იტალიელმა მეზღვაურებმა ამერიკის შესახებ, კოლუმბამდე 150 წლით ადრე იცოდნენ, მაგრამ ეს დადასტურებული არ არის

ამაზე უძველესი დოკუმენტების ანალიზი მეტყველებს.

შუასაუკუნეების ლათინური ლიტერატურის პროფესორმა, პაოლო კიეზამ, მილანელი ბერის, გალვანო ფიამას მიერ 1345 წელს შედგენილი დოკუმენტის შესწავლის დროს “გასაოცარი” აღმოჩენა გააკეთა. მან აღმოაჩინა ნაწყვეტი უცნობ მიწაზე, რომელსაც დღეს ჩრდილოეთ ამერიკას ვუწოდებთ.

კიეზას მიხედვით, გენუელმა მეზღვაურებმა ამ მიწის შესახებ უკვე იცოდნენ და მას “მარკლანდს” უწოდებდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლაპარაკია ნიუფაუნდლენდზე და ლაბრადორზე, რომლებიც ასევე მოხსენიებულია რამდენიმე ისლანდიურ წყაროში.

გალვანო ფიამა დომინიკელი ბერი იყო, რომელიც მილანის მმართველ ოჯახთან იყო დაკავშირებული. მან ლათინურად რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები დაწერა ისტორიულ თემაზე. ფიამამ საფუძველი ჩაუყარა მილანურ შუასაუკუნეების ისტორიოგრაფიას. “უნივერსალური ქრონიკა” ბერის გვიანდელი ნაშრომია. ის დაუსრულებელია. ფიამა დაწვრილებით აღწერს სამყაროს “დასაბამიდან” მისთვის თანამედროვე პერიოდამდე.

ერთ-ერთი ნაწყვეტი აღწერს ხმელეთის უზარმაზარ მონაკვეთს, რომელსაც მარკლანდი ეწოდება. ტექსტში შემდეგ ფიამამ სახელწოდებას ლათინური ფორმა მისცა – მარკალანდა. ბერის სიტყვებით, მან ამ მიწის შესახებ გენუელი მეზღვაურებისგან შეიტყო, რომლებიც ხშირად იმყოფებიან დანიაში და ნორვეგიაში.

“შორს, დასავლეთში არის სხვა მიწა, მარკალანდა, სადაც გიგანტები ცხოვრობენ. ამ მიწაზე არის უზარმაზარი ქვის ფილებით აგებული შენობები, რომლებსაც გიგანტების გარდა ვერავინ ააგებდა. ასევე არის მწვანე ხეები, ცხოველები და უამრავი ფრინველი” – წერია “უნივერსალურ ქრონიკებში”.

კიეზას აზრით, ეს ნიშნავს, რომ იტალიაში ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის შესახებ კოლუმბის მოგზაურობამდე 150 წლით ადრე იცოდნენ.

კიეზა ასევე აღნიშნავს, რომ მარკლანდზე ზეპირი გადმოცემები ძალიან დიდხანს იყო გავრცელებული. არ არის გამორიცხული, რომ ქრისტეფორე კოლუმბმაც მოისმინა ეს გადმოცემები. სწორედ გენუაში დაიბადა დიდი მოგზაური 1451 წელს.

ძალიან პოპულარულია ჰიპოთეზა, რომ ჩრდილოეთ ამერიკა ვიკინგებმა აღმოაჩინეს ათასეული წლის წინ. ფიამას მიერ ხსენებულმა მეზღვაურებმა, შესაძლოა, შოტლანდიელი, დანიელი და ნორვეგიელი მეზღვაურებისგან მოისმინეს ამბები ამ მიწის შესახებ. ვიკინგების საგებში ამერიკის მიწები მოხსენიებულია ვინლანდის სახელწოდებით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*