“ირმის ნახტომის” კიდეები დეფორმირდება. შესაძლოა, სხვა გალაქტიკასთან შეჯახების გამო

ასტროფიზიკოსები იმის ახსნას ცდილობენ, რაც ჩვენი გალაქტიკის განაპირა უბნებში ხდება.

კვლევების თანახმად, რაღაც უცნობი ირმის ნახტომის კიდეებზე ზემოქმედებს და მისი გარე საზღვრების “გალაქტიკურ გადახრას” იწვევს.

ირმის ნახტომში, დაახლოებით, 250 მილიარდი ვარსკვლავია, რომლებიც სპირალურად არიან დაჯგუფებული და ზემასიური შავი ხვრელის გარშემო ბრუნავენ. ის გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს.

მაგრამ ასტრონომებმა სხვა დინამიკა აღმოაჩინეს – ირმის ნახტომის შორეულ ნაპირებში გალაქტიკური დისკი გამრუდებულია და დეფორმირდება იმ მოვლენის გავლენით, რომელიც მეცნიერებისთვის ჯერ უცნობია.

ამ საიდუმლოს ამოსახსნელად, ტურინის ასტროფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსის, ელიოზო პოჯიოს ხელმძღვანელობით, მეცნიერთა ჯგუფმა 12 მილიონი ვარსკვლავის მოძრაობა შეისწავლა. გამოიყენეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპი Gaia.

მათ შეისწავლეს დეფორმაციის სიჩქარე. ის 600-700 მილიონი წელი აღმოჩნდა. სწორედ ეს არის გალაქტიკის ცენტრის გარშემო, დეფორმაციის ერთი სრული შემობრუნების სიჩქარე. ეს იმაზე სწრაფია, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ.

დეფორმაციის მიზეზად, შეიძლება ჩაითვალოს გალაქტიკებს შორისი მაგნიტური ველები, გალაქტიკური გილოს ასიმეტრიულობა ან წარსულში სხვა გალაქტიკის შთანთქმა.

თუმცა მიღებული მონაცემები იმაზე მეტყველებენ, რომ ეს დეფორმაცია შეიძლება გამოწვეული იყოს “ირმის ნახტომის” თანამგზავრი გალაქტიკის ზემოქმედებით. ეს შეიძლება იყოს ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა მშვილდოსანში, მაგრამ ამას მეცნიერები ჯერ ვერ ადასტურებენ.

“გამრუდების მიმართულება და სიჩქარის სიდიდე იმას ეთანხმება, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს, უკვე დაწყებული და ახლაც მიმდინარე სხვა გალაქტიკასთან შეჯახების პროცესით და არა გალაქტიკის წარსულში მომხდარი მოვლენებით”.

საჭიროა კიდევ დამატებითი კვლევები, თუმცა უკვე მიღებული შედეგები იმას მოწმობენ, რომ თანამგზავრი გალაქტიკები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი გალაქტიკის, “ირმის ნახტომის”, გარე დისკის ფორმირებაში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*