“იუნონა” იუპიტერის ორბიტაზე გავიდა: ვიდეო

გაშვებიდან 5 წლის შემდეგ კოსმოსური აპარატი “იუნონა” წარმატებით გავიდა იუპიტერის ორბიტაზე. ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურის მისია კიდევ წელიწადნახევარი გაგრძელდება.

NASA-ს კოსმოსური აპარატი “იუნონა” იუპიტერზე 2011 წლის 5 აგვისტოს გაიგზავნა. “იუნონამ” უნდა შეისწავლოს იუპიტერის ატმოსფერო, ასევე პირველად გადაიღებს პლანეტის სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებს.

2016 წლის 4 ივლისს აპარატმა გაიარა 2,8 მილიარდი კილომეტრი და მიაღწია დაგეგმილ ადგილს. წარმატებით ჩაატარა 35 წუთიანი მანევრი. “იუნონამ” შეანელა სიჩქარე და აღმოჩნდა იუპიტერის გრავიტაციული ველის ზემოქმედების ქვეშ. ზონდი ავტოპილოტით მიფრინავდა და დედამიწიდან ოპერატორების ჩარევა საჭირო არ გახდა.

ერთი დედამიწის წელიწადის განმავლობაში აპარატმა 33–ჯერ უნდა შემოუაროს იუპიტერს. თითოეულ ბრუნს 14 დედამიწის დღე დასჭირდება. ბრუნვის დროს აპარატის ყველა მოწყობილობამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. მისია წელიწადნახევარი უნდა გაგრძელდეს, რის შემდეგაც პლანეტათაშორისი სადგური პლანეტის ატმოსფეროში თვითგანადგურდება.

“იუნონა” მეორე აპარატია “გალილეოს” შემდეგ, რომელიც იუპიტერის ორბიტაზე გავიდა. “გალილეო” იქ 1995 წლიდან 2003 წლამდე იმყოფებოდა. ამასთან, “იუნონა” პირველი კოსმოსური აპარატია ასტრონომიის ისტორიაში, რომელიც მზის ბატარეებზე მუშაობს მზიდან ასეთ დიდ მანძილზე დაშორებული.

აგრეთვე, ის პირველი აპარატია, რომელიც ასე ახლოს მივიდა იუპიტერთან: პლანეტის რადიაციული სარტყელები აპარატურებს ანადგურებენ. “იუნონას” კონსტრუქცია ასეთ რისკებს ითვალისწინებს: აპარატს გააჩნია ტიტანის მძლავრი დამცავი ეკრანები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*