ისტორიული საგანძური “პერიფერიიდან”

შარშან ინდოეთის ქალაქ მადურაიში ხანძარმა ნაწილობრივ დააზიანა აქაური გრანდიოზული სატაძრო კომპლექსი მინაკში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია. მარტალია, ცეცხლს ისეთი ზიანი არ მიუყენებია, როგორც ნოტრ-დამისთვის, თუმცა ინდოელები ამ მათთვის მეტად მნიშვნელოვანი ნაგებობისადმი მსოფლიო მედიის ყურადღების ნაკლებობით საკმაოდ უკმაყოფილო დარჩნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხანძარი მინაკშის ტაძარში, რომელიც შივაიზმის მთავარი ცენტრია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ნაკლებ ყურადღებას არ იმსახურებდა.

მინაკშის ინდუისტური სატაძრო კომპლექსი, იგივე მინაკში-სუნდარეშვარას ტაძარი ისტორიულ ქალაქ მადურაიში შივას ერთ-ერთ მეუღლეს – სამძუძუიან ქალღმერთ მინაკშის (სანსკრიტზე “თევზის თვალი”) ეძღვნება. ტაძარი მოხსენიებულია ახ. წ. VI საუკუნის ტექსტებში. 1310 წელს ის მუსლიმანმა დამპყრობლებმა თითქმის მთლიანად დაანგრიეს, თუმცა XIV საუკუნის ბოლოსთვის ინდოელებმა სრულად აღადგინეს.

მინაკშის სატაძრო კომპლექსის სიგანეა 258 მეტრი, სიგრძე 223 მეტრი, ყველაზე მაღალი – სამხრეთი კოშკის სიმაღლე 519 მეტრია. ანსამბლს აქვს 14 გოპურამი – ინდურ ტაძრებში კარიბჭეთა თავზე დაშენებული მაღალი კოშკი. მათი საშუალო სიმაღლე 45-50 მეტრია. გარე კოშკები პირამიდის ფორმის მაღალი ნაგებობებია. ისინი ერთგვარი ორიენტაციაა უამრავი მომლოცველისთვის, ხოლო შიდა კოშკები უფრო მომცროა და სხვადასხვა სალოცავს შორის კარიბჭეების როლს ასრულებს. გოპურამების სართულიანობა სხვადასხვაგვარია. კომპლექსში არის ოთხი 9-სართულიანი გოპურამი, ერთი 7-სართულიანი, ხუთი 5-სართულიანი, ორი 3-სართულიანი და ორიც – ოქროთი მოვარაყებული ერთსართულიანი.

გოპურამები მთლიანადაა დაფარული მომცრო, გაფერადებული სკულპტურებით. მრავალ ათას ფიგურაში, რომელთა შორის არის მრავალხელიანი შივები, მრავალსახოვანი ქალღმერთები, ქურუმები და მუსიკოსები, მითოლოგიური ცხოველები, მამაკაცები და ქალები, არ გვხვდება ორი ერთნაირი ქანდაკება. ყოველი ჯგუფი ან სცენები პანინდუისტური ან ადგილობრივი ლეგენდის ეპიზოდს ასახავს. ოთხი ყველაზე დიდი გარე გოპურამის კედლებზე 4000-ზე მეტი მითოლოგიური ისტორიაა გამოსახული.

ტაძრის შიგნით ღვთაება შივა-სუნდარეშვარას ქანდაკება და სამლოცველოა, ხოლო კომპლექსში უამრავი სკულპტურული სვეტებიანი დარბაზია. მათ შორის ყველაზე ცნობილია ოთხი – 1000 სვეტის დარბაზი აირაკალი. კილიკუნდუ-მანდაპამი, გოლუ-მანდაპამი და პუდუ-მანდაპამი, რომელთა სკულპტურები ინდუისტურ ღვთაებებს ეძღვნება, ხოლო მინაკშისა და შივა-სუნდარეშვარას გამოსახულებები კი ოქროთია მოვარაყებული.

კომპლექსი ისტორიული ქალაქის ცენტრში მდებარეობს. არქიტექტურულად ნაგებობა შესრულებულია ტიპურ ინდურ სტილში, ორიენტირებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ტაძრის წინ განლაგებულია “ოქროს შროშანების ტბა” განბანის რიტუალისთვის. ტაძარში ეწყობა მრავალრიცხოვანი რელიგიური რიტუალები და დღესასწაულები. განსაკუთრებით საზეიმო რელიგიურ დღეებში შივა-სუნდარეშვარას ქანდაკება ტაძრიდან გამოაქვთ, ათავსებენ მოვარაყებულ ეტლზე, რომელშიც სპილოა შებმული და ტაძარს გარს უვლიან.

მინაკშის სატაძრო კომპლექსი ინდოეთში შივაიზმის (ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმდინარეობა) მთავარი სამლოცველო ადგილია, თუმცა აქ ვხვდებით ვიშნუს უამრავ გამოსახულებასაც, რომელიც მინაკშის ძმად ითვლება, ასევე ლაქშმის, კრიშნას, რუკმინის, ბრაჰმას, სარასვატისა და სხვა ინდუისტურ ღვთაებებს. მადურაიში ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი ჩადის, ხოლო მინაკშის ყოველწლიურ 10-დღიან ფესტივალს მილიონზე მეტი მომლოცველი ესწრება. აღსანიშნავია, რომ ტაძრით თავის დროზე აღფრთოვანებული დარჩენილა მოგზაური მარკო პოლო.

თანამედროვე ეპოქაში ტაძრის ფერად ფიგურებს ყოველ 12 წელიწადში ღებავენ. ბოლო რესტავრაცია 2009 წელს ჩატარდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*