ინდონეზიაში უძველესი კლდის გამოსახულება აღმოაჩინეს

მხატვრობის ასაკი 45 000 წელს აღემატება.

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე არქეოლოგებმა უძველესი კლდის მხატვრობა აღმოაჩინეს. გამოსახულებაზე, რომლის ასაკი 45,5 ათასი წლით თარიღდება, ნატურალური ზომის ღორის მსგავსი ცხოველია დახატული.

ნახატის ზომა 136×54 სანტიმეტრია. მასალად გამოყენებულია მუქი წითელი ოხრა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნახატზე გამოსახულია ცელებესური ღორი, რომელიც კუნძულ სულავესის ენდემური სახეობაა. ეს ღორები ახლაც არიან კუნძულზე, მაგრამ მათი პოპულაცია უმოწყალოდ მცირდება.

მეცნიერები აღნიშნავენ: ახალი აღმოჩენა კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ ძველ ინდონეზიაში კლდის მხატვრობა გავრცელებული იყო და ის გამყინვარების პერიოდში ევროპიდან არ შემოსულა (როგორც ადრე ითვლებოდა).

აღმოჩენა გაკეთდა გამოქვაბულში ლეანგ ტედონგნგეში. ეს ძალიან მიუვალი ადგილია და მიუხედავად დიდ ქალაქ მაკასართან სიახლოვეს, აქ არცერთი დასავლელი მკვლევარი ამ დრომდე არ ყოფილა.

გამოქვაბულში სხვა ნახატებიც არის აღმოჩენილი, თუმცა უკეთესად ყველაზე ძველი გამოსახულებაა შემონახული. ცხოველის ზემოთ ადამიანის ორი ხელის გამოსახულებაც ჩანს.

მეზობელ გამოქვაბულში – ლეანგ ბალანგაჯიაში, ჭერზე ღორის უფრო დიდი ნახატია – 187×110 სანტიმეტრი. ამ გამოქვაბულში სხვა ნახატებიც არის, მაგრამ ისინი ძალიან დაზიანებულია და მათი იდენტიფიცირება რთულია. ზოგიერთი ანატომიური მინიშნება იმაზე მიუთითებს, რომ აქ მოზრდილი მამალი ღორებია გამოსახული.

სულავესის ცელებესური ღორები კუნძულის ენდემური სახეობაა – ის აქ იზოლაციის პირობებში ასეულობით ათასი წლის წინ ვითარდებოდა. არქეოლოგიური მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები მათზე ნადირობდნენ და ისინი მოიშინაურეს კიდეც.

როგორც ჩანს, გამყინვარების პერიოდის სულავესელი მხატვრები ნამდვილი შეპყრობილები იყვნენ ამ ცხოველებით. ეს არც არის გასაკვირი, თუ მათ მნიშვნელოვან როლს გავითვალისწინებთ ადამიანების ცხოვრებაში.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*