იმერეთის და რუსეთის ურთიერთობა რუსეთ–თურქეთის 1768–1774 წლების ომის წინა პერიოდში

Solomon_I_of_Imereti

სოლომონ I

ახალგაზრდა სოლომონ I-მა არაჩვეულებრივი გამჭრიახობა გამოიჩინა. ასე თუ ისე, მოაწესრიგა ქვეყნის შინა ვითარება; ძირითადად ალაგმა “ტყვეთა სყიდვის” დამღუპველი პროცესი, რითაც კიდევ უფრო გააღიზიანა მისი ფორმალური სუვერენი, თურქეთის სულთანი. უკანასკნელმა მისი დასჯა გადაწყვიტა და იმერეთში რამდენჯერმე გამოაგზავნა ძლიერი დამსჯელი ექსპედიცია. სოლომონმა თურქთა ყველა შემოტევა აღკვეთა და სამეფოს ძალაუფლება მნიშვნელოვნად განამტკიცა.

მაგრამ მეფემ შესანიშნავად იცოდა, რომ თურქეთის უკანდახევა დროებითი იყო და, როგორც კი ძალებს მოიკრებდა, შემოტევებს გააგრძელებდა, ამიტომ ქრისტიან მეფეს დამხმარე ძალა უნდა ეძებნა.

ასეთი პრეტენდენტი ერთადერთი იყო – რუსეთი. მაგრამ იქიდან დახმარების თხოვნით გაგზავნილი ელჩობა უარით გამოისტუმრეს: ვიდრე ჩვენ თურქეთის სახელმწიფოსთან მშვიდობა გვაქვს, თქვენი დახმარება არ შეგვიძლიაო. 60–იანი წლების ბოლოს იმერეთში რუსეთ–თურქეთის ურთიერთობის გართულებისა და მოსალოდნელი ომის გაჩაღების ამბავი მოვიდა და აქედანაც დახმარების თხოვნით ელჩობის გაგზავნა არ დააყოვნეს. 1768 წელს ასტრახანში ჩავიდა იმერეთის ელჩობა მაქსიმე ქუთათელის ხელმძღვანელობით. იმ დროს რუსეთ–თურქეთის ომი უკვე დაწყებული იყო და, იმპერიის ხელისუფლებას ის გადაწყვეტილებაც მიღებული ჰქონდა, რომ ამ ომში თურქეთის მეზობელი ქრისტიანი სახელმწიფოები გამოეყენებინა. ერთი სიტყვით, რუსეთის და იმერეთის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. რუსეთის დიპლომატიამ არ დააყოვნა და თურქეთთან ომში მონაწილეობის შეთავაზებით იმერეთში დაუყოვნებლივ დააბრუნა ელჩობა მაქსიმე ქუთათელის ხელმძღვანელობით. რუსეთისთვის ცნობილი იყო, რომ სამხრეთ კავკასიაში უძლიერესი ქრისტიანი მფლობელი ერეკლე II იყო. ამიტომ სოლომონთან გაგზავნილმა რუსეთის წარმომადგენელმა იმერეთის მეფეს ისიც სთხოვა, ცდილიყო, საქმეში როგორმე ქართლ–კახეთის მეფეც შემოეყვანა.

ერეკლეს თურქეთთან თავისი ანგარიშები ჰქონდა. ქართველი მეფის მთავარი ამოცანა საქართველოს გაერთიანება იყო. უმნიშვნელოვანეს ქართულ ტერიტორიებს კი თურქეთი აკონტროლებდა. ამჯერად ერეკლეს მთავარი ინტერესი სამცხე–საათაბაგოს უკავშირდებოდა და იგი იმედოვნებდა, თუკი რუსეთის დასახმარებლად ომში ჩაერთვებოდა, გამარჯვების შემთხვევაში, რაც მას სრულიად არ ეეჭვებოდა, პრემიის სახით სამცხე–საათაბაგოს დაეუფლებოდა. ამიტომ შეთავაზება დაუყოვნებლივ მიიღო.

Leave a comment

Your email address will not be published.


*