კახეთის სამეფოს ურთიერთობა რუსეთთან

კახეთ–რუსეთის XVI საუკუნის 70–იან წლებში შეწყვეტილი ურთიერთობა 80–იან წლებში კვლავ განახლდა. ერან–ოსმალეთის მეორე ომში ოსმალთა გამარჯვებამ და უკანასკნელის გავლენის განუზომელმა ზრდამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის ინტერესებს. დაღესტანსა და შირვანში გაბატონება საფრთხეში აყენებდა რუსეთის ვაჭრობას ერანთან და კავკასიის ხალხებთან. რეგიონში თურქეთის გავლენის შესუსტებას რუსეთი ოსმალეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფი ერანის მხარდაჭერით და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის მოგვარებით ცდილობდა. თავის მხრივ, ეს ხალხებიც დაინტერესებულნი იყვნენ რუსეთთან კავშირით და ამ გზით მათზე თურქეთის გავლენის შესუსტებით. ამგვარი დაინტერესება განსაკუთრებით ძლიერი იყო კახეთში, რომელიც საერთო მართლმადიდებლური კონფესიის გამო, რუსეთის ბუნებრივ მოკავშირედ განიხილებოდა.

ასეთი იყო ფონი, რაზეც კახეთის და რუსეთის ახალი ურთიერთობა უნდა განვითარებულიყო.

იმის გამო, რომ სხვა ქართულ ერთეულებთან შედარებით ახლოს იყო ასტრახანისკენ მიმავალ გზებთან და შაქი–შირვანის მეშვეობით აქტიურად იყო ჩაბმული აბრეშუმის საერთაშორისო ვაჭრობაში, რუსეთთან ურთიერთობის განახლების მოსურნედ და მთავარ ინიციატორად კვლავ კახეთის სამეფო გამოვიდა. მეორე მხრივ, რაკი ასტრახანისკენ მიმავალი გზა დაღესტანსა და ოსმალეთის ვასალ საშამხლოს ტერიტორიაზე გადიოდა, ხოლო დაღესტნელთა თავდასხმები კახეთს ყველაზე მეტად აწუხებდა, მათთან პრობლემის მოგვარება კახეთისათვის მთავარი საკითხი იყო.

ამგვარად, რუსეთის და კახეთის სამეფოს ინტერესები ჩრდილოეთ კავკასიაში გადაიკვეთა.

Feodor_I_of_Russia_-_Project_Gutenberg_eText_20880

რუსეთის მეფე თეოდორე I

1585 წელს მოსკოვის მეფემ თეოდორემ თავისი წარმომადგენლის დანილოვის ხელით ალექსანდრე კახთა მეფეს სიგელი გამოუგზავნა, რომლითაც მფარველობას და კავშირს სთავაზობდა. აღნიშნული წინადადება კახეთის მეფემ სიხარულით მიიღო. იგი თვლიდა, რომ რუსთა დახმარებით წინ აღუდგებოდა თურქ მოძალადეებს, რომლებიც მთელ ამიერკავკასიაში ბატონობდნენ და ამ რეგიონის საბოლოო გამაჰმადიანებას ესწრაფოდნენ.

1586 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრეს ელჩები თეოდორე მეფეს წარუდგნენ რუსთაგან შემოთავაზებული მფარველობაში მიღების თხოვნით. რუსეთს კახეთი ყველა მტრისგან უნდა დაეცვა, თერგზე ციხე აღედგინა და ამ ციხიდან კახეთამდე მიმავალი გზა საკუთრად დაეჭირა. 1587 წელს ალექსანდრე მეფემ მთელი თავისი ოჯახით და დარბაისლობით მოსკოვის მეფის ერთგულებაზე ფიცი მიიღო. 1589 წელს კი მოსკოვის მეფემ მას სიგელი გამოუგზავნა, სადაც გაწერილი იყო ორივე მხარის უფლება–მოვალეობები.

ცოტა მოგვიანებით გამოირკვა, რომ მფარველისთვის მის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულება მეტად რთული იყო. რუსის ჯარმა ვერც დაღესტანი დაიმორჩილა და ვერც თერგი–კახეთის გზა გაჭრა. 1604 წელს რუსეთიდან კახეთში საგანგებო რაზმი გამოგზავნეს , რომელმაც დაღესტნის ჩრდილოეთ ნაწილი დაიპყრო, მაგრამ ამაზე შორს ვერ წავიდა. დაღესტნელებს ოსმალები მიეშველნენ, ისინი 1606 წელს თავს დაესხნენ რუსეთის რაზმს და ერთიანად გაანადგურეს.

რუსეთ–კახეთის ურთიერთობა კარგა ხნით შეწყდა. ამიერკავკასიაში სამფლობელოები გადანაწილდა. კახეთს შაჰ აბასი დაეპატრონა. რუსეთი კი გლეხთა აჯანყებამ მოიცვა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*