კვინტესენცია

ბნელი ენერგიის სხვა მოდელის ავტორები უშვებენ, რომ არსებობს განზიდვის ძალთა გარკვეული ველი. ძველი ბერძნების მსგავსად, ისინი მას უწოდებენ კვინტესენციას, ე. ი. გულისხმობენ, რომ კვინტესენცია ისეთსავე ფუნდამენტურ როლს ასრულებს, როგორსაც ძირითადი ოთხი ურთიერთქმედება, რომლებიც მართავენ ჩვენს სამყაროს: გრავიტაციული, ბირთვული, ელექტრომაგნიტური, და სუსტი. (კვინტესენცია – quinta essentia – ლათინური ტერმინია და “მეხუთე არსს” ნიშნავს. ანტიკურ ფილოსოფიაში მისი შესატყვისია ეთერი. ხოლო დანარჩენი ოთხი, ძველი ბერძნების აზრით, ეს არის მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი). აღსანიშნავია, რომ კვინტესენცია, ისევე როგორც კოსმოლოგიური მუდმივა, არ არის განპირობებული რაიმე ფიზიკური მოვლენებით. იგი უბრალოდ პოსტულირდება, როგორც ბნელი ენერგიის წყარო. გარდა ამისა, კოსმოლოგიური მუდმივას მსგავსად, მისი ენერგიის სიმკვრივე უზომოდ მცირეა. მაგრამ კოსმოლოგიური მუდმივასგან განსხვავებით, კვინტესენცია დინამიურია, ანუ იცვლება მატერიასთან ურთიერთქმედებისას. ასეთი თვისებები მიანიჭეს მას მისმა ავტორებმა.

საინტერესოა, რომ ასეთი თვისებების ენერგიის წყარო, რომელიც დიდ მანძილზე განაპირობებს განზიდვის ძალებს, მართლაც შეიძლება არსებობდეს. კერძოდ, იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ე. წ. ფარულ განზომილებებთან.

ამრიგად ჩვენ განვიხილავთ ბნელი ენერგიის ორ ჰიპოთეზას: კოსმოლოგიური მუდმივა (ვაკუუმის ენერგია) და კვინტესენცია. ორივე შემთხვევაში სამყარო უსასრულოდ ფართოვდება. ვინაიდან კოსმოლოგიური მუდმივათი გამოწვეული გაფარტოება ძალიან სწრაფია, კოსმოსური ისტორია ამ შემთხვევაში დასრულებულია. პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკები და გალაქტიკების გროვები არის სამყაროს განვითარების პიკი. შემდგომ სამყარო ისე გაფართოვდება, რომ ახალი, უფრო დიდი წარმონაქმნების შექმნა შეუძლებელი გახდება. მეორე მხრივ, კვინტესენციის შემთხვევაში, გაფართოება მიმდინარეობს შედარებით ნელა და ამიტომ სამყაროს ისტორია ფაქტობრივად ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

შესაძლებელია დადგინდეს, თუ რომელი ვარიანტი ამოირჩია ბუნებამ, მაგრამ ჯერჯერობით სამეცნიერო დანადგარების გაზომვის სიზუსტე საკმარისი არ არის საჭირო დაკვირვების ჩასატარებლად. კოსმოლოგები იმედს ამყარებენ მომავლის ხელსაწყოებზე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*