ისრაელში უნიკალური მოზაიკა აღმოაჩინეს

ახლახან იერუსალიმის სამხრეთით მდებარე ბიზანტიური ბაზილიკის, გუშ ეციონის დასახლებათა ჯგუფის ტერიტორიაზე ფერადი მოზაიკა და სხვა არტეფაქტები იპოვეს. თავად ეკლესია დასახლება მაგდალ ოზში მდებარეობს და ის მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც ხირბერტ ბურეიკუტი ხელმძღვანელობდა, 1977 წელს აღმოაჩინა. ხოლო მოზაიკა, რომელსაც ახლახან მიაკვლიეს, ადასტურებს, რომ 39 წლის წინ აღმოჩენილი ძეგლი IV საუკუნისაა.

ჰაიმ შკოლნიკი, არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი: “გათხრების არეალი 2015 წლიდან გავაფართოეთ. გვსურდა დაგვედგინა, რომელ რეგიონს მიეკუთვნებოდა აღმოჩენილი არტეფაქტები. მით უფრო, რომ ტერიტორია, რომელსაც ვიკვლევთ, ბიზანტიურ ეპოქაში ძირითადი თემებისგან იზოლირებული იყო”.

გათხრებისას მინის ნაკეთობები, კერამიკის ფრაგმენტები და 50–მდე მონეტა აღმოჩნდა. მათ შორის ერთი იუდეველთა მეფის, ალექსანდრე იანაის პერიოდისა (მეფობდა ძვ. წ. 103–76 წლებში). ჰაიმ შკოლნიკი ფიქრობს, რომ მოპოვებული მასალა, კერძოდ, მარმარილოსა და მინის ნაკეთობების სიმრავლე აშკარად მიუთითებს ეკლესიის სიმდიდრეზე. მიაკვლიეს სადრენაჟე სისტემასაც, რაც ბიზანტიურ ეკლესიებში იშვიათობაა. ნახეს მიწისქვეშა აკლდამაც და ორი ჩასასვლელი კიბე.

ანანია ჰიზმი, მკვლევარი: “გამოქვაბული აკლდამად იყო გადაქცეული და მოწამეთა დასაკრძალავად გამოიყენებოდა. ბაზილიკაში სალოცავი დარბაზი და კარიბჭე იყო. ეკლესია მასიური ქვის ბლოკებისგან ააგეს. როგორც ჩანს, უფრო ძველ არქიტექტურულ საძირკველზე”.

ჰაიმ შკოლნიკი: “ეკლესია კონსტრუქციულად განსხვავდება იმდროინდელი შენობებისგან. შესაძლოა იგი სირიელმა ბერებმა დააარსეს, როგორც ეს V საუკუნეში ხდებოდა. ჩვენ იმის მტკიცებულებასაც მივაგენით, რომ ტაძარი პილიგრიმების მასპინძელი და თავშესაფარი იყო, სანამ მუსლიმთა შემოსევის შედეგად არ განადგურდა”.

ეკლესიაში IX საუკუნეშიც მიმდინარეობდა წირვა–ლოცვა, თუმცა მალე მან მოქმედება შეწყვიტა. მამლუქების დროს, XIV საუკუნეში აღადგინეს, შემდეგ კი რამდენიმე საუკუნით ისევმიავიწყდათ, ვიდრე 1977 წელს აქ გათხრები არ დაიწყეს.

byzantine-church

მოზაიკის ფრაგმენტი გაწმენდამდე

 

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*