იერუსალიმში ნაპოვნი ქვა – ორიათასწლიანი დავა გრძელდება

იერუსალიმის ძველ უბანში ლათინურწარწერიანი დიდი ქვა აღმოაჩინეს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მრავალსაუკუნოვან თეორიას, რომ ებრაელები რომის მმართველობას 2 ათასი წლის წინ სასტიკი მოპყრობის გამო აუჯანყდნენ.

სპეციალისტთა განმარტებით, ქვაზე რომის იმპერატორ ადრიანეს სახელი და იერუსალიმში მისი სტუმრობის თარიღია მითითებული, რომელიც რამდენიმე წლით უსწრებს შიმონ ბარ კოხბას აჯანყებას (132-136 წწ.). ქვაზე წარწერა ადასტურებს ისტორიულ მონათხრობს, რომლის მიხედვითაც, რომის მე-10 ლეგიონი აჯანყებამდე იერუსალიმში იმყოფებოდა.

მიზეზი ებრაელების ამბოხისა, რომელიც მათი გადასახლებით დასრულდა, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. გადაჭრით ვერ ამბობენ მართლაც რომის იმპერიის მკაცრი მმართველობა იყო თუ არა მათი აჯანყების ძირითადი მიზეზი.

ებრაულ ისტორიულ წყაროებში ადრიანე მოხსენიებულია, როგორც დიქტატორი, რომელიც ებრაელებს დევნიდა და აიძულებდა რელიგიაზე უარი ეთქვათ.

ბარ კოხბას აჯანყებაზე მოთხრობილია რომაელი ისტორიკოსის, კასიუს დიონის ნაშრომებშიც. ისტორიკოსი წერს, რომ იმპერატორი ადრიანე იერუსალიმს ახ.წ. 129 წელს სტუმრობდა, სამი წლით ადრე, ვიდრე აჯანყება მოხდებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*