იყვნენ თუ არა მსუქანი შუა საუკუნეების ბერები

დღეს დამკვიდრებული წარმოდგენა შუა საუკუნეების ევროპელ ბერზე ხშირად ასოცირდება რობინ ჰუდის მეგობარი ბერი ტუკის გამოსახულებასთან – ანუ მსუქან მამაკაცთან, რომელიც უარს არ ამბობს კარგ ჭამა–სმაზე. რამდენად სწორია ეს სტერეოტიპი?

ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ სიმსუქნე შუა საუკუნეების ბერებისთვის მართლაც დამახასიათებელი იყო. ეს დასკვნა ბრიტანულ სამეცნიერო პერიოდიკაში გამოაქვეყნა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თანამშრომელმა პიპ პატრიკმა., რომელიც შუა საუკუნეების არქეოლოგიის მონასტრული არქეოლოგიის, პალეოპათოლოგიის და ჰემატოლოგიის სპეციალისტია.

პატრიკმა შეისწავლა ლონდონის გარშემო მდებარე სამი სხვადასხვა სააბატოს შუა საუკუნეების ბერთა ძვლები. მეცნიერმა 274 ჩონჩხი გამოიკვლია და შეადარა რეგიონში იმავე ეპოქაში მცხოვრები სხვა მოქალაქეების ძვლების ნაშთებს. კერძოდ, იგი იკვლევდა სხვადასხვა პათოლოგიებს, რომლებიც სიმსუქნის ინდიკატორად მიიჩნევა.

აღმოჩნდა, რომ საერო პირებთან შედარებით, 5–6–ჯერ მეტი იყო ბერების დაავადების შანსი სიმსუქნესთან დაკავშირებული ოსტეოართრიტით, 3–ჯერ მეტი – ასევე სიმსუქნესთან ასოცირებული ე. წ. ჩონჩხის გაფანტული იდიოპათიური ჰიპეროსტოზით და 4–5–ჯერ მეტი – სიმსუქნით გამოწვეული სახსრების დაზიანებით. პატრიკმა დაადგინა, რომ საერთო ჯამში ბერები უფრო დიდები იყვნენ, ვიდრე მათი თანამედროვე მოქალაქეები და ჰქონდათ გაცილებით მეტი სხეულის საშუალო მასა.

მკვლევარმა შეისწავლა შუა საუკუნეების ინგლისელი ბერების დიეტაც. აღმოჩნდა, რომ მათი კვების რაციონის საფუძველს წარმოადგენდა ცილები და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები (ცხოველური პროდუქტის ინგრედიენტები). რაც მთავარია, ბერები დღეში ორჯერ იკვებებოდნენ ზაფხულის თვეებში, მხოლოდ ერთხელ – ზამთარში და თანაც ყველაფერი მკაცრად განსაზღვრული, საკმაოდ მოკლე დროში უნდა მიეღოთ. ეს კი კიდევ უფრო ასუსტებდა მათ საჭმლის მომნელებელ სისტემას და ზედმეტი წონის ზრდას უწყობდა ხელს.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*