ისლანდიის სანაპიროსთან ნაპოვნია ტონა ოქროთი დატვირთული ნაცისტების ჩაძირული ხომალდი

ზღვის ფსკერზე სხვადასხვა ეპოქების ჩაძირული განძი აღმომჩენებს ელოდება. ცოტა ხნის წინ განძის მაძიებლებს გაუმართლათ: ისლანდიის აკვატორიაში ოქროთი დატვირთული ხომალდი აღმოაჩინეს.

1939 წლის სექტემბერში, II მსოფლიო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, გერმანელებმა სამხრეთ ამერიკიდან გერმანიაში გააგზავნეს გემი SS Minden. გემის ბორტზე გერმანული ბანკის Dresdner Bank–ის შვილობილი სამხრეთ ამერიკული ბანკის Banco Germanico–ს კუთვნილი ოქრო იყო დატვირთული. ატლანტის ოკეანეში, ისლანდიისგან სამხრეთით გემი ალყაში მოაქცია სამეფო სამხედრო–საზღვაო ფლოტმა. განძი მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, ნაცისტებმა ხომალდი ჩაძირეს.

ამ და მსგავსი ჩაძირული გემების ძიება მრავალი წელია მიმდინარეობს. განძზე “მონადირეების” უამრავი ჯგუფი არსებობს. ცოტა ხნის წინ ბედმა გაუღიმა ბრიტანული კომპანია Advanced Marine Services–ის მყვინთავებს: ისლანდიის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროსგან 190 კილომეტრში მათ SS Minden–ი აღმოაჩინეს.

მაგრამ ძვირფასეულობის გამოყენებას ისინი ალბათ ვერ შეძლებენ: ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ისლანდიის მთავრობამ ისინი უკანონო ძიებაში დაადანაშაულა. მათ შესაბამისი ლიცენზია არ აღმოაჩნდათ. ამას გარდა, ქვეყანამ განაცხადა, რომ მის აკვატორიაში ნაპოვნი განძი სახელმწიფოს ეკუთვნის. თანამედროვე დაანგარიშებით 4 ტონა ოქროს ღირებულება 100 მილიონი ფუნტია (130 მილიონი დოლარი).

ჯერჯერობით ისლანდიის ხელისუფლება ამ ოქროს ფსკერიდან ამოღებას აფერხებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*