ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილს

ილია ჭავჭავაძე და ოლღა ჭავჭავაძე-გურამიშვილისა

წერილები ილია ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილისადმი

[16 იანვარი, 1863 წ.]

მითხარით, – სად შევხვდეთ. დროის გამო ნუ სწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაცნობეთ.

[18 იანვარი, 1863 წ.]

სადაც ნაბრძანები მქონდა ყოფნა, იქ ვიყავი, მაგრამ ვერავინ ვნახე, ყველაფერი ჩვენი საერთო მეგობრის ბრალია. მან ექვს საათზე გადმომცა წერილი, შვიდის თხუთმეტ წუთზე კი მე სიცივისგან ვკანკალებდი ჭიშკართან. ორჯერ უნდა შევხვედროდით. მერმე ბ–ძესთან გასათბობად მივედი, შემდეგ ისევ, თუ არ ვცდები, ათი წუთი ვიდექი გარეთ, კვლავ უშედეგოდ.

ხვალ შუადღისას, სრულ პირველ საათზე, ბ–ძესთან მოვალ; ხომ შეიძლება გნახო, თუნდაც აივანზე? რომ არ გაიყინოთ. გაფრთხილებთ, სრულ პირველ საათზე ვიქნები. თუკი თქვენი ნახვა არ მოხერხდება, შეეცადეთ ყოველ შემთხვევისათვის დამანახვოთ ბარბარე, რომელსაც, როგორც გაგებული მაქვს, ყველაფერს ენდობით. რამეს რომ მივაღწიოთ, საჭიროა გავიცნო მისი ღირსეული ფიზიონომია. შეიწუხოს თავი და ინებოს ერთი–ორჯერ გაიარ–გამოიაროს ეზოში, უკანა კიბის მხარეს, – ალბათ ბედი მეწვევა და ვეღირსები ფანჯრიდან მის დანახვას.

მე მგონია, ხიფათში იგდებთ თავს, როცა პაემანს მინიშნავთ თქვენს სახლში, სადაც ასი თვალი გვითვალთვალებს. მე ბევრი რამის, ძალიან ბევრი რამის გამო მინდა გესაუბროთ. მეშინია, ვაითუ სიჩქარით ყველაფრის თქმა ვერ მოვასწრო. თანაც თქვენთვისაც მოუხერხებელი იქნება ყურის გდება, სადაც პატარა შარიშურმაც კი შესაძლოა შიში გამოიწვიოს და ყურადღება წაგართვათ. ყველაფერს აჯობებს შევხვდეთ სადმე სხვაგან, თქვენი სახლისგან მოშორებით, თუნდაც, მაგალითად, ტაძარში. მაგრამ, რასაკვირველია, ნება თქვენია, მიბრძანეთ, რასაც ინებებთ, მე ყველაფერს შევასრულებ. ოღონდ, გთხოვთ, ეს ერთი დაიმახსოვრეთ: არავის არ უთხრათ არაფერი, არავის ენდოთ, ადამიანნი ყოველთვის ბოროტნი არიან, ძნელად თუ ვინმემდაფაროს საიდუმლო, მით უმეტეს ისეთი შინაარსისა, როგორიც თქვენია.

P.S. რაც უფრო ადრე ვნახავთ ერთმანეთს, მით უკეთესია, – ბევრი რამ მინდა გადმოგცეთ. დღესვე მიპასუხეთ ამ ნაჩქარევ წერილზე. გვარი მიაწერეთ, რისი გეშინიათ? ერთხელ თუკი მენდეთ, მაშინ სრულად და ბოლომდე მომენდევით.

გთხოვთ, წერილი დააბრუნოთ, მიზეზს, როცა შევხვდებით მაშინ აგიხსნიტ.

[შაბათი, 19 იანვარი, 1863 წ.]

მოვალ, ჩემო ანგელოზო, მოვალ! მგონი ცხრაზე იწყება წირვა.

შენი ილიკო.

Leave a comment

Your email address will not be published.


*