კომაგენის უთავო ღმერთები

თურქეთში, სამხრეთ ანატოლიაში არსებულ ტავრის მთებში, ადამიანის პროვინციაში მდებარეობს 2134 მეტრის სიმაღლის ნემრუტის მთა (ნემრუთ–დაღი), რომლის მწვერვალზე კომაგენის მეფე ანტიოქოს I-მა ძვ. წ. 62 წელს თავისთვის განსასვენებლის აშენება დაიწყო. ნაგებობა უზარმაზარი ქანდაკებებით იყო შემკული.

კომაგენის სამეფო თავდაპირველად პატარა სირიულ–ხეთური ქვეყანა იყო, რომელიც ასურელებმა ძვ. წ. 708 წელს დაიპყრეს. შემდგომ საუკუნეებში შედიოდა აქემენიანთა, ალექსანდრე მაკედონელისა და სელევკიდების იმპერიებში. ძვ. წ. 190 წელს სელევკიდების იმპერია რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს მაგნეზიასთან ბრძოლაში, რითაც იმპერიის დაშლა დაიწყო. სელევკიდების ადგილობრივმა სატრაპმა პტოლემეოსმა კომაგენის სამეფო ძვ. წ. 163 წელს აღადგინა და მან ახ. წ. 17 წლამდე იარსება. შემდეგ სამეფო მცირე ხანს რომის დაქვემდებარებაში იყო და საბოლოოდ, ახ. წ. 72 წელს, რომის პროვინცია სირიას შეუერთა.

მას შემდეგ, რაც პტოლემეოსის (რომელიც მეფე დარიოს I-ის შთამომავლებისა და ერვანდიდების სომხური დინასტიის წარმომადგენელი იყო) მემკვიდრემ სირიელ–ბერძენი პრინცესა შეირთო, კომაგენის სამეფოს ბერძნული კულტურის გავლენა დაეტყო, ვიდრე სპარსულის. რომს, პართიას, სირიასა და სომხეთს შორის მოქცეული კომაგენის მრავალეთნიკური და მულტიკულტურული სამეფო, რომელსაც ახლო კავშირი ჰქონდა სომხეთის მმართველ ორონტიდებთან, ელინისტური და რომაული კულტურის შერწყმის რეგიონი გახდა. ანტიოქოს I თეოსი ანუ ანტიოქოს ერვანდუნი მეფობდა ძვ. წ. 86–38 წლებში და ატარებდა სხვადასხვა კულტურათა თანაარსებობის პოლიტიკას.

განსასვენებელი კომპლექსის ცენტრი წარმოადგენს მწვერვალის თხემზე ქვებით აგებულ ყორღანს, რომლის სიღრმეში აკლდამაა ანტიოქოს I-ის ნეშტით. კლდე, რომელზეც ყორღანია, 49,8 მეტრი სიმაღლისაა, მისი ფუძის სიგანე 152 მეტრს აღწევს. სამი მხრიდან კლდე მოსაზღვრულია დიდი ტერასებით, რომელთა წინ სხვადასხვა ზომის, მათ შორის უზარმაზარი – დაახლოებით 8–9 მეტრის სიმაღლის ქანდაკებებია. მათ შორის არის თავად ანტიოქოსის, კომაგენეს მფარველი ღვთაების, ორი ლომის, ორი არწივის, ასევე ბერძნული, სომხური, მიდიური ღმერთების – ზევსი–ორომაზდის, აპოლონ–მიტრასა და ჰერკულეს–ვაჰაგნის ფიგურები.

ეს ფიგურები ოდესღაც მჯდომარე ქანდაკებები იყო, მათზე თითოეული ღმერთის სახელი იყო ამოკვეთილი. თუმცა ხატმბრძოლობის პერიოდში ქანდაკებებს თავები მოაცილეს და დააზიანეს, განსაკუთრებით ცხვირები. ქანდაკებებს ძირითადად ბერძნული სახის ნაკვთები და სომხური სამოსი და ვარცხნილობა აქვს. მათი ბოლომდე აღდგენა ჯერ ვერ მოხერხდა. შედარებით უკეთ არის გადარჩენილი ბარელიეფების ფილები, რომლებიც ადრე ერთ დიდ ფრიზს ქმნიდა. ამ ფილებზე გამოსახულია ანტიოქოსის სომეხი, ბერძენი და სპარსი წინაპრებიც.

დასავლეთის ტერასა მოიცავს დიდ ფილას ლომით. ფილაზე გამოსახულია ვარსკვლავებისა და პლანეტების – იუპიტერის, მერკურის, მარსის განლაგება და ეს კომპოზიცია შეესაბამება ძვ. წ. 62 წლის 7 ივლისის ცის რუკას, რაც, სავარაუდოდ, განსასვენებელი კომპლექსის მშენებლობის დასაწყისი უნდა იყოს.

მწვერვალზე არსებული არქეოლოგიური ძეგლები 1987 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. აქაური ქანდაკებები ეპიზოდურად ჩანს ფილმ “სამსარას” კადრებში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*