ისტორიული ამბები “ივერიადან”

აღდგომის დღესასწაული საინგილოში

ამ დღესასწაულისათვის ინგილოები ვნების პარასკევიდან ემზადებიან. ამ დღეს წითელი კვერცხებით და სამარხვო საჭმელ–სასმელით (მხოლოდ მამაკაცები) გადიან სასაფლაოზე, ასწორებენ ახლად განსვენებულთა საფლავებს; ერთად, ძმურად იხსენებენ მკვდრების სულს, მერე ბურთაობენ და საღამოს ჟამს შინ ჰბრუნდებიან. შეღებილ კვერცხებს ინახავენ აღდგომისათვის. აღდგომის დღეს, მამლის ყივილისას, მთელი სახლობა იღვიძებს და პირს იხსნილებს ღორის ხორცით. გაღეჭენ ერთს ნამცეც ღორის ხორცს, გამოაფურთხებენ და თანაც იტყვიან: “ლეკო, დაგვჩეკე!” ამ სიტყვებს აღდგომის შემდეგ იმეორებენ მაშინაც, როდესაც პირველად დაინახავენ ლეკსა.

1888 წ.  № 87
გასართობი

განთქმული იტალიელი პოეტი დანტე ალიგიერი იძულებული იყო ფლორენციიდან ვერონაში გაქცეულიყო, სადაც თავად ალბოინ დე ლასკალე დანტეს უფრო ნაკლების პატივისცემით ეპყრობოდა, ვიდრე თავისს მასხარას. როცა დანტეს გააგონეს ეს ამბავი, მშვიდობიანად უპასუხა თურმე: “არც საკვირველია, ყველას თავისი ფერი და მსგავსი უფრო მოსწონსო”.

1889 წ. № 143

სოფელი ნიკორწმინდა

ამ სოფელში, როგორც მოგეხსენებათ, არის 900 წლის ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელისა. წარსულის თვის მიწურულში დაასრულეს კიდეც შეკეთება ამ ეკლესიისა. ამ შესანიშნავის ძველი ნაშთის შეკეთება ნარდად ჰქონდა აღებული ამავე სოფლის მკვიდრს გეგეშიძეს 4, 250 მან. 50 კაპ. პირობისამებრ, ამ კაცს ეს ეკლესია უნდა დაეხურა, ნაცვლად ძველი ჟესტის სახურავისა, თუთიათი. ამას გარდა კედლების დამსხვრეული, გაფუჭებული და ჩამოცვივნული ქვები უნდა გამოეცვალა. ეს ყველაფერი გააკეთა გეგეშიძემ და იმისმა მოყვანილმა ხელოსნებმა ბერეკაშვილებმა. ამ უკანასკნელთა შეაკეთეს ქვის ნაწილი საყდრისა. აქ უნდა მოვიხსენიოთ, რომ ეს ბერეკაშვილები (ოკრიბელი, სოფელ კურსებიდან) , ცნობილნი არიან მთელს იმერეთ–რაჭაში ეკლესიების შენებით. ამათ ააგეს რაჭაში სხვავის ლამაზგუმბათიანი ეკლესია; ესენივე აპირებენ სოფელ ხოტევის საყდრის გუმბათის გაკეთებას და ამ ზემოხსენებულ ხელოსანთ ძრიელ მოსწონთ ნიკორწმინდის ტაძრის ძველი ხელოვნება; თითონვე ამბობენ, რომ ძველი ხუროთმოძღვრება ვიცითო. 8–ს ამ თვისას ტფილისის რკინისგზით ნიკორწმინდის ეკლესიის სანახავად მოვიდნენ ჩვენი პატივცემული ისტორიკოსი დ. ზ. ბაქრაძე და გამოჩენილი რუსის პროფესორი ბ–ნი კონდაკოვი.

1889 წ. № 174

რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე

Leave a comment

Your email address will not be published.


*