იტალიაში გაუძარცვავი ეტრუსკული სამარხი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა იტალიის პატარა ქალაქ ჩიტა დელა პიევასთან ახლოს 2 400 წლის წინ დალუქულ და ხელუხლებელ ეტრუსკულ სამარხს მიაკვლიეს. გაუძარცვავი ეტრუსკული სამარხი იშვიათობაა. სარკოფაგი და სამარხში აღმოჩენილი მდიდრული ნივთები ორი ათასწლეულის წინ გამქრალი საიდუმლოებებით მოცული ცივილიზაციის შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდის.

Etruscan-Tomb

სამარხის ინტერიერი

ეტრუსკები ცენტრალურ იტალიაში, თანამედროვე ტოსკანის ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ მრავალი რამ ისწავლეს ბერძნებისგან, მაგრამ გააჩნდათ თავიანთი განსაკუთრებული კულტურა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მეზობლებზე, მათ შორის რომაელებზეც, ფრანგებს ღვინის კეთება ასწავლეს, რომაელებს – გზების დაგება და ევროპას წერის ხელოვნება გააცნეს. ეტრუსკებს ხელსაყრელი პირობები ჰქონდათ, რამაც მათ კულტურას აყვავების საშუალება მისცა ძვ. წ. 900–500 წლებს შორის. თუმცა რომის იმპერიის გაძლიერების შემდეგ, ეტრუსკები მის ნაწილად იქცნენ.

მიუხედავად ამისა, ეტრუსკების შესახებ ისტორიას ცოტა რამ თუ შემორჩა. უცნობია ეტრუსკული ლიტერატურა და ენა. ცნობები მათ შესახებ მხოლოდ ბერძენ და რომაელ ავტორებთან არის დაცული. მწირია არქეოლოგიური მასალაც.

ამიტომ სამარხი, რომელიც ფერმერმა მიწის დამუშავებისას აღმოაჩინა, მეტად ფასეულია. ადგილზე მისული მეცნიერები გააოცა ქვის მძიმე კარმა, რომელიც მშვენივრად იყო შემონახული. არანაკლებ საინტერესოა არტეფაქტები, რომლებსაც სპეციალისტებმა სამარხში მიაკვლიეს: ორი სარკოფაგი, მარმარილოს ოთხი ურნა კერამიკული ნეშტით, ახალგაზრდა კაცის მარმარილოს ბიუსტი და მრავალი ნივთი.

არქეოლოგ კლარიტა ნატალინის განცხადებით, ორი სარკოფაგიდან ერთი მარმარილოსია, მეორე კი მოხატული ბათქაშითაა შელესილი.

dnews-files-2015-12-etruscan-urn-670-jpg

მწოლიარე ფიგურა მარმარილოს ურნის თავზე

მარმარილოს სარკოფაგში, რომელსაც წარწერა აქვს, მამაკაცის ნეშტს მიაკვლიეს. წარწერის მიხედვით, გარდაცვლილის სახელი “ლარსი” უნდა იყოს. ნატალინი და მისი ჯგუფი წარწერების სრულად გაშიფვრას იმედოვნებენ, რითაც მეტს შეიტყობენ, მათ შორის, გარდაცვლილთა მშობლებისა და საგვარეულოს შესახებ.

წარწერები აღმოჩნდა ბათქაშით შელესილ სარკოფაგზეც, თუმცა ის დაზიანებულია და ნაწილებად დაშლილი.

elaborate-Etruscan-tomb

კედლის მხატვრობა ეტრუსკულ დასაკრზალავ კამერაში, სახელწოდებით “ლეოპარდების აკლდამა”

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა საშუალებას მისცემთ, ეტრუსკების რიტუალები შეისწავლონ, რომლებიც სრულიად განსხვავდებოდა მათივე მეზობლებისაგან. ასევე გაეცნონ ეტრუსკულ სოციალურ თუ პოლიტიკურ წყობას, ჩვეულებებსა და რელიგიურ შეხედულებებს სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე.

 

აღმოჩენილ სამარხში ნაპოვნ არტეფაქტებს ჩიტა დელა პიევას მუზეუმის მეცნიერები სწავლობენ, შემდეგ კი მათ მუზეუმში გამოფენენ.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*