისა და მისი მიმდებარე ქვეყნების დაუფლება განიზრახა. მას დიდი ამბიციები ჰქონდა და, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს მსოფლიო ბატონობისკენაც კი მიილტვოდა. მას მიაწერენ ცნობილ გამოთქმას “მსოფლიო იმად არ ღირს, რომ ორი მეფე ჰყავდეს”.

თემურ ლენგის სწრაფი გაძლიერება ჩრდილოეთის ოქროს ულუსის მბრძანებელმა, თოხთამიშ ხანმა სახიფათოდ ჩათვალა და მისი აღზევების შეწყვეტა განიზრახა.

1385 წელს თოხთამიშის ლაშქარი ადარბადაგანს შეესია, თავრიზი აიღო, უამრავი ხალხი გაწყვიტა, იქაურობა ააწიოკა, სემდეგ უკან გაბრუნდა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაც ააოხრა.

ამით განრისხებულმა თემურ ლენგმა 1386 წელს თავრიზი აიღო და ჩრდილოეთ ულუსზე (ოქროს ურდო) გალაშქრებამდე საქართველოსკენ გამოემართა. იგი ქართველების და თოხთამიშის (ოქროს ურდოს ყაენი) კავშირზე ეჭვობდა, რადგან ფიქრობდა, რომ ქართველების დახმარების გარეშე იგი ჩრდილოეთიდან ერანში შეჭრას ვერ მოახერხებდა.

1386 წლის ზაფხულის მიწურულს სომხეთის თემებზე გავლით თემურ ლენგი საქართველოზე წამოვიდა, ხოლო იმავე წლის გვიან შემოდგომაზე მისი ლაშქარი ქვეყნის საზღვრებს მოადგა. ეს დრო თათართა მბრძანებელს, ჩანს, შემთხვევით არ შეურჩევია. იმ წელს ამიერკავკასიაში ჩვეულებრივზე ადრე დაზამთრდა და ყველგან დიდი თოვლი დადო. თემური ვარაუდობდა, რომ ამის სურვილიც რომ ყოფილიყო ჩრდილოეთიდან, გზების დათოვლის გამო, საქართველოს ვერ დაეხმარებოდნენ.

საქართველოსკენ წამოსულმა დამპყრობელმა ნახიჭევანი გამოიარა და გარნისის, შემდეგ კი სურბარას ციხეც დაიკავა. ამის შემდეგ აიღო ყარსი, შემოიჭრა სამცხის მთიანეთში და უზარმაზარი ჯარით თბილისისკენ გაემართა. ბაგრატ მეფეს დედაქალაქი საგანგებოდ ჰქონდა გამაგრებული, ქართველებიც სამკვდრო–სასიცოცხლოდ იყვნენ განწყობილნი. თათრებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს და თავგამოდებით შეუტიეს. მათ სემართებას ისიც აძლიერებდა, რომ ბრძოლაში თემურ ლენგიც იღებდა მონაწილეობას. მოალყეები კარგად იყვნენ შეიარაღებულები და ლოდსატყორცნებს და “რადანდაზებსაც” (ზარბაზნის წინამორბედი) იყენებდნენ. ქალაქიდან ნასროლ ისრებს კი საგანგებო ჩელტებით იფარავდნენ. ალყა დიდხანს გაგრძელდა. დამცველები არაფრით არ დრკებოდნენ. ბოლოს თათრებმა მაინც მოახერხეს ქალაქში შეჭრა. ბრძოლა აქაც გაგრძელდა. ბაგრატი ცენტრალურ კოშკში გამაგრდა და ბრძოლას განაგრძობდა, თუმცა უშედეგოდ.

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, თემურ ლენგმა მეფე, დედოფალი ანა და უფლისწული დავითიც დაატყვევა.

თათართა ლაშქარმა თბილისი უწყალოდ გაძარცვა, დაარბია და უთვალავი ქონება იგდო ხელთ, მათ შორის მდიდარეი სამეფო ბიბლიოთეკაც. ეს იყო თემურ ლენგის პირველი შემოსევა.

დატყვევებულ ბაგრატს თემურმა გამაჰმადიანება მოსთხოვა. უკანასკნელი დიდი ყოყმანით დაემორჩილა ამ ძალადობას. შემდეგ კი დამპყრობლის ტყვეობიდან თავის და ოჯახის დასახსნელად ძვირფასი საჩუქრები მიართვა., რითაც ეს ნაყაჩაღარი დიდად გაახარა და მისგანაც უხვი საჩუქრები მიიღო. 1386 წელს თათრებმა ბაგრატი და მისი ოჯახი გაათავისუფლეს და საქართველოში დაბრუნების უფლება მისცეს. თან 12 ათასიანი ჯარი გამოაყოლეს, მისი მოქმედების გასაკონტროლებლად და თითქოს დასახმარებლად. ეს არ იყო თავისუფლება, ამიტომ ბაგრატმა სხვა ღონისძიების გატარება გადაწყვიტა: მან მოახერხა ბანაკიდან აზნაურ რუს ეგნატაშვილის გაპარება, რომელმაც მეფის შვილებს გადასცა მამის დანაბარები, ჯარით დახვედროდნენ და მამა ფაქტობრივი ტყვეობიდან გაეთავისუფლებინათ. გიორგი ბატონიშვილი, რომელიც ბაგრატის არყოფნაში მეფის ფუნქციას ასრულებდა, მოხერხებულ ადგილას ჩაუსაფრდა მტერს, მოულოდნელად დაესხა თავს და მთლიანად გაანადგურა.

თემურ ლენგი აღშფოთდა, მაგრამ ვინაიდან ზამთარი იყო, ქართველთა დასასჯელად წამოსვლა ვერ მოახერხა. 1387 წლის გაზაფხულზე (მარტში) კი მთელი მისი ლაშქრით საქართველოზე ჯავრის ამოსაყრელად გამოემართა. ქართველები მომზადებული დახვდნენ. ხალხი ციხეებში გახიზნეს და მომხდურებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ჯარის სიმრავლემ თავისი ქნა და ბოლოს მაინც დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, ამჯერად თათრებმა საქართველოს დაპყრობა ვერ მოახერხეს. ეს იყო თემურ ლენგის მეორე შემოსევა.

ამ ხანებში ბაგრატ მეფე მისმა ძემ, გიორგი VII–მ შეცვალა (1393–1407 წწ.).

Featured image

ზარზმის ეკლესია

ამასობაში დარუბანდის გზით აზერბაიჯანში თოხთამიში შემოიჭრა და თემურ ლენგი იძულებული გახდა, მის დასახვედრად წასულიყო. აქ მან წარმატებას ვერ მიაღწია და იძულებული გახდა, შუა აზიაში დაბრუნებულიყო. ამასობაში მას სხვა უფრო არსებითი მნიშვნელობის პრობლემები გაუხდა გადასაჭრელი. ამის გამო 1394 წლამდე იგი საქართველოში არ გამოჩენილა. ქვეყანას სულის მოთქმის და მიყენებული ჭრილობების მოშუშების საშუალება მიეცა.

1394 წლის 13 სექტემბერს თემური დიდი ლაშქრით თრიალეთისა და ქვემო ქართლის გამოვლით არაგვის ხეობისკენ გაემართა. მისი მიზანი დარიალის გასასვლელის ხელში ჩაგდება იყო, რათა ქართველებისთვის ჩრდილოეთ კავკასიელებთან ურთიერთობა და იქიდან დამხმარე მებრძოლების გადმოყვანა აღეკვეთა. მისი ლაშქრის ყოველი გადაადგილება უდიდესი ზარალის, ნგრევისა და აოხრების გამომწვევი იყო.

ამ წელს მისი ლაშქრობა ორჯერ შედგა, მაგრამ ამჯერად ქვეყნის დაპყრობა ვერ მოახერხა, რადგან მათი საქართველოსკენ გამოლაშქრებისთანავე თოხთამიში აღმოსავლეთ ამიერკავკასიას ესხმოდა. ამჯერადაც ასე მოხდა და თემური მის შესახვედრად გაეშურა. იგი დარწმუნდა, რომ თოხთამიშის განადგურების გარეშე საქართველოს საბოლოოდ ვერ დაიმორჩილებდა.

1395 წელს თემურ ლენგი დარუბანდის გზით ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა, მდინარე თერგის პირას გამართულ სასტიკ ბრძოლაში დაამარცხა თოხთამიშის ლაშქარი. იქაურობა სასტიკად მოაოხრა, უამრავი ტყვე და ნადავლი წაიღო, დაანგრია ქრისტიანული რელიგიის ძეგლები და ძალით გაამაჰმადიანა მოსახლეობა. ამ მარცხის შემდეგ თოხთამიშს თემურ ლენგის წინააღმდეგ მოქმედება აღარ განუახლებია.

1396 წელს თემურ ლენგი სამარყანდში დაბრუნდა და ინდოეთის ლაშქრობისთვის დაწყო მზადება. 1398 წლიდან იგი ინდოეთში ლაშქრობს. მის მიერ დაპყრობილმა ხალხებმა კი ამ გარემოებით ისარგებლეს და დამოუკიდებლობის აღსადგენად ბრძოლა დაიწყეს. ამ განმათავისუფლებელი მოძრაობის ცენტრი საქართველო იყო. იგი ქმედით დახმარებას უწევდა თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხებს და თავდასხმაზეც გადავიდა. ქართველმა ჯარმა ადარბადაგანი დალაშქრა, თემურის მიერ დატოვებული ჯარები დაამარცხა და ზოგიერთ მნიშვნელოვან სიმაგრესაც დაეუფლა.

ამიერკავკასიაში შექმნილი მისი საწინააღმდეგო ვითარება თემურ ლენგმა ინდოეთში შეიტყო. 1399 წლის გაზაფხულზე იგი სამარყანდში დაბრუნდა და დიდი ლაშქრობისთვის მზადებას შეუდგა. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სრული გამაჰმადიანება, ან სრული განადგურება იყო.

ლენგი 1399 წლის ბოლოს ამიერკავკასიაში შემოვიდა და ყარაბაღის ველზე დაბანაკდა, სადაც მორჩილებით ეახლა ზოგიერთი განმდგარი მმართველი და პატიება სთხოვა.

თემურმა შეადგინა 100 000–იანი, რჩეული მეომრით დაკომპლექტებული არმია, მას დაემატა შირვანის და შაქის ჯარებიც და მთელი ეს უზარმაზარი არმადა კახეთ–ჰერეთში შეიჭრა (ანუ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა თათართა მბრძანებელმა ამჯერად აღმოსავლეთიდან დაიწყო). ჰერეთ–კახეთის მმართველი მაშინ ხიმშია ყოფილა. ქართული თემები გაუვალი ტყით იყო დაბურული. რადგან არსებული გაჭრილი და გამაგრებული გზებით მოძრაობა თათრების მმართველს არ სურდა, თემურმა ტყეების გაკაფვა და გზების გაყვანა ბრძანა. თითქმის მთელი თვის განმავლობაში აქ განუწყვეტლივ თოვდა და ტყეში დიდი თოვლი დადო, ქართველი მებრძოლები მტერს თავდაუზოგავად ეწინააღმდეგებოდნენ. თემურ ლენგის სპარსელი ისტორიკოსი ამბობს: “ამ ბრძოლაში იმდენი სისხლი დაიღვარა, რომ თოვლით დაფარული ველები ლალისა და ბროწეულის ყვავილის ფრად იყო შეღებილი”–ო. ბოლოს ძალთა სიჭარბემ თავისი გაიტანა. ქართველმა მეომრებმა უკანდახევა დაიწყეს. თემურის ურდომ უპირატესობა მოიპოვა. ქვეყანას გაავებული მტრის ლაშქარი მოედო. ასე დაიწყო თათართა მეხუთე შემოსევა.

ლენგის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. მან თავის ურდოებს უბრძანა, უწყალოდ გაენადგურებინათ ყველაფერი: ბაღები, ვენახები, ბოსტნები. დაენგრიათ ყველა შენობა: ეკლესიები, სამლოცველოები, სახლები, სასახლეები. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რისი დანგრევაც და განადგურებაც შესაძლებელი იყო. ძარცვა–გლეჯვას საზღვარი არ ჰქონდა. თვითმხილველი წყაროს გადმოცემით, თურმე თემურს ინდოეთშიც არ დაუნგრევია ამდენი შენობა, რამდენიც საქართველოში.

ბოლოს ლაშქრობის შეწყვეტა მტერს იმან აიძულა, რომ დიდთოვლობაში საქონლის, ცხენის საკვების შოვნა შეუძლებელი იყო. მტერმა ჰერეთიდან დიდძალი ქონება, მათ შორის აუარებელი საქონელი – ცხვარი თუ ძროხა გაზიდა. ეს იყო თათართა მეექვსე შმოსევა.

1400 წელს გაზაფხულზე თათართა ლაშქარი საქართველოსკენ გამოემართა და საზღვართან დაბანაკდა. გიორგი მეფის ელჩი გამოუგზავნეს და მძევლად ბატონიშვილის და გიორგისთან შეფარდებული ერთი თემურის მტერი, მაჰმადიანი მფლობელის გადაცემა მოსთხოვა.

გიორგიმ, როგორც ჩანს, ამ მოთხოვნაზე სასტიკი და საკმაოდ უხეში უარყოფითი პასუხი გასცა. ამით კიდევ უფრო განრისხებული და მისი აზრით შეურაცხყოფილი დამპყრობელი კვლავ საქართველოში შემოიჭრა და მისი სრულ ნაცარტუტად ქცევა განიზრახა. ასეთ ურთულეს ვითარებაში ქართველებმა ბრძოლის ტაქტიკაშეცვალეს: ქართველი სარდლობის გადაწყვეტილებით, მათ ბარიდან დაიხიეს და ბრძოლის გაგრძელება მთიანეთში გადაწყვიტეს. აქ ვიწრო ხეობებში მტრის მრავალრიცხოვანი ჯარების მოქმედება ერთობ რთული და ქართველებისთვის შეღავათიანი იყო. არაგვის ხეობაში მათ სახიზრები მოაწყვეს, გამოქვაბულებში გამაგრდნენ და იქიდან უდიდეს სარალს აყენებდნენ შემოსეულ მტერს.

თემურ ლენგმა სასტიკი ბრძოლით მაინც მოახერხა არაგვის ხეობაში შეჭრა. მერე შეხიზნული ხალხის მოსპობა ხერხით გადაწყვიტა: დაწნულ კალათებს, რომლებშიც მოისრეებს სხამდნენ, ზემოდან გამოქვაბულების გასწვრივ უშვებდნენ და ასე აღწევდნენ მიზანს. როცა ეს ხერხიც უნაყოფო გამოდგა, მაშინ მოიფიქრეს, რომ ნავთში ამოვლებული ძონძებიანი ისრები გამოეყენებინათ და გამოქვაბულებში გამაგრებულები ასე ამოეწვათ.

თათრებმა არაგვის ხეობაში უამრავი ხალხი გაწყვიტეს, რამდენიმე ციხის აღებაც მოახერხეს, მაგრამ ქართველები ვერ დაამარცხეს და ვერც გიორგი მეფე ჩაიგდეს ხელთ. ამიტომ მტრის ბანდები ქართლში გადავიდნენ, სადაც ბრძოლის წარმოება მათთვის უფრო ადვილი იყო. აქ მათ აოხრების და განადგურების ყველა მათთვის ცნობილი მეთოდი გამოიყენეს. ბევრმა ფეოდალმა ცდუნებას ვერ გაუძლო, თემურს ეახლა და მორჩილება გამოუცხადა, მაგრამ გიორგი მეფეს ვერაფერი მოუხერხეს. ვიდრე იგი თავისუფალი იყო, ომი მოგებულად ვერ ჩაითვლებოდა. გიორგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და იქიდან მოლაპარაკება გამართა დამპყრობთან. თემურ ლენგი კი ამასობაში სამცხესა და ტაოს მიადგა და ნგრევა–აწიოკების პროცესი ახლა აქ განაგრძო.

1400 წლის დამლევს გარკვეული შეთანხმება მაინც მოხერხდა. საქართველოს მეფე კისრულობდა ხარკს, მაშველი ჯარის გამოყვანას და მაჰმადიანებისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულების გამოჩენას. მიუხედავად ამისა, 1401 წელს თემურ ლენგმა სამხედრო მოქმედება მაინც განაახლა. ამ წელს მან 10 თვის ალყის შემდეგ ნახიჭევანში ალინჯის ციხე აიღო. ამის შემდეგ აღმოსავლეთიდან საქართველოს საზღვრებს მოადგა და შამქორში დაბანაკდა. მან დიდი ჯარი გაგზავნა თორთუმის ციხისკენ, სადაც 200 ქართველი მეომარი გამაგრებულიყო, მტერს არ ემორჩილებოდა და მაჰმადიანებსაც ავიწროვებდა. დიდი ბრძოლის შემდეგ თათრებმა ეს ციხე მაინც აიღეს და შიგ გამაგრებული თავდადებული ქართველი მეომრები ერთიანად გაწყვიტეს. თემურის ისტორიკოსი საქართველოში ახალი, მეშვიდე ლაშქრობის მოწყობას გიორგი VII–ს მიერ 1401 წელს დადებული ზავის შეუსრულებლობით ხსნის.

თათართა მბრძანებელმა თავის მორჩილ შარვანის შაჰს საქართველოზე აღმოსავლეთიდან შესევა დაავალა.

გიორგი VII იძულებული იყო, კვლავ მოლაპარაკება გაემართა. ელჩად თავისი ძმა კონსტანტინე გაგზავნა საჩუქრებით, მაგრამ თემურმა მოლაპარაკება არ ინდომა.

Featured image

ბირთვისის ციხე

ამასობაში თვით საქართველოში საშინაო ვიტარება დაიძაბა. მეფეს განუდგნენ სამცხის მთავარი იოანე აღბუღას ძე და მეფის ძმა კონსტანტინე ბატონიშვილი. გიორგი დარწმუნდა, რომ ასეთ ვიტარებაში ომის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა და დამპყრობს მორჩილება შესთავაზა. მეფე დროის გაყვანას ცდილობდა, რათა მოსახლეობას მოსავლის აღება–დაბინავება მოესწრო. მაგრამ თემური ქართველებს არ ენდო და თავის მებრძოლებს დაავალა, რომ საქართველოში მოსავლის აღებას თვითონ შედგომოდნენ და ქართველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ყველა შესაძლებლობა მოესპოთ. დაზავება ამჯერადაც ვერ მოხერხდა. ლენგის მთავარი მიზანი – გიორგი მეფის ხელსი ჩაგდება კვლავ მიუღწეველი დარჩა. მტერმა ქართველებს სულის მოთქმა არ დააცალა. 1403 წელს ქვემო ქართლში შემოიჭრა და ალგეთის ხეობაში მდებარე ბირთვისის ციხეს შემოარტყა ალყა. 75 მეტრიან ციცაბო კლდეზე აღმართული ეს ციხე კარგად იყო გამაგრებული. მას ციხისთავი და 30 ქართველი ფეოდალი იცავდნენ. მისი აღების ყველა მცდელობა ( ლოდსატყორცნები, მაღალი კოშკები და სხვა) უშედეგო გამოდგა, მხოლოდ ციხის დამცველთა უყურადღებობამ, ერთგვარად მოდუნებამ თათრებს საშუალება მისცა იქ მცოცავები შეეგზავნათ, რომლებმაც ციხის გალავნის კარი გააღეს. თემურ ლენგმა ციხეში თავისი ჯარი ჩააყენა და უბრძანა, ქართველი ქრისტიანები ან გაეწყვიტათ ან განედევნათ და ყველა ქართველს ამიერიდან აქ დასახლება აეკრძალა.

ამის შემდეგ თათართა ჯარი იმერეთში გადავიდა. მებრძოლები უღრან ტყეებში იკაფავდნენ გზას და ქუთაისამდე მივიდნენ.

იმერეთის გამოქვაბულებში თავშეფარებულ ხალხს თათრები ჩვეული ხერხით ანადგურებდნენ. ბრძოლა გააფთრებული იყო, მაგრამ დამცველებს ადრინდელი ენერგია აღარ შემორჩათ და წინააღმდეგობის გაწევა უჭირდათ.

დასავლეთ საქართველოც დამპყრობლებმა ჩვეული წესით ააოხრა, გადაწვა და გაანადგურა. არის ცნობა, რომ დასავლეთ საქართველოში განადგურებული სოფლების რაოდენობა 700 აღემატებოდა, მაგრამ არც მტრის ბანაკში იყო მარტივი მდგომარეობა. იქაც უდიდესი ზარალი იყო და თემურის ბევრი სარდალი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ზამტარი იყო და თოვლი რომ მოსულიყო, თათრებს იქ ჩარჩენის საშიშროება ემუქრებოდათ. ყოველივე ამის გამუ თემურ ლენგმა ბრძოლა შეწყვიტა და ილაჯგაწყვეტილი ლაშქარი აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანა.

შექმნილ ვითარებაში ქართველებთან ზავის დადების ინიციატივით თვით თემურ ლენგი გამოვიდა. მისი კარნახით, ზავის თხოვნას გიორგი მეფეს ტყვეობაში მყოფი ქართველი ფეოდალები ურჩევდნენ. ამის სემდეგ მეფემ ზავის დადების თხოვნით და უძვირფასესი საჩუქრებით ელჩები გამოაგზავნა. ქართველები ხარკის გადახდას კისრულობდნენ და ვალდებულებას იღებდნენ, მოთხოვნის შემთხვევაში ჯარით დახმარებოდნენ. თუმცა გიორგი მეფე დამპყრობს არ ხლებია, რითაც მისი პირველი მოთხოვნა დაარღვია. თემური იძულებული იყო, ამას სერიგებოდა.

გახარებული დამპყრობი სამშობლოსკენ გაემართა, მაგრამ ჩანს, იგი ქართველებს არ ენდობოდა, მან უკანასკნელად (მერვედ) მაინც მოიოხა გული ფაქტობრივად უშედეგოდ დამთავრებული 17 წლიანი ომის გამო. იგი თბილისში შეიჭრა და ქალაქში ერთხელ კიდევ ააოხრა ყველა ეკლესია, მონასტერი. შემდეგ სამარყანდში მისული ჩინეთის დასალაშქრად გაემგზავრა, მაგრამ 1405 წელს გზაში ციებ–ცხელებით გარდაიცვალა. თანამებრძოლებმა, ცხადია, ლაშქრობა შეწყვიტეს. მათი ბელადი სამარყანდში ჩამოასვენეს და მის მიერ აგებულ აკლდამაში დაკრძალეს.

დამპყრობის სიკვდილმა მისგან გაწამებულ მრავალ ქვეყანას შვებით ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*