იესო ქრისტეს უნიკალური გამოსახულება ისრაელიდან

სამხრეთ ისრაელში, უძველესი დასახლება შიფტას ეკლესიის კედლებზე ქრისტეს სრულიად განსხვავებული, უნიკალური გამოსახულება აღმოაჩინეს. სისხლისფერი პიგმენტი მზისგან არის გახუნებული, მისი ამოჭმული ხაზები ალებასტრით შებათქაშებულ კედელზე ძლივს ჩანს. მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად, აქ დაინახავთ იესოს სახეს, რომელიც დიდი ხნის წინ დაუხატავთ. გამოსახულება ქრისტეს ნათლისღების სცენას ასახავს. ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Antiquity–ში გამოქვეყნდა.

იესო ქრისტეს გამოსახულებათა უმრავლესობა, რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ, ძირითადად ერთმანეთის მსგავსია და ქრისტეს ფიგურის ტრადიციულ სურათს გვთავაზობს. სამხრეთ ისრაელში აღმოჩენილი ნახატი კი გამორჩეულია იმით, რომ იესოს სრულიად განსხვავებულ სახეს წარმოაჩენს.

ირკვევა, რომ ნახატი არქეოლოგებს ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოციან წლებში უნახავთ. ამის შესახებ ერთ ძველ ჟურნალში ჩანაწერიც არის დაცული, თუმცა ეს ნახატი იმდენად მკრთალი ყოფილა, რომ მისთვის დიდი ყურადღება აღარ მიუქცევიათ. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს იმ დროს არ იყო გასაკვირი, რადგან გამოსახულება იმდენად დაზიანებულია, რომ მისი შემჩნევა ხელოვნების თანამედროვე ისტორიკოსებსაც კი გაუჭირდათ.

ემა მაინ–ფანარი, ჰაიფას უნივერსიტეტის მკვლევარი: “მე აქ მოვხვდი ხელსაყრელ დროს, ხელსაყრელ ადგილას, სინათლის ხელსაყრელი კუთხის ქვეშ და უცბად, დავინახე თვალები. ეს გახლდათ ნათლობის დროს ჩვენსკენ მოპყრობილი იესოს მზერა”.

მკვლევარები უძველესი მხატვრობის პირველადი სახის აღდგენას შეეცადნენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალგაზრდა, სუფთად გაპარსული მამაკაცის სახე გამოიკვეთა, გრძელი ცხვირითა და მოკლე თმით.

პიგმენტთა კვალი გამოსახულების ირგვლივ მიუთითებს, რომ მხატვარს ეკლესიის აფსიდის ზედა ნაწილში, რომელიც ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისთვის იყო განკუთვნილი, სხვა მნიშვნელოვანი რელიგიური ფიგურებიც დაუხატავს. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ მკვლევარები, რომ აქ ნათლისღების სცენა იყო გამოსახული.

ამავე კედელზე აღმოაჩინეს ფერისცვალების სცენა და შედარებით ასაკოვანი ქრისტეს გამოსახულებაც, რომლის თავიც დაზიანებულია.

უძველეს ქალაქ შივტას ტერიტორიაზე დასახლება 1800 წლის წინ გაჩნდა, რომელიც მალევე მოზრდილ აგრარულ სოფლად და პილიგრიმებისთვის პოპულარულ ადგილად იქცა. განვითარების პიკს ქალაქმა V-VII საუკუნეებში მიაღწია, მაგრამ შემდეგ ის არაბებმა დაიპყრეს და მოსახლეობაც შემცირდა.

არქეოლოგები შივტაში გათხრებს საუკუნეზე მეტია აწარმოებენ, მაგრამ ეკლესიის აშენების ზუსტი დრო ჯერ ისევ გაურკვეველია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ იესო ქრისტეს ნახატი ეკლესიის კედელზე ქრისტეს სიკვდილიდან მაქსიმუმ ორი საუკუნის შემდეგ არის შესრულებული და შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მის ნამდვილ სახეს ასახავდეს. ამის მიუხედავად, ისტორიკოსები აღფრთოვანებას მაინც ვერ მალავენ. ნამუშევარი იმდენად ძველია, რომ წმინდა მიწაზე ამ დრომდე აღმოჩენილი ნათლობის სცენის უძველეს იკონოგრაფიულ ნიმუშს წარმოადგენს.

განსხვავებული სახისა და ვარცხნილობის გარდა, შეიმჩნევა რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც კარგად ჯდება ნათლისღების სცენაში. მაგალითად, აქ იოანე ნათლისმცემლის გამოსახულება ქრისტეზე დიდია.

არქეოლოგები კვლევის გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ სხვა გამოსახულებათა იდენტიფიცირებასაც მოახერხებენ.

880x495_cmsv2_37c78759-bef9-5dc0-b7a6-2f9eb67f2001-3436330

Leave a comment

Your email address will not be published.


*