კახეთი XVI საუკუნეში

XVI საუკუნის ბოლოს ქართლში ოსმალები გაბატონდნენ. დაშლილ და დანაწევრებულ ქვეყანაში ცალკეული რეგიონების განვითარების პირობები ერთგვაროვანი არ ყოფილა. განვითარების დონეს და ხარისხს განსაზღვრავდა დამპყრობთა მიმართ გატარებული პოლიტიკა, გეოგრაფიული მდებარეობა, უმაღლესი ხელისუფლების პოლიტიკური და გეოგრაფიული მოქნილობა, რაც მთავარია, ხალხის, მწარმოებელი მოსახლეობის, პატრიოტიზმი და თავდადება.

განსახილველ ხანაში კახეთის სამეფო კარი ყველაფერზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებდა. ნაკლებად ზრუნავდა საერთო ქართული პოლიტიკის წარმატებაზე. ცდილობდა, ვასალური დამოკიდებულების აღიარებით დამპყრობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობა შეენარჩუნებინა.

კახეთის მეფე ლევანი ამასიის ზავის შემდეგ ერანის მიმართ ერთგულების დემონსტრაციას აფიქსირებდა.

კახეთის შედარებით დაწინაურებას გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობდა ხელს. მართალია, XV საუკუნის ბოლოს მას აბრეშუმის წარმოებით განთქმული შაქი–შარვანი ჩამოაშორეს, მაგრამ თვით კახეთშიც ეს დარგი საკმაოდ განვითარებული იყო. ამასთან, კახეთის ხელისუფალნი შაქი–შარვანის დაკარგვას არ ეგუებოდნენ და მის დაბრუნებას ესწრაფოდნენ. ჩრდილოეთ კავკასიაში კახეთს არაერთი მოქიშპე ჰყავდა, მაგრამ მათთან პრობლემებს ასე თუ ისე აგვარებდა და სამეფო საერთო დონეს და გარკვეულ ავტორიტეტსაც ინარჩუნებდა.

ასეთ გამორჩეულ პირობებში მყოფი კახეთი XVI საუკუნეში საკმაოდ დაწინაურებულ და მდიდარ სამეფოს წარმოადგენდა. ამ სიმდიდრეს კი განსაზღვრავდა განვითარებული სოფლის მეურნეობა (ღვინო, აბრეშუმი, მესაქონლეობა და სხვა.). კახეთის სოფლის მეურნეობის ნაწარმი მარტო ადგილზე კი არ მოიხმარებოდა, არამედ ფართოდ გაჰქონდათ აზიის მახლობელ თუ შორეულ ქვეყნებში.

კახეთი თავის ვაჭრობით და ხელოსნობითაც გამოირჩეოდა, რაც საფუძველს უდებდა ქალაქების გაძლიერებას და ახალი ქალაქების წარმოშობასაც (ბაზაეი, გრემი).

ხსენებულ ეკონომიკურ აღმავლობას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მმართველების გააზრებული საშინაო პოლიტიკა.

XV საუკუნის მიწურულს კახელმა ხელისუფლებმა მნიშვნელოვანი სამხედრო–პოლიტიკური რეფორმები ჩაატარეს. მათ ფაქტობრივად გააუქმეს სამხედრო–ადმინისტრაციული ერთეულები – საერისთავოები, რომლებიც პარტიკულარიტურ ტენდენციებს ამჟღავნებდნენ და უხალისოდ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.

ისინი ჩაანაცვლეს სამოურავოებით, რომლებიც უფრო მცირე და, ერთდროულად, მრავალრიცხოვან ადმინისტრაციულ ერთეულებს წარმოადგენდნენ. ამასთან, თავის სიმცირის გამო, დამოუკიდებლობისაკენ ნაკლებ სწრაფვას ამჟღავნებდნენ და ცენტრალური ხელისუფლების ერთგულებით გამოირჩეოდნენ. საერისთავოები თავისთავად სამხედრო–პოლიტიკურ ფუნქციას ითავსებდნენ, ისინი ერთდროულად სადროშოებიც იყვნენ და ლაშქრის გამოყვანა ფაქტობრივად მათზე იყო დამოკიდებული, ახლა მათ ეს ფუნქცია ჩამოერთვათ. სამეფოში ჩამოყალიბდა სულ ოთხი ძლიერი სადროშო და, რაც მთავარია, ისინი საერო ხელისუფლებას კი არა, ეპისკოპოსებს ჩააბარეს. ვინაიდან ეპისკოპოსი მემკვიდრეობითი სახელო არ იყო და მათ მეფე ამტკიცებდა, მოისპო მათი სეპარატისტულ მისწრაფებათა გაჩენის საფუძველი და ისინი ცენტრალური ხელისუფლების ერთგულნი რჩებოდნენ.

 

Ivan-Groznyi-Parsuna

რუსეთის მეფე ივანე IV

ამ ხანებში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა კახეთის საგარეო ურთიერთობის სფეროშიც. ამასიის ზავის გაფორმების პარალელურად, კავკასიის ასპარეზზე ახალგაზრდა ცენტრალიზებული, ქრისტიანული რუსეთის სამეფო გამოჩნდა, რომელმაც 1552–1556 წლებში ყაზანის და ასტრახანის სახანოები დაიპყრო და თავისი საზღვრები თერგის შესართავამდე განავრცო. ამან ქართველთა ანტითურქული განწყობილება გააძლიერა და მათ ერთგვარი რწმენა ჩაუნერგა. 1557 წელს რუსეთმა ყაბარდო შეიერთა, რამაც ქართველთა პრორუსულ განწყობილებას მნიშვნელოვანი არგუმენტი შესძინა. 1567 წელს კახეთის მეფემ ლევანმა მოსკოვში ელჩები გააგზავნა და იქიდან დახმარების დაპირება მიიღო, რასაც ჩქარა თერგის და სუნჯის შესართავთან რუსეთის ციხის აშენება და იქ გარნიზონის ჩაყენება მოჰყვა.

რუსეთის ამგვარმა მოქმედებამ თურქეთის მწვავე პროტესტი გამოიწვია. ერანის შაჰიც, მიუხედავად ოსმალეთისადმი მტრული დამოკიდებულებისა, რუსეთის საქციელით უკმაყოფილებას გამოხატავდა. 1571 წელს ოსმალეთის მითითებით ყირიმის ხანმა მოსკოვზე გაილაშქრა და ქალაქის დიდი ნაწილი გადაწვა. რუსეთის საშინაო და საგარეო მდგომარეობა ერთობ დამძიმდა (ბრძოლა ბოიარებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, საომარი მოქმედებები ლივონიაში). ივანე IV მიხვდა, რომ კავკასიაში მისი მოქმედებები ნაჩქარევი იყო. იგი იძულებული გახდა, თერგის ციხესიმაგრე დაენგრია, კახეთის მეფემ კი მასთან მყოფი რუსული რაზმი დაითხოვა.

1574 წელს გარდაიცვალა კახეთის მეფე ლევანი. ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში ალექსანდრემ (1574–1605) გაიმარჯვა, რომელსაც ძლიერი ფეოდალები და ქართლის მეფე დაუთხანიც უჭერდნენ მხარს.

Kakheti-Aleksandri_II

კახეთის მეფე ალექსანდრე II

ალექსანდრე II წინამორბედთა პოლიტიკას აგრძელებდა. იგი თავის სამეფოს მშვიდობას იცავდა არა ძალით, არამედ მორჩილებით და ძღვენით. საერთო ქართული ინტერესები მას იმდენად აფიქრებდა, რამდენადაც ეს საჭირო იყო პოლიტიკურ ერთეულებთან მშვიდობის შენარჩუნებისათვის.

ალექსანდრე მეფე ქვეყანაში ფეოდალური წესრიგის დამყარებასაც ცდილობდა. იგი მკაცრად აკონტროლებდა მოურავების მოქმედებას და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მშრომელი მოსახლეობის ინტერესთა დაცვას ეშურებოდა.

მეფეს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის სამხედრო სიძლიერე მშვიდობის საფუძველია. მას მუდმივ მზადყოფნაში 15 000 რჩეული მოლაშქრე ჰყავდა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეეძლო მისი რიცხვი 30 000–მდე გაეზარდა. მოლაშქრეთა უმრავლესობა ცხენოსანი იყო.

კახეთის ხელისუფლება კარგად გრძნობდა, რომ მისი შეიარაღების მთავარი ხარვეზი ცეცხლსასროლი იარაღის ნაკლებობა იყო. მის ლაშქარში სულ 500 ხელთოფიანი მებრძოლი ირიცხებოდა, ზარბაზნები კი საერთოდ არ ჰქონდათ. ამიტომ ყოველმხრივ ცდილობდა აღნიშნული ნაკლის გამოსწორებას.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*