კახეთის აჯანყება

1615 წელს ოსმალთა არმია ერანისკენ დაიძრა და საზღვართან დადგა. იმერეთში თავშეფარებულმა თეიმურაზმა ვითარება კახეთში აჯანყების დაწყებისათვის შესაფერისად ჩათვალა, თავისი კაცები აფრინა და აჯანყებისათვის მზადებას შეუდგა. კახეთში საამისოდ ნიადაგი შემზადებული იყო. კახელები უკმაყოფილონი იყვნენ ერანის საჰისა, რომელმაც კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიწირა. კახეთში ყოფნისას სპარსელებმა შეურაცჰყვეს სალოცავები, თეიმურაზის ერთგულებისთვის სასტიკად ააოხრეს საგურამო და ერწო–თიანეთი. ხელთ იგდეს 30 000–მდე ტყვე. კახელებმა კარგად დაინახეს, რა ფასი ჰქონდა შაჰის წყალობას. უკმაყოფილება მეზობელი შირვანის პროვინციაშიც სუფევდა. ყველაფერმა ამან აჯანყების განწყობილება გააძლიერა.

e18397e18394e18398e1839be183a3e183a0e18390e18396-i-e1839be18394e183a3e183a6e1839ae18394e183a1e18397e18390e1839c-e183aee1839de183a0

თეიმურაზ I და მისი მეუღლე (კასტელი)

აჯანყებას სათავეში ნოდარ ჯორჯაძე და დავით ჯანდიერი ჩაუდგნენ. იგი 1615 წლის 15 სექტემბერს დაიწყო. ქუთაისში მყოფი თეიმურაზი კახეთისკენ გამოეშურა.

ყიზილბაშთა რაზმები განადგურებულ იქნა. თეიმურაზმა ქვეყანა დაიჭირა. აჯანყება ქართლსაც მოედო. კახეთის მეფემ შაქში ილაშქრა, ქალაქი არეში აიღო და იქ ერანელი მეციხოვნეები გაწყვიტა. შაქი–შირვანელები ერანელთა წინააღმდეგ აჯანყდნენ, შემდეგ თეიმურაზის წარმომადგენლები დაღესტანში ავიდნენ და ლეკების გამოსვლის მოწყობასაც აპირებდნენ. შაჰ აბასი შეშფოთდა და ქართველების დასასჯელად საომარ მზადებას შეუდგა. ამ საქმეში მას დიდი სამსახური გაუწია ოსმალთა ბედოვლათობამ, რომლებიც ერანის საზღვართან იდგნენ, მაგრამ შეჭრას არ ჩქარობდნენ და იგი მომავალი წლისთვის გადადეს.

ერანელებმა 15 000 რჩეული მეომრისგან შემდგარი არმია გამოიყვანეს. სარდლად ალი ყული ხანი დაუნიშნეს და სასწრაფოდ საქართველოსკენ გამოისტუმრეს. ერანელთა ლაშქარმა თბილისი გამოიარა და არაგვზე დადგა, რათა თეიმურაზისთვის დასავლეთისკენ მიმავალი გზა გადაეჭრა. მსტოვრების მეშვეობით, ერანელთა მოძრაობა თეიმურაზისთვის ცნობილი იყო. მან 5–6 000–იანი ლაშქრით არაგვი გადმოლახა, მტრის 15 000–იან ლაშქარს შეუტია და ერთიანად გაანადგურა. ქართველებს უამრავი ტყვე და ალაფი დარჩათ.

ამ ამბავმა შაჰ აბასი კიდევ უფრო გააცოფა. 1616 წელს იგი უზარმაზარი ლაშქრით საქართველოსკენ გამოემართა. გზაზე მას სხვა მაჰმადიანი მებრძოლებიც უერთდებოდნენ.

თბილისში შემოსულმა შაჰმა ქალაქის მმართველად ბაგრატ ხანი (დაუდ ხანის შვილი) დანიშნა, შემდეგ კახეთში შევიდა და იქ დაბანაკდა. მან მთელი თავისი ჯარი რამდენიმე ნაილად გაჰყო და ქვეყნის სხვადასხვა მხარეს შეუსია. თეიმურაზს იმედი ჰქონდა, რომ ოსმალეთის ლაშქარი, რომელიც შემოდგომიდან ერანის საზღვარზე იდგა, გაზაფხულზე ერანში შეიჭრებოდა, მაგრამ მისი იმედი არ გამართლდა. ერანელთა უზარმაზარ ლაშქართან შებმა კი მან ვერ გაბედა და სასწრაფოდ იმერეთში გადავიდა.

უმეთაუროდ დარჩენილი ხალხი საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა. ერანელებმა მათ გზები გადაუკეტეს და გახიზვნის გზები მოუჭრეს. ამასთან, დაღესტნელებს შეუთვალეს, რომ მთებში შეხიზნული კახელები დაუნდობლად გაეჟლიტათ. კახელები მაინც არ იტეხდნენ იხტიბარს. მიუვალ ადგილებში იხიზნებოდნენ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. მაგრამ ეს ამაო თავგანწირვა იყო. მტერი ზედიზედ იღებდა გამაგრებულ ადგილებს, ულმობლად ხოცავდა დამცველებს, ხოლო ვინც გადარჩებოდა, ტყვედ იყვანდა.

სპარსელთა ჯარები ანგრევდნენ და წვავდნენ შენობებს, ჩეხდნენ და ანადგურებდნენ ვენახებს, კულტურულ ნარგავებს და ყველაფერს მიწასთან ასწორებდნენ.

როგორც ჩანს, ოსმალებმა რაღაც მაინც გაბედეს. შაჰს ცნობა მოუვიდა, რომ ოსმალები ერანში შეჭრას აპირებდნენ და იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო.

ქართველთა საუბედუროდ, დიდ დამპყრობლებს სორის ზავი მაინც ჩქარა დამყარდა. აბასმა ამოსუნთქვის საშუალება მიიღო და კვლავ კახეთისთვის მოიცალა.

შაჰის კახეთიდან გასვლისთანავე მხნე კახელები თავის კერებს დაუბრუნდნენ და, შეძლებისდაგვარად, გაცამტვერებულის აღდგენა დაიწყეს. მეტიც, მათ ისიც მოახერხეს, რომ განჯის სახანოს ერთი ნაწილიც ააჯანყეს.

როგორც კი ეს ცნობები შაჰამდე მივიდა (1616 წ.), მან დიდი ლაშქარი გამოიყვანა, სათავეში ტავისი სიძე ისახან ყოჩიბაში ჩაუყენა და კვლავ კახეთის მოსასპობად გამოუშვა. მოსახლეობამ ისევ სამალავებს მიაშურა, თუმცა დიდი თოვლი მათ მცდელობას აფერხებდა.

თავდამსხმელები უპირველესად ქიზიყს დაემუქრნენ, რომლის დამორჩილების აუხდენელი ოცნება გულში ჰქონდათ. ქიზიყელები თავისუფლებას ლომებივით იცავდნენ, მაგრამ უთანასწორობის გამო ბოლოს მაინც დამარცხდნენ.

აქედან ყიზილბაშნი დავით ჯანდიერის და მისი თანამებრძოლებისკენ გაეშურნენ, რომლებიც, დიდი თოვლის მიუხედავად, გადარჩენილი ხალხის გახიზვნას ცდილობდნენ. ათი ათასობით რჩეული ვაჟკაცი ამ დროს მტერმა ტყვედ ჩაიგდო.

თავისი განზრახვის (კახეთის მოსპობის) შესრულება შაჰს ძვირად დაუჯდა. ომი თითქმის მთელი წელი გაგრძელდა. გმირი კახელები არც ერთ გოჯს უომრად და უსისხლოდ არ თმობდნენ. მაგრამ ბოლოს მაინც მტრის სიმრავლემ გადაწყვიტა საქმე.

ამ შემოსევისას კახეთმა მთელი თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა მოკლულთა და დატყვევებულთა სახით.

უმეთაუროდ დარჩენილ კახელებს ახლა ყიზილბაშთაგან წაქეზებული დაღესტნელთა რაზმები შეესივნენ და, რაც ყიზილბაშებს გადაურჩათ, იმასაც ანადგურებდნენ.

კახელი ტყვეები დამპყრობლებმა ერანში ჩაიყვანეს და სხვადასხვა ადგილებში ჩაასახლეს. უმეტესობა უცხო ქვეყანაში თანდათან გადაგვარდა. მხოლოდ ფერეიდანში შეინარჩუნა მათმა მცირე ნაწილმა ქართული ენა, ზნე–ჩვეულება და მეურნეობის მშობლიური ფორმები.

1617 წელს ადრე გაზაფხულზე შაჰ აბასი კვლავ საქართველოსკენ გამოემართა. გადარჩენილი და თავისი სამოსახლოზე დაბრუნებული კახელები კვლავ უმოწყალოდ ჟლიტა, ვინც გადარჩა, დაატყვევა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა თავს გაქცევით. ამის შემდეგ მალე აბასი ერანში დაბრუნდა.

1614–1617 წლებში ერანელები ოთხჯერ შემოესივნენ კახეთს. ყველა შემოსევა ერთმანეთზე ულმობელი და დამანგრეველი იყო. მაშინ დანგრეული არაერთი ქალაქი და სოფელი არასოდეს აღარ აღმდგარა.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ “კახეთის მოთხრით შაჰ აბასი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობდა: საქართველოს წინააღმდეგობა საბოლოოდ უნდა გატეხილიყო, კახეთში ჩამოსახლებული თურქმენები (რაც ყიზილბაშებმა განახორციელეს – მ. ს.) შაჰის ერთგული დასაყრდენი უნდა გამხდარიყვნენ შორეულ კავკასიაში; ერანს გადასახლებული კახელები კი კულტურული სოფლის მეურნეები და საჰის ხელის შემყურე ერთგული მეომრები იქნებოდნენ…”

კახეთი მან ორ ნაწილად გაყო: ივრის აღმოსავლეთი მხარე განჯის მმართველს ფეიქარ ხანს ჩააბარა, დასავლეთი კი – ქართლის მმართველს ბაგრატ ხანს. დაცარიელებულ კახეთში თურქმენების ჩამოსახლება დაიწყეს, ნაოხარ კახურ სოფლებში ლეკებმაც დაიდეს ბინა. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მაინც ცარიელი რჩებოდა და ფეიქარ ხანი იძულებული იყო, კახი ხიზნების დაბრუნებაზეც ეზრუნა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*