კორსიკის ბიბლიოთეკაში ისააკ ნიუტონის იშვიათი წიგნი აღმოაჩინეს

ზედა თაროზე შემოდებულ წიგნებს შორის აღმოჩენილია მეცნიერის ნაშრომი: “ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები”.

ნაშრომი ფეშას ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს. XVIII საუკუნის გამოცემა ნაპოლეონის ძმის, ლუსიენ ბონაპარტეს მიერ შედგენილი მაჩვენებლის დახმარებით იპოვეს. ლუსიენ ბონაპარტე ბიბლიოთეკის მფლობელის, კარდინალ ჟოზეფ ფეშის ნათესავი იყო. თვითონ ბიბლიოთეკა ფეშმა ქალაქ აიაჩოს უანდერძა და დღეს იგი მუზეუმის კომპლექსში შედის. წიგნი მთავარ დარბაზში იყო და ზედა თაროზე იყო მიმალული.

ბიბლიოთეკის დირექტორი და წიგნის აღმომჩენი ვანინა შირინსკი-შიხმატოვა თვლის, რომ ეს ნაშრომი თანამედროვე მათემატიკის ქვაკუთხედი და “წმინდა გრაალია”.

ნიუტონის ნაშრომი პირველად 1687 წელს გამოქვეყნდა ლათინურ ენაზე. სწორედ ამ წიგნში ჩამოაყალიბა ნიუტონმა მსოფლიო მიზიდულობის კანონი და მოძრაობის სამი კანონი, რომლებიც კლასიკური მექანიკის საფუძვლებს წარმოადგენენ.

ცნობილი ფიზიკოსი სერგეი ვავილოვი წერდა: “ბუნებისმეტყველების ისტორიაში ამაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არ მომხდარა, ვიდრე ნიუტონის “საწყისების” გაჩენა”.

მოგვიანებით გაჩნდა თარგმანები ინგლისურ ენაზეც. მაგრამ ორიგინალი გამოცემები დიდ ფასეულობას წარმოადგენს კოლექციონერებისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ 400 ეგზემპლარი გამოიცა.

ერთ-ერთი მათგანი 2016 წელს კრისტის აუქციონზე 3,7 მილიონ დოლარად გაიყიდა. აიაჩოს ბიბლიოთეკაში მეორე მსგავსი ეგზემპლარი ინახება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*