კოსმოსიდან დანახული ვიკინგების საგა

უძველესი ხელნაწერები მოგვითხრობენ ჟღალთმიან ვიკინგის ისტორიას, რომელიც სამშობლოდან მკვლელობის გამო გააძევეს. ის დიდხანს მიცურავდა, ყინულოვანი კუნძულების გასწვრივ. ერიკ წითური გრენლანდიაში დასახლდა. მისი შვილები მამის კვალს გაჰყვნენ და ერთ–ერთი მათგანი, ლეიფ ერიკსონი მიადგა მიწას, რომელსაც საგაში “ვინლენდი” ჰქვია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეპოსში მოხსენიებული მიწები თანამედროვე კანადისა და აშშ–ის ჩრდილოეთ შტატების ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო. ახლა კი ირკვევა, რომ ეს ვარაუდი შესაძლოა უკვე არქეოლოგიური მტკიცებულებებითაც გამყარდეს. ამაში მეცნიერებს კოსმოსიდან თანამგზავრის დახმარებით წარმართული კვლევა დაეხმარება.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ნიუფაუნდლენდში, ტერიტორიაზე, რომელიც პოინტ–როუზის სახელითაა ცნობილი, გაზომვებმა მიწისქვეშა სტრუქტურების არსებობა გამოავლინა. დაზვერვითი სამუშაოებისას კი აქ მიწის კედლები, კერიისა და რკინის მადნის კვალი აღმოაჩინეს. ეს იმ ადამიანების ნასახლარი იყო, რომელთაც რკინის დამუშავება იცოდნენ.

მანამდე იყო 1960 წლის აღმოჩენა იქ, სადაც ათასწლოვანი ზღვისპირა დასახლება ლანს’ო მედოუზია. 56 წლის წინ აქ ნორვეგიულ ნივთებს მიაკვლიეს.

რაც შეეხება პოინტ–როუზს, რადიოკარბონულმა ანალიზმა აჩვენა, რომ დასახლება ამერიკაში ვიკინგების გამოჩენის პერიოდს განეკუთვნება. ალაბამას უნივერსიტეტის უმცროსი მკვლევარი, კოსმოსური არქეოლოგიის სპეციალისტი სარა პარსაკი თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე იმ ადგილებს განსაზღვრავს, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების თვალსაზრისით შესაძლოა პერსპექტიული იყოს. ის აცხადებს, რომ პოინტ–როუზში აღმოჩენილი კედლები ნორვეგიელთა მსგავსი ტექნოლოგიითაა აგებული. ამას გარდა X-XI საუკუნეებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ვიკინგებისგან განსხვავებით, რკინის დამუშავება არ იცოდნენ.

სარა პარსაკი, ალაბამას უნივერსიტეტის მკვლევარი: “ეს ან ახალი კულტურაა, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით და ძალიან ჰგავს ნორვეგიულს, ან ეს ყველაზე დასავლეთით მდებარე სკანდინავიელთა სამყოფელია, რომლის შესახებაც ასევე არაფერი ვიცით, ეს ადგილი უბრალოდ, მოითხოვს, რომ გამოიკვლიონ”.

სარა პარსაკის მიგნებამ მეცნიერთა ყურადღება უკვე დაიმსახურა, თუმცა ტერიტორიის სრულფასოვანი გათხრები ზაფხულში დაიწყება.

ეგვიპტური სიძველეების ამავე ტექნოლოგიით ძიების გამო სარამ უკვე მიიღო პრემია, მილიონი დოლარი ფონდ TED–ისგან. ახლა კი, მაგნიტომეტრით მიღებული მონაცემების დამუშავებისას, ის ვიკინგებზე ფილმის მოსამზადებლად აგროვებს მასალებს.

1280px-Authentic_Viking_recreation

ვიკინგების დასახლება ლანს’ო მედოუზში

 

Dr Sarah Parcak in Point Rosee

სარა პარსაკი პორტ–როუზში

 

Leif-Erikson-Discovering-America-by-Christian-Krohg-est.-£150000-250000

ლეიფ ერიკსონის მიერ ამერიკის აღმოჩენა. კრისტიან კროგი, 1893 წ.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*