კომეტა ATLAS-ი მზეს უახლოვდება. ის ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე კაშკაშა გახდება

თუ კომეტა პერიჰელიუმს გადალახავს, ჩვენ მას შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ.

მრავალი წელია ასტრონომები ელოდებიან, რომ დედამიწას ახლოს ჩაუვლის კაშკაშა კომეტა, რომელსაც შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ. როგორც ჩანს, ეს მომენტი მალე დადგება.

კომეტა ATLAS-ი, იგივე C/2019 Y4 2019 წლის 28 დეკემბერს აღმოაჩინეს. ჰავაის კუნძულების და NASA-ს მიერ დაფინანსებული ორი ტელესკოპისგან შემდგარი პროექტი დედამიწისთვის შესაძლო, საშიში ციური ობიექტების შესასწავლად არის მიმართული.

როცა ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს C/2019 Y4, ის საკმაოდ მკრთალი ობიექტი იყო. ის 398 000-ჯერ სუსტია, ვიდრე ვარსკვლავი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით დანახვის ზღვარზეა. იმ დროს კომეტა მზიდან 439 მილიონი კილომეტრის დაშორებით იყო.

ასტრონომების პროგნოზით, ATLAS-ი პერიჰელიუმს 31 მაისს გადალახავს და მზეს 37,8 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდება. მისი სიკაშკაშე ამ დროს 11 ვარსკვლავური სიდიდე იქნება. ამ შემთხვევაში მისი დანახვა სუსტი ტელესკოპით ან კარგი ბინოკლითაც იქნება შესაძლებელი. მაგრამ 17 მარტს ATLAS-ს 8,5 ვარსკვლავური სიდიდე ჰქონდა, ანუ, 600-ჯერ მეტი, ვიდრე მოელოდნენ.

ასტრონომებისთვის ოპტიმიზმის კიდევ ერთი საფუძველი არის ის, რომ ATLAS-ის ორბიტა 1844 წლის დიდი კომეტის ორბიტის იდენტურია.

მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ XIX საუკუნეში გამოჩენილი კომეტა შედარებით უფრო დიდი კომეტის ნაწილი იყო, რომელიც შორეულ წარსულში დაიშალა. მისი ნაწილები შეიძლება იყოს 1844 წლის ე.წ. დიდი კომეტა და ATLAS-იც. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ATLAS-მა შეიძლება მოლოდინი არ გაამართლოს. ის გრძელპერიოდიანი კომეტების ტიპს ეკუთვნის – მათ მზესთან მიახლოებისას განადგურების დიდი შანსი აქვთ.

სწორედ ასე დაემართა კომეტა C/2012 S1 (ISON), რომელიც XXI საუკუნის ყველაზე კაშკაშა კომეტა შეიძლება გამხდარიყო, მაგრამ პერიჰელიუმის გადალახვისას დაიშალა. XXI საუკუნის ყველაზე კაშკაშა ობიექტი კომეტა C/2006 P1 (მაკნოტი) იყო, მაგრამ ის მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩანდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ ATLAS-ი მზესთან მიახლოებას გაუძლებს, მისი სიკაშკაშე ცაზე ვენერას სიკაშკაშეს გაუთანაბრდება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*