კერმა – დავიწყებული სამეფო

კერმას სამეფო უძველესი ცივილიზაციის ნაწილია, რომელიც ძვ. წ. 2500–1500 წლებში არსებობდა დღევანდელი სუდანის ჩრდილოეთში. მას წყაროებში მოიხსენიებდნენ, როგორც პირველ ნუბიურ სამეფოს. კერმა ამერიკელმა არქეოლოგმა ჯორჯ რეისნერმა XX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა. ის ჯერ მაღალი კულტურის ნაშთებს გადააწყდა 1913 წელს და სამ წელიწადს სწავლობდა მათ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირას, თანამედროვე ქალაქ კერმას მახლობლად, უძველესი სამეფოს დედაქალაქის აღმოჩენა იყო.

statues-of-napatan-kings-shown-in-the-western-deffusa-museum-at-kerma-the-seven-statues-from-6-or-7-century-bc-were-discovered-in-2003_david-stanley_fanack640

კერმას მმართველთა ქანდაკებები

კერმას უძველეს ქალაქში არაერთ უძველეს და უნიკალურ ნუბიურ ქანდაკებას მიაკვლიეს. პირველი შრე ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება და არქეოლოგიაში პრეკერმული პერიოდის სახელით არის ცნობილი.

ნუბია ისტორიული ოლქია ნილოსის ხეობაში, მდინარის პირველ და მეექვსე ჭორომებს შორის. დღევანდელი საზომით, სამხრეთიდან მას სუდანის დედაქალაქი ხართუმი საზღვრავს, ხოლო ჩრდილოეთიდან – ასუანი ეგვიპტეში.

არსებობდა თუ არა დამწერლობა უძველეს სამეფოში, ამ კითხვის პასუხი ჯერ არ არსებობს. ინფორმაცია კერმას შესახებ ძირითადად ეგვიპტურ წყაროებში მოიპოვება. სამეფოს ისტორიაში გამოიყოფა უძველესი (ძვ. წ. 2500–2050 წწ.), შუა (ძვ. წ. 2050–1750 წწ.) და კლასიკური (ძვ. წ. 1750–1500 წწ.) პერიოდები.

tumblr_inline_nluxozvfwy1t79fgm_500

ნუბიელი მოისარი მეომრები. შეღებილი მერქანი. ფიგურები მე–11 დინასტიის ფარაონის სამარხიდან

შუა პერიოდის კერმას მოსახლეობა განთქმული იყო გამოცდილი მეომრებით და მშვილდოსნებით. მათი ეკონომიკა ვაჭრობაზე, თევზჭერასა და ნადირობაზე იყო დამოკიდებული.

კერმას სამეფოს ოქროს ხანა კლასიკურ პერიოდში დადგა, როცა სუდანის ტერიტორიაზე არსებული საის სამეფო მიიერთა. კერმას მმართველებმა ზოგიერთ ეგვიპტურ ციხეზე მოიპოვეს კონტროლი და ოქროს საბადოები ჩაიგდეს ხელთ. ამ დროს მონუმენტური ნაგებობები აშენდა, რომელიც სამეფოს სიძლიერეს გამოსახავდა.

კერმას სამეფოს აღსასრული ძვ. წ. დაახლოებით 1500 წელს დადგა. ქვეყანა ფარაონმა თუთმოს I–მა დალაშქრა და იგი ეგვიპტის მმართველობას დაუქვემდებარა. თუმცა ეგვიპტელთა წინააღმდეგ აჯანყებები ორ საუკუნეზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

ძვ. წ. XI საუკუნეში კი ძველი კერმის ადგილას ქუშის სამეფო წარმოიქმნა. ის კერმის მემკვიდრე გახლდათ, “უფრო ეგვიპტური” კულტურით, მაგრამ ეგვიპტისგან დამოუკიდებელი. ქუშის სამეფომ დაახლოებით 800 წელიწადს იარსება. ის ახ. წ. III საუკუნეში დაიპყრო და საბოლოოდ დაინარჩუნა ძველ ეთიოპიელთა აქსუმის სამეფომ.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის ფარაონების 25–ე დინასტია ქუშიდან იყო, სხვაგვარად მათ ნუბიურ დინასტიასაც უწოდებენ. ისინი ეგვიპტეს ძვ. წ. 760–656 წლების პერიოდში მართავდნენ.

kingdom-of-kerma-1300

ქალაქ კერმას ნაშთები

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*