იმერეთი XVIII საუკუნის I ნახევარში

იმის გამო, რომ დასავლეთ საქართველო იურიდიულად ოსმალთა ქვეშევრომობაში ითვლებოდა, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა აქ გაცილებით რთული იყო, ვიდრე აღმოსავლეთში. ამ სირთულეს ხელს უწყობდნენ ქვეყნის ფეოდალები, რათა გაეძნელებინათ დასავლეთ საქართველოს მეფე–მთავრებს შორის ურთიერთობის დალაგება და ამით მათზე თავისი გავლენა გაეადვილებინათ.

Geo_imer

იმერეთის სამეფოს გერბი

სამთავროთა სეპარატიზმი და ფეოდალთა პარტიკულარიზმი XVIII საუკუნეში გაძლიერდა და იმერეთის სამეფოს წელში გაშლის საშუალებას უსპობდა. მეფის ხელისუფლება არამყარი და ნომინალური იყო. ქვეყანას ფაქტობრივად ფეოდალები განაგებდნენ.

გაუთავებელ ქიშპსა და ურთიერთბრძოლაში ქრისტიანული სარწმუნოების დასუსტება, დამპყრობთა მონდომებით და ადგილობრივ რენეგატთა ხელშეწყობით თანდათან რომ მატულობდა, ეროვნულ თუ მორალურ ღირებულობათა გაუფასურებას განაპირობებდა. ფეოდალთაგან მაგალითმიცემულნი, ქვეყნის დაქცევის საქმეში მდაბიო ხალხიც აქტიურობდა: “გარყვნილნი ფიცის მტეხელნი, ტყვის მყიდველნი, მსხდომნი მკრეხელნი, უკეთურნი, არათუ წარჩინებულნი, გარნა მდაბიურნიცა მოქმედნი იმის ყოველთა”.

1683–1695 წწ. იმერეთს ალექსანდრე მეფე განაგებდა: “მხნე, ახოვანი, ჰაეროვანი და უხვი, არამედ ხელად მქცევი, ცუნდრუკი, უღმერთო ტყვის მსყიდველი”. ოსმალეთი იმ ხანებში დასუსტებული იყო და იმერეთს მის ქვეშევრდომის, ახალციხის (ანუ ჩილდირის) ფაშაზე დაყრდნობით მართავდა.

ამ დროს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ვახტანგ VI-ის მეთაურობით მთელი საქართველოს გაერთიანების გეგმა მწიფდებოდა. მაგრამ დასავლეთ საქართველოს რთული, არეული მდგომარეობა ამ საერთო ეროვნულ მოძრაობას აბრკოლებდა. როგორც სამეფოში, ისე სამთავროებში გამგებლები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდნენ.

1698 წელს, ახალციხის ფაშის მონდომებით, იმერეთში ალექსანდრე IV-ის უკანონო შვილი სიმონი გამეფდა. ფაქტობრივი მმართველობა კი მისმა სიმამრმა გიორგი აბაშიძემ იგდო ხელთ, ქალიშვილ თამართან ერთად. ამან იმერეთის არეულობა კიდევ უფრო გააძლიერა.

თურქეთის ბატონობა იმერეთის (დასავლეთ საქართველოს) თითქმის ყველა ფენისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ მოუთმენლად ელოდნენ 1703 წლის რუსეთის საომარ მზადებას თურქეთის წინააღმდეგ.

ამ განწყობამ განაპირობა თურქთა დიდი პრევენციული ლაშქრობა იმერეთის წინააღმდეგ. მტერი დასავლეთ საქართველოში სამი მხრიდან დიდი ძალებით შემოიჭრა, მაგრამ ქართველთა ერთსულოვნებამ 1703 წელს თურქეთის ჩანაფიქრის განხორციელება არ დაუშვა და მტერი უკუაქცია, რასაც თურქეთში იანიჩართა დიდი აჯანყება და სულთან მუსტაფა მეორის ტახტიდან ჩამოგდება მოჰყვა. მისი ადგილი ახმად III–მ დაიკავა და იანიჩართა აჯანყება (15 000 იანიჩარი) სასტიკად ჩაახშო.

მან განმდგარი ქართველების დასჯაც განიზრახა, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. შემდეგ გიორგი აბაშიძეს, იმერეთის ფაქტობრივ გამგებელს, მოურიგდა და იმერეთის მეფედ სიმონის ძმა გიორგი ბატონიშვილი დასვეს, თუმცა ამით აბაშიძის ძალაუფლება არ შემცირებულა.

გიორგი აბაშიძე იმერეთში არაპოპულარული იყო, ფეოდალები მას აუჯანყდნენ, საქმეში ქართლის მეფეც ჩაერია და მეფედ გიორგი VI აიყვანა. ფეოდალებს არც იგი მოუვიდათ თვალში. 1711 წელს გადააყენეს, მაგრამ ვახტანგ VI–ის დახმარებით 1712 წელს გიორგი VI–მ ტახტი დაიბრუნა. ასეთი არეულობა იმერეთში კარგა ხანს გაგრძელდა, ვიდრე ვახტანგ VI–ის და ახალციხის ფაშის შეთანხმებით იმერეთში ალექსანდრე V არ გამეფდა.

პეტრე I–თან ურთიერთობამ და ვახტან VI-ის ლაშქარში იმერელთა მონაწილეობამ დასავლეთ საქართველოში თურქთა აგრესია გააძლიერა. 1723–1736 წწ. თურქებმა ძირითადად დაიკავეს შავი ზღვის ქართული სანაპირო ციხეები. ამასობაში აღმოსავლეთ საქართველოში ყიზილბაშობა ოსმალობით შეიცვალა.

ალექსანდრე მეფის მდგომარეობა მძიმე იყო. მით უმეტეს, რომ მის დამხმარეს, ვახტანგ VI-საც გაურთულდა ქართლში გამაგრება. მთავრები და ფეოდალები ალექსანდრეს არ ემორჩილებოდნენ. ქუთაისში თურქთა გარნიზონი იდგა და მეფე იქ ვერ შედიოდა. ალექსანდრეს განსაკუთრებით რაჭის ერისთავთან გაჩაღებული, მეტ–ნაკლებად წარმატებული, დაპირისპირება აწუხებდა.

Solomon_I_of_Imereti

სოლომონ I

იმერეთში ურთიერთშუღლი არ წყდებოდა, რისი სედეგიც იყო 1734 წლის ჩიხორის ბრძოლა, სადაც ერთ მხარეს იდგნენ მამუკა ბატონიშვილი და დადიანი, მეორე მხარეს – ალექსანდრე, მამია გურიელი, დადიანის ძმა კაცია და სხვა. გამარჯვება მეფის ბანაკს დარჩა.

მაგრამ შინაომი მაინც არ ცხრებოდა. იმერეთში ქაოსი გაგრძელდა, ვიდრე 1751 წელს აქ ახალგაზრდა სოლომონ I–მა (ალექსანდრეს ძმამ) არ დაიკავა ტახტი. დაშლილი ქვეყანა, თავაშვებული ქვეშევრდომები, დაცლილი სოფლები, თურქული გარნიზონების მიერ დაკავებული ციხეები და დაცარიელებული ხაზინა ერგო წილად ტახტზე ასულ 17 წლის სოლომონს. ახალგაზრდა მეფემ, როგორც ჩანს, თავიდანვე სიმტკიცე გამოიჩინა, რის გამოც დიდი და ძლიერო ოპოზიცია შეიძინა, რომელმაც იგი ერთი პირობა ტახტიდანაც გადმოაგდო, მაგრამ შეუპოვარმა მეფემ დიპლომატიური ნიჭიც გამოიჩინა და ჩქარა ტახტი დაიბრუნა.

ყველაფერი რეაქციული და ჩამორჩენილი, რაც განსაკუთრებით ახასიათებდა XVIII საუკუნის დასავლეთ საქართველოს, თავს იყრიდა ეპოქის ყველაზე ბარბაროსულ და დამღუპველ სენში – “ტყვის სყიდვაში”. საუკუნის შუახანებში ამ მოვლენამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ იგი მიუღებელი და აუტანელი შეიქმნა ქვეყნის ყველა სოციალური ფენისთვის. ახალგაზრდა პოლიტიკოსმა სწორედ ამ სენის აღმოფხვრაზე გაამახვილა მთელი ყურადღება. ეს ბღძოლა მან მაჰმადიანობის საწინააღმდეგოდ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირში განიზრახა. ეს გადაწყვეტილება სოლომონს მთელი რეგიონის აღიარებულ ლიდერად აქცევდა. ამას მოწმობს 1759 წლის საეკლესიო კრება, რომელმაც ერთხმად დაგმო და შეაჩვენა “ტყვეთა სყიდვა” და მისი მიმდევრები.

ტყვეთა ძირითადი მომხმარებელი ოსმალეთი იყო, ამიტომ მისთვის მიუღებელი შეიქმნა ქართველების ენერგიული, ეროვნული პოლიტიკა. თურქეთი იმერეთის დასასჯელად ემზადებოდა, მაგრამ ნიჭიერი და ენერგიული მეფე არ დაელოდა მტრის შემოტევას (დამსჯელ ღონისძიებას) და ხრესილის მინდორზე 1757 წლის 14 დეკემბერს სასტიკი მარცხი აგემა იმერეთში მყოფ თურქულ გარნიზონებს და მათ დამხმარე ქართველ ფეოდალებს.

გამარჯვებას უდიდესი რეზონანსი ჰქონდა. ქართველები ზეიმობდნენ. თურქეთში შეშფოთება სუფევდა. მარცხის გამო სიკვდილით დასაჯეს ახალციხის ფაშა ჰაჯი აჰმადი. 1758 წელს იმერეთში თურქთა ორი ლაშქრობა მოეწყო, მაგრამ ამას არსებითი სედეგი არ მოჰყოლია და ხრესილის ექო არ შეუნელებია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*