კლიმატის საბედისწერო ცვლილება ეგვიპტის ბნელ პერიოდში

ეგვიპტის ძველი სამეფოს დედოფლის, ფარაონ ნეფერეფრას მეუღლისა და ფარაონ მენკაუჰორის დედის, ხენტკაუს III–ის 4 600 წლის წინანდელი სამარხი არქეოლოგებმა ახლახანს გათხარეს. საძვალე კაიროდან სამხრეთ–დასავლეთით, აბუ–სირის ნეკროპოლისში მდებარეობს.

429602-2968f536-944a-11e4-a068-35e4e5c4fad4

დედოფალი მეუღლისგან 198 მეტრის მოშორებით იყო დაკრძალული

მასალების წინასწარი შესწავლის შემდეგ, ექსპედიციის წევრთაგან ერთ–ერთმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეგვიპტის ძველი სამეფო ისეთივე პრობლემების წინაშე იდგა, რომელთა მსგავსი დღესაც დგას. კერძოდ, იგულისხმება პოლიტიკური დაძაბულობა და კლიმატური ცვლილებები.

დედოფალი მეუღლისგან 198 მეტრის მოშორებით იყო დაკრძალული. მისი საფლავის კედელზე კი ამოტვიფრული იყო წარწერა “დედა დედოფალი”. სამარხში მიაკვლიეს ოცდაათამდე არტეფაქტს. მათ შორის თიხის ჭურჭელს, ხისა და სპილენძის ნაკეთობებს, ასევე ცხოველის ძვლებს.

სწორედ ყველაფერი ეს ერთად იძლევა შესაძლებლობას, აღდგეს სურათი, როგორ ცხოვრობდა ფარაონ ნეფერეფრას (მართავდა ძველ სამეფოს ძვ. წ. 2460–2458 წლებში) მეუღლე და როგორ გარდაიცვალა.

მიროსლავ ბარტა, ჩეხეთის ეგვიპტოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი: “ამ სამარხმა ძველი სამეფოს ისტორიის ბნელ პერიოდს მოჰფინა ნათელი. დედოფალი მაშინ დაუკრძალავთ, როცა ძველი სამეფოსთვის პრობლემები იწყებოდა და ისედაც არასტაბილური მმართველებისთვის ნეპოტიზმი დიდ საფრთხეს ქმნიდა. ათასობით წლის წინანდელი სიტუაცია ჩვენთვის გამაფრთხილებელი უნდა იყოს, რადგან მომხდარი კატასტროფის შემდეგ სამეფო მალევე დაინგრა. ყოველთვის გვგონია, რომ ჩვენს შემთხვევაში სხვაგვარად იქნება და ჩვენ სხვებისგან განვსხვავდებით, მაგრამ ეს ასე არ არის”.

პროფესორი ბარტა ფიქრობს, რომ კლიმატურმა ცვლილებებმა დიდი როლი შეასრულეს ძველი სამეფოს დაცემაში. ხენტკაუს III-ის გარდაცვალებიდან მალევე, გვალვებისა და ნალექის შემცირების გამო, ნილოსზე წყალდიდობები შეწყდა და მიწა გაპარტახდა. წყლის ნაკლებობის გამო მოსავლიანობამ იკლო და ხალხს გადასახადების გადახდა აღარ შეეძლო, რაც ნიშნავდა, რომ აღარ არსებობდა საკმარისი თანხა სახელმწიფო აპარატის შესანარჩუნებლად. პროფესორი ბარტა ფიქრობს, რომ სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა პირამიდების ეპოქის დასრულებაც.

ჩეხი პროფესორის თეორიას აძლიერებს 2014 წელს კორნელის უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ უძველეს ეგვიპტურ სარკოფაგებში ნაპოვნი სამი ბეჭდის ანალიზის შედეგებიც, რომლებიც დაახლოებით 4 000 წლის წინანდელია. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რეგიონში კლიმატი მოულოდნელად შეიცვალა.

ეს შეიძლება იყოს ერთ–ერთი პასუხი მრავალწლიან დებატებზე, რამ გამოიწვია 3 000 წელიწადზე მეტი ხნის წინ ცივილიზაციის ნგრევა. სხვა თეორიების მიხედვით, ძველი სამეფოს დაცემის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ომები, შიმშილი და სნეულებები.

ექსპერტები აგრძელებენ კვლევებს იმის დასადგენად, რა ასაკში გარდაიცვალა დედოფალი და იტანჯებოდა თუ არა იგი რომელიმე დაავადებისგან.

წყარო – ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*