ილის საკათედრო ტაძარი

ინგლისის მრავალრიცხოვან ტაძრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნავი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, არის კემბრიჯშირში, პატარა პროვინციულ ქალაქ ილის (Ely) საკათედრო ტაძარში, რომელიც 1083-1375 წლებში აიგო. უმშვენიერესი ტაძარი სილამაზით გამოირჩევა, მის დასავლეთ მკლავში კი ნავის სიგრძე 75 მეტრია.

ილის ტაძრის ადგილას იდგა ანგლოსაქსთა დიდი წმინდანის, ეთელდრედას (იგივე წმინდა ოდრის) მიერ 673 წელს აგებული სააბატო მონასტრით, რომელიც ვიკინგების პერიოდში (IX საუკუნეში) თანდათან გავერანდა. თუმცა აქაური რელიკვიები შეინახეს, 970 წლიდან კი სააბატო აღდგა და XI საუკუნის დასასრულისთვის, ოთხსაუკუნოვანი ილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანგლოსაქსური მონასტერი იყო – სახელგანთქმული წმინდანით, საგანძურით, ბიბლიოთეკით თუ ახალი წიგნების წარმოებით. 1066 წელს ინგლისი ნორმანებმა დაიპყრეს და უკვე 70-იან წლებში თითქმის ყველა ტაძრისა და სააბატოს გადაკეთებას ან ხელახლა აშენებას მიჰყვეს ხელი. ილიში ნორმანული ტაძრის აგება 1083 წელს დაიწყო აბატმა სიმეონმა, ვინჩესტერელ ეპისკოპოს უოლკელინის ძმამ. ამიტომ პროექტს ბევრი საერთო ჰქონდა ვინჩესტერის კათედრალთან (დაიწყო 1079 წელს) – ჯვრისებრი გეგმა, ტრანსეპტთა გასასვლელები, დამატებითი ტრანსეპტი დასავლეთით, აღმოსავლეთ მხარეს სამი სართული, ნახევარწრიული აფსიდა თუ ცენტრალური კოშკი.

ძველი ეკლესიის დაშლა 1102 წლიდან დაჩქარდა, როცა მის გვერდით გრძელი ნავის აგებას შეუდგნენ. ტაძრის სტატუსი ახალ ეკლესიას 1109 წელს მიენიჭა. რეფორმაციის პერიოდამდე მას წმინდა ეთელდრედას და წმინდა პეტრეს ეკლესია ერქვა, ხოლო ილის საეპისკოპოსოს დაარსების შემდეგ ეწოდა ილის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი კემბრიჯშირში.

მასშტაბური ტაძარი თავდაპირველად მონუმენტურ რომანულ სტილში იგებოდა, ხოლო შემდგომ ქორო, სამრეკლო და ე.წ. გალილეა (ეგვტერი, სადაც სასულიერო პირები მონანიე პირებს იღებდნენ) შესანიშნავ გოთიკურ სტილში გადაკეთდა. გამორჩეული ნაწილია რვაკუთხა ცენტრალური კოშკი, ე.წ. ფარნით ზემო ნაწილში, რომელიც უნიკალურ შიდა სივრცეს ქმნის და დასავლეთის კოშკთან ერთად, მთელ ლანდშაფტზე დომინირებს.

ტაძრის საერთო სიგრძეა 164 მეტრი, რაშიც შედის 75-მეტრიანი ნავი, ინგლისში ერთ-ერთი უდიდესი. ნავის დიდი ზომა მშენებლობის ეტაპობრივად წარმართვას მოითხოვდა, ამიტომ ტრანსეპტებისა და ცენტრალური კოშკის ურთიერთგადამკვეთი კედლების გამაგრების შემდეგ მშენებლობაში პაუზა გამოცხადდა. 1140 წლისთვის ნავი დასრულდა დასავლეთ ტრანსეპტებთან ერთად და კვლავ 30 წლით შეყოვნდნენ. ახალმა ქვისმთლელებმა კი რომანულ სტილს ადრეული გოთიკის ელემენტები მიუსადაგეს.

დასავლეთის კოშკის სიმაღლეა 66 მეტრი, რვაკუთხა ფარნის კოშკისა – 52. თვით ფარნის ძირი ტაძრის იატაკიდან 43 მეტრის სიმაღლეზეა. ეს ცენტრალური კოშკი ტაძრის ყველაზე ძველი ნაწილია, დასავლეთის კოშკი 1174-1197 წლებში ააგეს, ხოლო ინგლისისთვის ტრადიციული ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველო (Lady Chapel) საკათედრო ტაძარს 1321-1349 წლებში მიაშენეს.

გალილეიდან დღეს დამთვარიელებლებისთვის ტაძარში მთავარი შესასვლელია. მისი ლიტურგიული ფუნქციები ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა მისი არსებობა დასავლეთით, ბოლოში აჩვენებს, რომ მას იყენებდნენ მონანიეთა სამლოცველოდ, აგრეთვე ადგილად, სადაც ბერები სხვადასხვა საქმეზე მოსულ იმ ქალებს ხვდებოდნენ, რომელთაც სააბატოში შესვლა არ შეეძლოთ. გალილეა ასევე სტრუქტურულ როლს თამაშობს დასავლეთის კოშკის გამაგრებაშიც.

ილის ტაძრის ყველაზე დამახასიათებელ თავისებურებას ცენტრალური რვაკუთხა კოშკის შიდა სივრცე ქმნის. თუმცა ის, რასაც ინგლისელი მწერლები უწოდებენ “ილის ტაძრის უდიდეს ინდივიდუალურ მიღწევას არქიტექტურაში”, სინამდვილეში კატასტროფის შედეგია – თავდაპირველად ცენტრალური კოშკი ოთხკუთხა ნაგებობა იყო. 1322 წლის 12 თებერვალს, ღვთისმშობლის სამლოცველოსთვის საძირკვლის გათხრისას, ცენტრალური კოშკი ჩამოიქცა. შედეგების ლიკვიდაციის დროს კი გადაწყდა კოშკის გაფართოება და რვაკუთხედის აგება. თავდაპირველი ოთხი საყრდენის მოცილებას ნავის, საკურთხევლისა და ტრანსეპტის სათანადო ნაწილების მონგრევა დასჭირდა…

რვაკუთხა კოშკის ხის დიდი ფარანი თითქოს მხოლოდ ხის წვრილ საყრდენებს უჭირავს. სინამდვილეში კი ფარანიცა და მთელი სახურავიც ხის რთულ კონსტრუქციას ეყრდნობა, რომელშიც მერქნის დიდი ნაჭრები არ არის. ფარნის პანელებზე გამოსახულია მემუსიკე ანგელოზები, მუხის მთლიანი ნაჭრისგან არის გამოკვეთილი მაცხოვარი – ფარნის ცენტრალური დეტალი. რთული სადურგლო და მხატვრული სამუშაოები ხეზე სამეფო ოსტატმა – დურგალმა უილიამ ჰერლიმ შეასრულა.

ტიუდორთა სეკულარიზაციის შემდეგ, XVII საუკუნეში დაიწყო პოლიტიკური რესტავრაცია, აღდგა ანგლიკანური ეკლესია და ილის ეპისკოპოსი გახდა მეთიუ რენი (არქიტექტორ სერ კრისტოფერ რენის ბიძა, რომელმაც 1650-იან წლებში ტაძრის ჩრდილოეთი მხარე დააპროექტა და გოთიკური კარიბჭე ააგო). მან ჩაატარა აღდგენითი სამუშაოები და მიტაცებული მამულების, უფლებებისა თუ შემოსავლების ტაძრისთვის დაბრუნებისთვის იბრძოდა.

1845 წელს ეპისკოპოს ბოიერ სპარკის ვაჟმა ედვარდ სპარკმა მოახერხა ტაძრის ხელახლა შემინვა ნაწრთობი ფერადი მინის ტექნოლოგიის გამოგონების შემდეგ. თუ მანამდე შუა საუკუნეების დროინდელი მინა ალაგ-ალაგ იყო შემორჩენილი, ამის შემდეგ უკვე ვიტრაჟები პრაქტიკულად სრულად აღადგინეს.

უკანასკნელი მსხვილი სტრუქტურული სარესტავრაციო პროგრამები 1986-2000 წლებში განხორციელდა, როცა აიგო ე.წ. პროცესიის გზა, რითაც აღადგინეს პირდაპირი კავშირი ქოროსა და ღვთისმშობლის სამლოცველოს შორის…

ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან
გრძელი ნავი
The Lady Chapel
ქორო
ტაძრის დასავლეთ მკლავის ჭერი ფერადოვნად არის მოხატული, ხოლო აღმოსავლეთი მკლავის ჭერზე გოთიკური კამარებია

Leave a comment

Your email address will not be published.


*