ილია ჭავჭავაძე

საქართველოში რეფორმების გატარებისთვის მზადების ხანაში, თავადაზნაურობის მიერ შექმნილ კომისიაში გლეხობის უფლებებს აშკარად იცავდა ახალგაზრდა იურისტი, თავადი ილია ჭავჭავაძე. ერთხელ მას, პროგრესული შეხედულებების გამო, განრისხებული თავადი მოსაკლავად დაედევნა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ეს განზრახვა სისრულეში გლეხმა მიიყვანა ოღონდ დიდი ხნის შემდეგ.

ილია ჭავჭავაძის ღვაწლი საქართველოს ისტორიაში სრულიად გამორჩეულია. იშვიათია მსოფლიოში პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ამდენი გაეკეთებინოს თავისი ხალხისთვის, ხოლო მისი მოწამებრივი აღსრულების შემდეგ – ასე ბევრი ელაპარაკოს მასზე შთამომავლობას, მისი პოლიტიკური გეზი მიზნად დაესახოთ და, ამასთან, ასე ცოტა ეკეთებინოს მისი პოლიტიკური მიზნების აღსასრულებლად.

თვითონ ილია ჭავჭავაძე ხაზგასმით აცხადებდა: “მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” და ამ მიზან ახორციელებდა ერთგულად, მიზანმიმართულად, საშვილიშვილოდ. როცა 1861 წელს, რუსეთში სწავლა–განათლების მიღების შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდა, მისი მთავარი ამოცანა იყო პოლიტიკური ინერტულობიდან საქართველოს მოსახლეობის გამოფხიზლება, ეროვნული თავისუფლების იდეის აღორძინება და იმ ღრმა შეგნების დანერგვა, რომ “შენი თავი სენვე გეყუდნოდეს!”

ეს დევიზი გახდა საქართველოს მრავალი თაობის მაცოცხლებელი იდეა და მიზანი. ილია ჭავჭავაძის მიერ მხატვრულად ნათქვამმა შემდეგმა ფრაზამაც მრავალი საფიქრელი გაუჩინა ქართველობას – “ბაზალეთის ტბის პირას ოქროს აკვანში” ილიას თქმით:

იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს,
ჩუმის ნატვრითა ქართველი?

და “ამ ყრმას”, როგორც ილია ფიქრობდა, ზღაპრის გმირივით, მონობის ბორკილი უნდა აეხსნა მთელი საქართველოსათვის.

ილიამ, როგორც ერის ჭეშმარიტმა სულიერმა მამამ, ხმამაღლა შეუძახა საგარეო მტერთან და არსებულ უსამართლობასთან საუკუნოვან ბრძოლებში გადაღლილ ქართველობას, დააფიქრა იმ ნაკლზეც, რაც დაგროვდა საუკუნეების მანძილზე და დაუმტკიცა ყველას, რომ არ იქნება “ბედნიერი ერი”, რომელიც სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის, მისი აღორძინებისათვის არ იბრძოლებს ყველა შესაძლო ხერხით.

“ენა, მამული, სარწმუნოება”  – აი, ილიას მთავარი მიზანი, აი, ერის კონსოლიდაციის ილიასეული გააზრება, რომელიც უნდა გაითავისოს თითოეულმა ქართველმა, თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეს მას და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას ამ წმინდა სამების დარღვევა, გახუნება, გაუკუღმართება – ეს, მისი სიკვდილის ტოლფასი იქნება.

ილია ჭავჭავაძემ არა მარტო ახალი იდეები შესთავაზა საქართველოს საზოგადოებას, არამედ ბრძოლის გზაც უჩვენა – მონოლითური ერთიანობა, ქართული სულიერების აღორძინება, სოციალური ჯგუფებისა და კლასების შორის არსებული “ჩატეხილი ხიდის” ამოვსება, ეროვნული თავისუფლების იდეისადმი ერთგულება.

ამ გზის გასავლელად მან და მისმა მეგობრებმა შექმნეს “ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” (1879 წ.) (ქართველების “ჩრდილოვანი კაბინეტის” კულტურის სამინისტრო XIX საუკუნის მეორე ნახევარში), უშუალოდ ილია ჭავჭავაძის ინიციატივით შეიქმნა საადგილმამულო ბანკი (ქართველების ჩრდილოვანი “ფინანსთა სამინისტრო”), რომელიც ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად აწესრიგებდა “ქართულ საქმეს”, ხელს უწყობდა ერის სულიერ აღორძინებას: აფინანსებდა ქართულ თეატრს, ქართულ სკოლებს, კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ქართველებში პატრიოტული სულისკვეთების აღორძინებას ისახავდა მიზნად ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა, მისი პოეტური და პროზაული შემოქმედება. ილიას მიერ დაარსებული ჟურნალ–გაზეთები: “საქართველოს მოამბე” და “ივერია” მუდამ იდგნენ ქართველთა ინტერესების სადარაჯოზე, ილია არასოდეს არ პატიობდა რუს და სხვა რჯულის შოვინისტებს ქართველთა დამცირებას ან შეურაცხყოფას. სწორედ მან ამხილა მოსკოვის გაზეთის რედაქტორი კატკოვი პირწავარდნილ შოვინიზმში, სომეხი ისტორიკოსები გაკიცხა საქართველოს ისტორიის გაყალბების გამო, მთელი მისი შემოქმედება: პოემა “დიმიტრი თავდადებული”, “ქართვლის დედა”, პუბლიცისტური წერილები: “ქვათა ღაღადი”, “ერი და ისტორია” და მრავალი სხვა, აღვიძებდა და რაზმავდა ქართველების ისტორიულ მეხსიერებას.

ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობა ჩინებულად აერთიანებდა პროგრესულ დასავლეთ ევროპულ, რუსულ და ქართულ თვალსაზრისს საზოგადოების განვითარების უზოგადესი კანონების შესახებ, მისი შეხედულებები არასოდეს იყო დოგმატური, ის ვითარდებოდა ეპოქისა და პოლიტიკური ვითარების შესაბამისად. ილია, რომელიც აღფრთოვანებულ ლექსებს წერდა 1871 პარიზის კომუნის განმათავისუფლებელი იდეებით ნასულდგმულები და უფალს სთხოვდა “ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში”, XX საუკუნის დასაწყისში, ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებული, უკვე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიიჩნევდა იმ ასპარეზად, სადაც შეიძლებოდა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის მოსახლეობის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*