“იუნონამ” ისტორიაში განიმედეს ყველაზე სრულყოფილი ფოტოები გამოგზავნა

მზის სისტემის ყველაზე დიდი თანამგზავრი არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს.

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა “იუნონამ”, რომელიც იუპიტერის მიდამოებში 2016 წლიდან იმყოფება, განიმედეს – მზის სისტემის ყველაზე მსხვილ თანამგზავრს, 100 კილომეტრის სიახლოვეს ჩაუფრინა. არცერთი კოსმოსური აპარატი ასე ახლოს არ ყოფილა თანამგზავრთან. ბოლოს მსგავსი მანევრი “გალილეომ” ჩაატარა 2000 წელს.

სულ რაღაც 25 წუთში განიმედე პატარა მანათობელი წერტილიდან მრგვალ დისკოდ იქცა, შემდეგ კი – ისევ პატარა წერტილად. ზონდს 25 წუთი ეყო ხუთი ფოტოს გადასაღებად. NASA-მ პირველი ორი ფოტო გაასაჯაროვა. ეს თანამგზავრის ყველაზე სრულყოფილი და მკაფიო ფოტოებია ისტორიაში.

პირველ ფოტოში მისი ერთი მხარე თითქმის მთლიანად ჩანს. ეს ფოტო მწვანე ფილტრით არის გადაღებული. უახლოეს დღეებში NASA მიიღებს ლურჯი და წითელი ფილტრით გადაღებულ ფოტოებს, რაც განიმედეს პორტრეტს ფერადოვანს გახდის.

მეორე ფოტო შავ-თეთრი კამერით არის გადაღებული. მასზე განიმედეს ბნელი მხარის უბანი ჩანს. “იუნონას” ფრენის მომენტში ეს მხარე მხოლოდ იუპიტერიდან არეკლილი მკრთალი სინათლით იყო განათებული.

მკვლევარები რაიმე სამეცნიერო დასკვნებისგან ჯერ თავს იკავებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ “იუნონას” გაფრენა განიმედეს შემადგენლობის, მისი იონოსფეროს, მაგნიტოსფეროს და ყინულოვანი ქერქის შესწავლას შეუწყობს ხელს. ასევე, ის მეცნიერებს რადიაციული გარემოს გაზომვაში დაეხმარება, რაც შემდგომი მისიების წარმატებით განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

განიმედე ერთადერთი მთვარეა მზის სისტემაში, რომელიც თავისი ზომებით მერკურის აღემატება.

518573b55a62425f95edf2072bbd86af.max-2000x1000

ce27df0b5fd64636b0c7c50b613f6d1d.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*